"ნამატჩევს, მე და რაფამ ვილაპარაკეთ" - ფანტასტ(ნ)იკ ბასილაშვილი (ექსკლუზივი)
16-09-2018
"ნამატჩევს, მე და რაფამ ვილაპარაკეთ" -  ფანტასტ(ნ)იკ ბასილაშვილი (ექსკლუზივი)
არც ინტერვიუს მიცემა უყვარს და არც - ბევრი ლაპარაკი. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგაც მოკლე კომენტარებით შემოიფარგლა. ეს მაშინ, როცა გამარჯვების მიუხედავად, რაფაელ ნადალმა ქართველის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა - ბასილაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშაო! მართლაც ფანტასტ(ნ)იკურ ფორმაშია და მსოფლიო რეიტინგშიც მისთვის სარეკორდო - 31-ე საფეხურზე! ასე რომ, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებებს თვალს ადევნებთ, აუცილებლად დაგაინტერესებთ საქართველოს პირველ ჩოგანთან ექსკლუზიური ინტერვიუ. წაიკითხეთ - როდის ჰქონდა მთელი სხეულის სპაზმი, რა უთხრა ლეგენდარულმა ესპანელმა მატჩის
შემდეგ და რას გეგმავს წლის ბოლომდე:

- მთლიანობაში, აშშ-ის ღია პირველობაზე ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ - აქამდე, "დიდი სლემის" ტურნირებზე არასდროს დამიძლევია სამი წრე. ნადალთან თამაშსაც წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ. სიმართლე გითხრათ, რაფასთან მატჩის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ მქონდა გამარჯვების გარკვეული შანსები, ამიტომ, წაგებით უკმაყოფილო დავრჩი. თუმცა,
ეს მარცხი აუცილებლად დამეხმარება, რათა მომავალში უკეთ ვითამაშო "დიდი სლემის" ტურნირების ცენტრალურ კორტებზე.

- Us Open-ის დაწყებამდე, პირველივე შეხვედრები წააგე კიცბუელშიც და უინსტონ-სალემშიც. რა იყო ამის მიზეზი?
- კიცბუელის ტურნირში მონაწილეობა არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ განაცხადი მქონდა გაკეთებული და ავსტრიაში აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი. ისე ვიყავი გადაღლილი, ჯერეს წინააღმდეგ დაბალ დონეზე თამაში არც გამკვირვებია. რაც შეეხება უინსტონ-სალემს, ბერეტინი ძლიერი ჩოგბურთელია, თანაც, ქვიშის საფარიდან ჰარდზე ბოლომდე ადაპტირება ვერ მოვასწარი და 7:5, 6:3 დავმარცხდი. საერთოდაც, უინსტონ-სალემს აშშ-ის ღია პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდი და გამომადგა კიდეც ფიზიკური კონდიციის აღსადგენად.

- შედეგად, Us Open-ზე დამაჯერებლად მოიგე სამი თამაში, მხოლოდ ბედენესთან დაგჭირდა 5 სეტიანი მატჩის გამართვა...
- სლოვენიელთან შეხვედრამ აჩვენა, როგორი მებრძოლი ხასიათის გამოვლენა შემიძლია ხოლმე. მეორე სეტიდან მქონდა კუნთების სრული სპაზმი, თუმცა, მაინც მოვახერხე გამარჯვება! ნიუ-იორკში იმ დღეს ისეთი სიცხე და ტენიანობა იყო, რვა ჩოგბურთელი მოიხსნა გათამაშებიდან. თამაშის აგრესიულ სტილის გამო, მეტოქეებთან შედარებით, კორტზე მეტი მოძრაობა მიწევს. ასეთ კლიმატურ პირობებში კი კუნთების დაჭიმვა ისედაც ხშირია და ბედენესთან მატჩის მეორე სეტიდან, ბოლომდე სპაზმით ვითამაშე. როცა შევატყვე, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, მეოთხე სეტი შეგნებულად დავუთმე სლოვენიელს და მთელი აქცენტი გადამწყვეტ, მეხუთე სეტზე გავაკეთე.

- სტრატეგიამ აშკარად გაამართლა!
- შეხვედრის დასრულების შემდეგ, უზომოდ ამაყი ვიყავი, რადგან, მეორე სეტიდან, ფაქტობრივად, "ფეხების გარეშე" ვთამაშობდი. მოგვიანებით, ექვსი საათი გავატარე ექიმებთან: დამეწყო ყველა კუნთის სპაზმი - ფეხის თითებიდან ხელების ჩათვლით, ყველა კუნთი დაჭიმული მქონდა, ორი ნემსი გავიკეთე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კლინიკაში გადაყვანაზეც ვფიქრობდით, რადგან ბევრი სითხის დაკარგვას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. საბედნიეროდ, ეს საჭირო აღარ გახდა, რადგან სამედიცინო პროცედურების შემდეგ, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაუჩერებლად ვიარე და შედარებით უკეთ ვგრძნობდი თავს. მაგრად იმუშავა ჩემმა ფიზიოთერაპევტმაც - ერთ დღეში მოვახერხეთ ფიზიკური კონდიციების აღდგენა და მომდევნო მატჩში პრობლემა აღარ მქონია.

- მილმანთან წაგების შემდეგ, ფედერერმაც თქვა - გაუსაძლისი სიცხის გამო, სუნთქვის პრობლემა მქონდა და იმიტომ დავმარცხდიო...
- სუნთქვა მეც მიჭირდა. წლევანდელი ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და ტენიანია აშშ-ის ისტორიაში და თამაშიც განსაკუთრებულად რთული იყო... მოკლედ, ბედენესთან გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჯეკ სოკს, ამერიკელთან შეხვედრის წინაც ვფიქრობდი, რომ უნდა მომეგო. თამაშის დროს, რამდენჯერმე შევცვალე ტაქტიკა და იმ მატჩითაც კმაყოფილი დავრჩი.

- მერე იყო გუიდო პელა: არგენტინელთან თამაშისას, ძალაუნებურად ფიქრობდი მომდევნო მეტოქე ნადალზე?
- პელა კარგად თამაშობდა დაცვაში, თუმცა, მის წინააღმდეგაც თავდაჯერებული გავედი და პრობლემები არ მქონია. ნადალი? ტურნირის ბადის დადებისთანავე ვიფიქრე, რომ თუ კარგად ვითამაშებდი, შეიძლებოდა რაფას წინააღმდეგაც მეთამაშა. მაგრამ ამაზე ფიქრს ხელი არ შეუშლია - კონკრეტულ მატჩებზე, თითოეული გეიმის და სეტის მოგებაზე ვიყავი კონცენტრირებული.

- მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ფაქტობრივად, უშანსოდ დათმე საწყისი ორი სეტი. ეს მღელვარების ბრალი იყო?
- მატჩის დაწყებამდე, ბუნებრივია, ცოტათი ვინერვიულე. მაგრამ კორტზე უკვე "დალაგებული", მობილიზებული გავედი, ვიცოდი როგორ მეთამაშა და დაბნეულობა არ ყოფილა. ეგაა, პირველივე სეტში არ უნდა დამეთმო იოლი ბრეიკი, თანაც, ძალიან ბევრი ბურთი ჩავარდა ზედ ხაზთან, რაფაც ჩინებულად თამაშობდა, ერთი იოლი ბურთიც კი არ მოუცია ჩემთვის... მოკლედ, საწყისი სეტები "ჩემი" არ იყო. მესამე სეტში კი ტაქტიკა შევცვალე, უფრო ახლოს დავდექი ხაზთან და ალღოც ავუღე ესპანელის თამაშს. როგორც ჩანს, "გრუნტის მეფეც" დაიღალა, მეც კარგად ვითამაშე და მესამე სეტის მოგება ამ ყველფარის დამსახურებაა.

- იმ წუთას, დაიჯერე, რომ მატჩის მოგებაც შეგეძლო?
- ის შეხვედრაც ძალიან მაღალი ტენიანობის პირობებში გაიმართა - ხუთჯერ მომიწია ფორმის გამოცვლა, მთლიანად სველი ვიყავი და ცხადია, ბევრი ენერგიაც დავხარჯე, რაც თამაშსაც დაეტყო. პირველი გეიმი რომ არ წამეგო, მეოთხე სეტის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ კუნთები უკვე ძალიან მქონდა გადაღლილი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა... გული იმაზე მწყდება, რომ როცა რაფას თამაშის სტილსაც მივხვდი და იმ სტრატეგიასაც, როგორ მეთამაშა მის წინააღმდეგ, ენერგია აღარ მეყო, თორემ თავისუფლად შემეძლო არამხოლოდ სეტის, მთელი მატჩის მოგებაც. ჩემი გუნდის მიზანიც ესაა - "დიდი სლემის" ტურნირების თითოეულ მატჩში ხუთი სეტის ბოლომდე სათამაშოდ ვიყო მზად!

- "არტურ ეშის" სახელობის კორტზე (Us Open-ის მთავარი კორტი 24-ათასამდე მაყურებელს იტევს. - რ.შ.) პირველად ითამაშე. დროდადრო, ტრიბუნიდან ქართული შეძახილებიც ისმოდა.
- "არტურ ეშზე" თამაში დიდი პატივი და სიამოვნებაა. რაც შეეხება შეძახილებს, ჩაწოდების წინ, შეიძლება, უარყოფითად ემოქმედა, მაგრამ საერთო ჯამში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. თანაც - არამხოლოდ ქართველებისგან! იმ მატჩმა ძალიან მასიამოვნა.

- სეტის მოგება ემოციურად აღნიშნე...
- Us Open-ზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირველი მატჩის მოგება. ბედენესთან შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. სლოვენიელთან დრამატული გამარჯვება ისე გამიხარდა, იქიდან გამოყოლილი ემოცია ნადალთან მოგებული სეტის აღნიშვნაშიც "გავურიე", თორემ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთან სეტის მოგებამაც ძალიან გამახარა.

- ნამატჩევს, რაფამ რამდენჯერმე თქვა - ბასილაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშაო!
- მთლიანი მატჩი არ ჩამიტარებია მაღალ დონეზე. მაგრამ როცა გამომდიოდა ის თამაში, რაც უნდა მეთამაშა, მოვიგე კიდეც სეტი! როდესაც მატჩი გავაანალიზე, მივხვდი, რომ არაერთ ეპიზოდში, გაცილებით უკეთ შემეძლო თამაში. ცენტრალურ კორტზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალ თამაშებში, ისე კი, წაგებით კმაყოფილებას არცერთ სახეობაში მივესალმები! ჩემთვის უფრო ფასეულია სუსტ მეტოქესთან იოლი გამარჯვება, ვიდრე უძლიერეს მეტოქესთან წაგება! არც მესმის, რას ნიშნავს ცნება "მოგების ტოლფასი"... წაგებით მეც და ჩემი გუნდიც უკმაყოფილო ვიყავით, მაგრამ ზოგჯერ, წაგებისგან მეტს სწავლობ, ვიდრე გამარჯვებისგან.

- პირადად რა გითხრა ნადალმა, კორტის გარდა კიდევ შეხვდით?
- დიახ, გასახდელში მივულოცეთ გამარჯვება, მისმა გუნდმა კი ჩვენ შეგვაქო კარგი თამაშისთვის. მე და რაფამაც ვილაპარაკეთ. ხაზგასმით აღნიშნა - ფიზიკური თამაში იყოო.

- ბასილაშვილის უძლიერესი დარტყმის გაკონტროლება ძალიან რთულიაო - ნადალისნაირი დარტყმის პატრონისგან ამის მოსმენა დიდი კომპლიმენტია!
- რაფას საოცარი დარტყმა აქვს და მისი ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დიახ, უკვე დიდი ხანია, მეც ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა მაქვს ATP-ტურში, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, ბოლომდე ვერ ვიყენებდი ამ უპირატესობას. ნადალთანაც ბევრჯერ ვერ გამოვიყენე პოტენციალი სრულად, მაგრამ მომავალ თამაშებში აღარ მექნება ასეთი დაძაბულობა.

- ნიუ-იორკის ცენტრალური კორტის ტრიბუნებიდან არაერთი ქართველი გქომაგობდა. მათ შორის ზაზა ფაჩულია, მიხეილ სააკაშვილი და სხვ. თამაშის შემდეგ ნახე გულშემატკივრები?
- ნამატჩევს, ძალიან დიდხანს ვრჩები ხოლმე გასახდელში, ზაზა კი აეროპორტში ჩქარობდა. ასე რომ, არავინ მინახავს. თუმცა ის, რომ ზაზა ჩემს საგულშემატკივროდ იყო ტრიბუნაზე, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ფაჩულია საქართველოს და ქართული სპორტის ნამდვილი ელჩია და ძალიან მიხაროდა, ჩემს გვერდით რომ იყო...

- საინტერესოა, დაახლოებით რამდენი რჩებათ ჩოგბურთელებს მოგებული საპრიზო თანხიდან? სხვადასხვა ხარჯის გარდა, როგორც ვიცი, "წილს" ტურნირის მასპინძელ ქვეყანასაც უტოვებთ...
- ჩოგბურთელები დაახლოებით 30%-ით იბეგრებიან ყველა ტურნირზე. გარდა ამისა, მყავს ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული მწვრთნელი, ასევე - ფიზიოთერაპევტი, სტატისტიკოსი და ანალიტიკოსი, რომელთაც მთლიანად მე ვაფინანსებ. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ჩოგბურთელები თვითონ უზრუნველყოფენ თავიანთი გუნდების წევრების ხელფასების, სასტუმროსა თუ კვების ხარჯებს და ტურნირებზე გამომუშავებული თანხების დიდი ნაწილიც სწორედ ამაში იხარჯება.

- Us Open-ზე, ფედერერი მილმანთან დამარცხდა, ქალთა ფინალში კი, ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსს მოუგო! ასეთი სენსაციები შენთვისაც სტიმული უნდა იყოს.
- ფედერერი უკვე 37 წლისაა, უწინდებურად ვეღარ თამაშობს და მისი წაგება არ გამკვირვებია. საერთოდაც, ჩოგბურთელებს როჯერის დამარცხება ფსიქოლოგიურად უფრო უჭირთ, ვიდრე თამაშით. რთულია დაჯერება, რომ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდის დამარცხება შესაძლებელია. თუმცა მილმანმაც დაამტკიცა, რომ ტოპ-50-ს მიღმა მყოფ ჩოგბურთელებსაც კი შეუძლიათ "მხიარული როჯერისთვის" კონკურენციის გაწევა და დამარცხებაც. ჩოგბურთში სენსაციები აუცილებლად მოხდება, რადგან სპორტის ეს სახეობა უკვე ძალიან განვითარდა. მოთამაშეები სწორად უდგებიან საქმეს - წინათ, შეიძლებოდა, ზოგიერთ ჩოგბურთელს სისტემატურად დაერღვია რეჟიმი, ან ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო ვარჯიში და მაინც მოეგო, ახლა, ასეთი რამ წარმოუდგენელია! საერთო დონე ძალიან გათანაბრდა, კონკურენცია კი გაიზარდა. დღეს, ჯერ კიდევ არიან აშკარა ფავორიტები - ნადალი, ფედერერი, ჯოკოვიჩი, დელ პოტრო და სხვ. მაგრამ, ჩემი აზრით, უახლოეს წლებში საერთო დონე კიდევ უფრო გათანაბრდება და ასე აშკარად გამოკვეთილი ლიდერები აღარ იქნებიან.

- ბოლოს, უახლოეს გეგმებზეც გვითხარი.
- 17 სექტემბრიდან ჩავერთვები მეცის ტურნირში, სადაც შარშან ნახევრფინალში გავედი და ქულების დაცვა მიწევს. შემდეგ დაიწყება ჩინეთის ტურნირები - ჩენგდუ, ბეიჯინგი და შანხაის მასტერსი. მარცხენა მაჯაზე მცირე პრობლემა მქონდა, ამიტომ, ჩემი გუნდის მიზანია, სეზონი ტრავმის გარეშე ჩავამთავროთ. ვეცდები, წლის ბოლომდე ATP-ს ერთი ტიტული მაინც მოვიგო, რეიტინგი კი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია.

(სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით