მესხს ფეხდაფეხ მისდევდა მოსკოველ მცველთა მთელი ამალა - ქართული ფეხბურთის "ოქროს მატჩი" - კვირის პალიტრა

მესხს ფეხდაფეხ მისდევდა მოსკოველ მცველთა მთელი ამალა - ქართული ფეხბურთის "ოქროს მატჩი"

პირველი ყველაფერი დაუვიწყარია. ასეა თბილისის "დინამოს" პირველი ჩემპიონობაც. 1964 წელს, ტაშკენტის "ოქროს მატჩში" ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა მოსკოვის "ტორპედოს" ძლევით ისტორიაში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.

ზოგჯერ რა ადვილად იტყვის კაცის ენა რამეს და რა ძნელი გასაკეთებელია ის. ასე იყო "დინამოს" შემთხვევაშიც: ჩვენი გუნდი იქამდეც არაერთხელ იყო ახლოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლებთან, მაგრამ არ გამივიდა. მიზაზი მარტივი საპოვნელია: პატარა საქართველოს დიდი რუსეთისათვის არ უნდა ეჯობნა.

სიმართლე უნდა ვთქვა: ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის გახსენება გვარიანად რთული გამოდგა. თავი არ დამიზოგავს, ამოვქექე ძველი მასალები ინტერნეტიდან და ვიყავი ბიბლიოთეკაშიც. რა თქმა უნდა, იმ ძველი ამბების სრულად გახსენევბა რაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ საინტერესო მასალები კი არის.

ძალიან დამეხმარა ქართული სპორტული მემატიანეს, გაზეთ "ლელოს" ძველი ნომერბი. პატარა ლირიული გადახვევა: წაიკითხავ ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის კორიფეების, მიხეილ კაკაბაძისა და ბიჭიკო ქორქიას რეპორტაჟებს ტაშკენტიდან და არ შეიძლება, გული არ აგიჩქროლდეს, რომ შენც ცდილობ, ღირსეულად იარო მათ ნაკვალევზე...

მოკლედ, შევეცადოთ, მასქიმალური სიზუსტით აღვიდგინოთ უზბეკეთის დედაქალაქში წლების წინ განვითარებული ამბები, რომლებიც "ოქროს ასოებით წერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

გადავწყვიტეთ, მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანოთ წერილი, რომელიც ჩვენ ბევრისმნახველ გაზეთში 1964 წლის 19 ნოემბერს. მისი ავტრები არიან ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებიქართული სპორტული ჟურნალისტიკის ვარსკვლავები, მიხეილ კაკაბაძე და ბიჭიკო ქორქია.

"მატჩის დაწყების დრო ამ დღეს ერთ პირობით ხასისათს ატარებდა. თამაშამდე 3 საათით ადრე სტადიონისაკენ მიმავალი გზები ხალხის ულევი ნაკადით იყო სავსე.

თვით სტადიონის ვეება ჯამი თამაშის მოლოდინში ღელავდა და ბობოქრობდა. აი, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გაიშალა ტრანსპარანტი: "დინამო" - ხოლოდ გამარჯვება"! თითქოს ამის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გამოფენილი ლოზუნგი "ტორპედოს" გამარჯვებას ნატრობდა. ამდაგვარი თვითნაკეთი პლაკატები, ლოზუნგები, საჰაერო ბუშტებზე გამობმული წარწერები მართლაც სოკოებივით ამოდიოდნენ ხალხით გადატენილი ტრიბუნებიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ძალთა შეფარდება აშკარად დინამოელთა მხარეზე იყო.

მატჩის დაწყებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, აჟიოტაჟმა კი უმაღლეს წერტილს მიაღწია. "პახტაკორის" სტადიონი ამ დღეს სანახევროდ ჩვენი "დინამოს" სტადიონს მოაგონებდა კაცს. თბილისის გუნდს ჰყავდა არა მარტო საქართველოდან ჩამოსული უამრავი (დაახლოებით 5 ათასამდე) ქომაგი, არამედ ძალიან ბევრი ადგილობრივი გულშემატკივარი.

მატჩის არბიტრს მ. რუბენისსა და მის თანაშემწეებს მინდორზე ფოტორეპორტიორთა და კინოოპერატორთა ვეება არმია დახვდათ. გუნდების გამოჩენისას ტრიბუნებზე გრიგალივით გადაიარა ტაშმა და შეძახილებმა. კაპიტნებმა გაითამაშეს მხარეები, მოთამაშეები მინდორზე განლაგდნენ და ბარქაიამ ბურთი

თამაშში შეიყვანა.

ეს მატჩი - კონკრეტული მატჩი ოქროს მედლებისათვის, შეუძლებელია სპორტსმენთა ნერვიულობის გარეშე დაწყებულიყო. და უნდა ითქვას, რომ თბილისელები ამ მხრივ მეტოქეებზე მეტად სცოდავდნენ. ამით უმალ ისარგებლეს გუნდის ლიდერებმა ივანოვმა და ვორონინმა. მრავალ ბრძოლებში გამობრძმედილმა ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ სწორედ ახლა, ამ მღვრიე წყალში შეიძლებოდა "თევზის დაჭერა". მათ ტონი მისცეს თავიანთი გუნდის თამაშს და "ტორპედოც" მთელი ძალით ამოქმედდა.

ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენი გუნდისთვის. ნახევარდაცვის ხაზი არ ჩანდა, უმოქმედობდა ორივე ფლანგი და მთელმა ტაიმმა ისე განვლო, რომ მესხს თამაშში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. "დინამო" მოქმედებდა შებორკილად და უინიციატივოდ. ჩვენი სწრაფი, ცოცხალი, ტემპიანი გუნდი მოშვებულ ზამბარას ჰგავდა. მადლობა მცველებს, რომლებმაც თავს იდვეს ესოდენ მძიმე ტვირთი.

მადლობა კოტრიკაძეს, რომელმაც ამ უაღრესად ნერვულ, მძიმე და მწვავე სიტუაციაში ბრწყინვალე ოსტატობა გამოამჟღავნა. მაყურებლები ერთ ხანს გაოგნებულნი უყურებდნენ მინდორზე შექმნილ სურათს. თანდათან გამოჩნდნენ პირველი "მოღალატეები", რომლებმაც იწყეს დინამოელთა რიგების მიტოვება და "ტორპედოს" ბანაკში გადაბარგდნენ.

ძნელია ყველა იმ მომენტის აღწერა, რომელიც ჩვენს მოედანზე შეიქმნა. მაგრამ როცა 21-ე წუთზე შჩერბაკოვის თავით ძლიერად დარტყმული ბურთი კარისკენ წავიდა, ხსნა თითქოს აღარ იყო და სწორედ ამ დროს ბურთი ძელს მოხვდა. ამას მოყვა სერგეევის გარღვევა, შემდეგ სოლოვიოვის კარში დარტყმა, ვორონინის ღრმარეიდი... გაგრძელება