ახალი ნა-ომი დედოფლობისთვის - კვირის პალიტრა

ახალი ნა-ომი დედოფლობისთვის

ნაომი ვიცით, ოსაკაც, მაგრამ დღეს არც იამაიკური წარმოშობის ბრიტანელ მოდელზე ვლაპარაკობთ და არც იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქზე. Us Open-ის მთავარ სენსაცია ნაომი ოსაკაზე მოგიყვებით. 20 წლის იაპონელმა აშშ-ის ღია პირველობაზე გამართული 15 სეტიდან მხოლოდ ერთი(!) წააგო, ერთმანეთს მიაყოლა ზიგმუნდი, გლუშკო, სასნოვიჩი, საბალენკა, ცურენკო და კიზი, ფინალში კი 2:0 დაამარცხა სერენა უილიამსი და გახდა პირველი იაპონელი, ვისაც ერთეულთა თანრიგში "დიდი სლემის" ტურნირი მოუგია! აშშ-ის ღია პირველობის დამაჯერებელი მოგებით 20 წლის შავტუხა იაპონელი მსოფლიო რეიტინგის მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა და ყველას აჩვენა, რომ ჩოგბურთის დედოფლობისთვის გაჩაღებულ ომს კიდევ ერთი პრეტენდენტი შეემატა!

ჰაიტ(ელი) იაპონელი

"სუფთა სისხლის იაპონელი რომ არ არის, ნაომის ვიზუალურადაც აშკარად ეტყობა. დედამისი - ტამაკი ოსაკა ნამდვილად "ამომავალი მზის ქვეყნის შვილია, მამა კი, ლეონარდ ფრანსუა, - ჰაიტელი. როგორც ხედავთ, ნაომი დედის გვარით ასპარეზობს. არადა, როდესაც ჩოგბურთელის ბაბუამ მისი შვილისა და ფერადკანიანი მამაკაცის ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ტამაკისთან ურთიერთობა გაწყვიტა და ათი წლის განმავლობაში აღარ ელაპარაკებოდა. Us Open-ის მომავალი ჩემპიონი სამი წლისა იყო, როდესაც მისი მშობლები აშშ-ში, კერძოდ, ფლორიდაში გადაბარგდნენ. ასე რომ, ნაომის ორმაგი მოქალაქეობა აქვს - იაპონიის და აშშ-ის, თუმცა ამერიკის სახელით არასდროს უთამაშია. ლეონარდ ფრანსუამ გადაწყვიტა, რომ მისი გოგონასთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ დედის ისტორიული სამშობლოს სახელით იასპარეზებდა.

"როდესაც იაპონიაში ჩავდივარ, იქაურები შეცბუნებული მიყურებენ - ჩემი გვარის მოსმენის შემდეგ, არ ელიან, რომ შავკანიანს დაინახავენ", - თქვა ოსაკამ 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში. ნაომის ჰყავს უფროსი დაც, მარი, რომელიც ასევე ჩოგბურთელია, თუმცა ერთეულთა თანრიგის რეიტინგში მესამე ასეულს არასდროს ჩამოსცილებია. წინათ დები წყვილთა თანრიგშიც თამაშობდნენ ერთად...

პირველი

ჩოგბურთის ისტორიაში ოსაკა პირველი იაპონელია, ვინც ერთეულთა თანრიგში "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. აქამდე ამომავალი მზის ქვეყნის" წარმომადგენელთა საუკეთესო შედეგი "სლემის" ტურნირების ნახევარფინალი იყო: კიმიკო დატემ გათამაშების ამ სტადიას სამჯერ უწია: Australian Open-ზე (1994 წელს), "როლან-გაროსა" (1995) და "უიმბლდონზე" (1996). მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს კეი ნიშიკორის, რომელმაც 2014 წელს Us Open-ის ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ნაომი ოსაკა აშშ-ის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია 2006 წლის შემდეგ, როცა ტურნირის ჩემპიონი 19 წლის მარია შარაპოვა გახდა.

კარიერა

პროფესიული კარიერა ოსაკამ 2012 წელს დაიწყო და აშშ-ის ღია პირველობაზე წლევანდელ ტრიუმფამდე ინდიან-უელსის ტურნირზე გაჩემპიონება და ტოკიოს ტურნირის (2016 წელს) ფინალში გასვლაც მოასწრო. ყველაზე მეტად ჰარდის საფარზე თამაში უყვარს და ეს მის შედეგებზეც აისახება: "დიახ, სწორედ ჰარდია ჩემი საყვარელი საფარი. გრუნტი? - არა! ბალახი ნორმალურია, ჰარდი კი, ჩემი სიყვარული", - ამბობს ჩოგბურთის ახალი ვარსკვლავი. დარტყმებიდან ყველაზე მეტად"ფორჰენდი უყვარს, ბავშვობის კერპი სერენა უილიამსი კი ახლახან დაამარცხა. არც მალავს, რომ ბავშვობაში კედლები სერენას პლაკატებით ჰქონდა სავსე. ასე რომ, უმცროსი უილიამსის დამარცხება მისთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა: "ნამატჩევს სერენამ მითხრა, რომ ჩემით ამაყობს! ამ სიტყვების მოსმენა ძალიან გამიხარდა. თამაშის დასრულებიდან დაჯილდოების ცერემონიალამდე გამარჯვებულის სიტყვას ვიზუთხავდი და უნდა ვაღიარო, ასეთი სიტყვების წარმოთქმაში არც ისე ძლიერი ვარ", - გულწრფელი იყო იაპონელი უილიამსთან ფინალზე ლაპარაკისას.

შეგახსენებთ, რომ სერენას წყალობით, Us Open-ის ფინალიც და დაჯილდოებაც სკანდალის თანხლებით წარიმართა: აშშ-ის ღია პირველობის ექვსგზის ჩემპიონმა ფინალის პორტუგალიელი მსაჯი კარლოს რამოსი სექსიზმში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ორჯერ დააჯარიმა არასპორტული ქცევისთვის. გარდა ამისა, უილიამსმა მსაჯს "მატყუარა" და "ქურდიც" უწოდა.

ახალი ცხოვრება

"ამერიკული ტრიუმფის შემდეგ, პირველად ვიყავი სტუმრად სატელევიზიო შოუში. შეგრძნება განსხვავებულიც არის და ფანტასტიკურიც, მაგრამ მგონია, რომ თანდათან მივეჩვევი "მეიჯორის" ჩემპიონის სტატუსს, - თქვა ტელეშოუ Eლლენ-ის ეთერში სტუმრად მყოფმა ნაომიმ, - ჯერ არ ვიცი, შეიცვლება თუ არა რამე ჩემს ცხოვრებაში. არა მგონია, ტიტულის მოგების შემდეგ განსაკუთრებულად შევიცვალო. ჭამა ძალიან მიყვარს და მინდა"ფასტ-ფუდის ჭამის შესაძლებლობა მქონდეს, რა თქმა უნდა, ნაყინისაც... გარდა ამისა, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლებაც მინდა მოვიპოვო, რადგან Adidas-ი მონაწილეებისთვის ულამაზეს კაბებს კერავს".

სხვათა შორის, ნაომის უკვე უთამაშია და გაუმარჯვია კიდეც წლის შემაჯამებელ ტურნირში. 2015 წელს, როცა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია WTA ამომავალი ვარსკვლავების ტურნირს შემაჯამებელი ტურნირის ეგიდით ატარებდა. იმ ტურნირის მონაწილეები WTA -ს ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ და ფინალურ შეხვედრაში 18 წლის ოსაკამ ფრანგ კაროლინ გარსიას აჯობა.

მამა

თავის დროზე, იაპონელმა სიმამრმა კი დაიწუნა, მაგრამ ჩოგბურთელის მამას, ლეონარდ ფრანსუას, შვილიც ძალიან უყვარს და მისი საქმიანობაც. მეტიც, ისე ძალიან ნერვიულობს, რომ შვილის თამაშებს ვერც კი ესწრება. როდესაც ნაომის ჰკითხეს, მამათქვენი ასე ნერვიულობის გამო იქცევა თუ ეს რაიმე ცრურწმენასთან არის დაკავშირებული, რას აკეთებს ხოლმე თქვენი თამაშის დროსო, 20 წლის ჩოგბურთელმა უპასუხა:

- ვერ გეტყვით. ალბათ, ჯობს, მამას GoPro დავუმაგრო და ჩანაწერზე ვნახო, რას აკეთებს (იცინის). ვფიქრობ, უბრალოდ, სეირნობს, რადგან ჩემი მატჩების დროს ძალიან ნერვიულობს. ინდიან-უელსის შემდეგ, ჩემს ვარჯიშებს ესწრება ხოლმე, მაგრამ ლოჟაში ვერასდროს ნახავთ!

- უკვე მოიფიქრეთ, რაში დახარჯავთ პრიზის სახით მოგებულ დიდ თანხას (Us Open-ის ფინალში გამარჯვებისთვის ოსაკამ 3,8 მილიონი დოლარი მიიღო. - ავტ.)? - არა. არ მიყვარს საკუთარი თავისთვის ბევრი ფულის ხარჯვა. ჩემთვის უმთავრესი ჩემი ოჯახის ბედნიერებაა! ახლა, როგორც იქნა, მე და ჩემი და შევძლებთ ტოკიოში გამგზავრებას.

- როგორ გეგმავთ გამარჯვების აღნიშვნას? - დავიძინებ. სიმართლე გითხრათ, წვეულებები დიდად არ მიყვარს. სავარაუდოდ, საღამოს ვიდეოთამაშებით გავერთობი.

- ალკოჰოლური სასმელი გაგისინჯავთ? - არა. მე ხომ მხოლოდ 20 წლის ვარ!