კისრულით წამოღებული ოქრო - კვირის პალიტრა

კისრულით წამოღებული ოქრო

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ ძიუდოს ისევ ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენს მეზობლად გამართული წლის მთავარი ტურნირიც (გუნდურ ასპარეზობას არ ვგულისხმობ) ქართული ჰიმნით დასრულდა!

ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის გარეშე ნაწილ-ნაწილ ჩასულმა და ნაწილობრივ მომზადებულმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, საერთო ჯამში, იმაზე კარგი შედეგი აჩვენა, რასაც ველოდით. ვიცით, რომ ამ (უმეტეს) შემთხვევაში ეს ინდივიდუალური გამონათებების დამსახურება უფროა, ვიდრე მზადების ან მწვრთნელის (რომელიც ჯერაც არ გვყავს!) მუშაობის შედეგი, მაგრამ ვიმეორებ - იმ ფონზე, რაც ქართულ ძიუდოში ბოლო თვეებში ხდება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო განსაკუთრებულად ფასობს!

მედლები მოვიპოვეთ ყველაზე მსუბუქ და ყველაზე მძიმე წონით კატეგორიებში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ისევ ცოტა დააკლდა ვარლამ ლიპარტელიანს, მაგრამ მთავარია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ ძიუდოს ისევ ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენს მეზობლად გამართული წლის მთავარი ტურნირიც (გუნდურ ასპარეზობას არ ვგულისხმობ) ქართული ჰიმნით დასრულდა!

მშვიდობ(აძ)იანი დასაწყისი

საქართველოს ნაკრებმა მედლების ათვლა პირველივე დღიდან დაიწყო და გვეგონა, ასევე წარმატებით გაგრძელდებოდა, მაგრამ... უმჩატეს, 60 კგ წონით კატეგორიაში ორი მონაწილე გვყავდა - ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ლუხუმის მაქსიმუმი მერვედფინალი გამოდგა, სადაც იაპონელ ნაგაიამასთან დამარცხდა, პაპინაშვილმა კი ნახევარფინალში იწვნია მეტისმეტად დასანანი მარცხი რობერტ მშვიდობაძესთან და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. არადა, ნახევარფინალამდე ნაჭიდავები ოთხი შეხვედრიდან ამირანმა სამი იპონით მოიგო, ორი მეტოქე კი სულაც 20 წამში(!) გაუყენა სახლის გზას. პრინციპში, აზერბაიჯანელი ორჰან საფაროვი ისედაც სამშობლოში იყო და შორს წასვლა არ დასჭირვებია, მაგრამ გამოცდილ მასპინძელთან უსწრაფესმა იპონმა მაინც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა.

მეოთხედფინალში პაპინაშვილმა ვაზარით მოუგო ბრაზილიელ ტაკაბატაკეს, ნახევარფინალში კი... ამირანი ფინალში გადასასვლელ შეხვედრაშიც ვაზარის იგებდა რუსეთის სახელით მოჭიდავე მშვიდობაძესთან, მაგრამ ბოლომდე "მშვიდობიანად" მაინც ვერ მიიყვანა საქმე და ძირითადი დროს დასრულებამდე 13 წამით ადრე(!) მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა. დამატებით დროში ამირანმა კიდევ ერთი გდება გაუშვა და ფინალში მშვიდობაძე გავიდა...

დასანანი მარცხის მიუხედავად, ამირანს კონცენტრაცია არ დაუკარგავს და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მასპინძელ ჰუსეინოვს ვაზარით აჯობა.

ბექას ბაქო? არ გამოვიდა

ბექა ღვინიაშვილი თავისი წონითი კატეგორიის (90 კგ) ერთ-ერთი ფავორიტია და იმედი გვქონდა, "ტაისონა" ბაქოშიც მედლისთვის იბრძოლებდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბექას და ავთანდილ ჭრიკიშვილს შორის""გათამაშებული" მსოფლიოს საგზური ღვინიაშვილს დარჩა. სამწუხაროა, რომ ვერაფერში გამოიყენა –- პირველივე შეხვედრაში წააგო გერმანელ ედუარდ ტრიპელთან! ჯერ მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატიც არ დაგვვიწყებოდა და ბექამ წელსაც იგივე გაიმეორა - იმედი ტურნირის სტარტზევე ჩაგვიყარა წყალში... თუმცა ამ ყველაფერმა იქნებ არგოს კიდეც ღვინიაშვილს, გაითავისოს, რომ მისი ნიჭისა და ჯანის პატრონს მეტი მოეთხოვება - არა მხოლოდ ვარჯიში, დაკვირვებაცა და დაღვინებაც! ტრიპელთანაც უფრო სიჩქარის გამო წააგო - შეტევის წამოწყება მოუმზადებლად სცადა და ილეთის დასრულებას ვინ ჩივის, თავად დაეცა ბეჭებზე...

მოკლედ, ბექას ბაქო არ გამოვიდა. სამწუხაროდ, არც ლაშას, ზებედას, ვაჟას, უშანგის... არადა, ლაშა შავდათუაშვილს (73) ბაქოშივე შეეძლო გამხდარიყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, ვისაც ოლიმპიადაც მოუგია, მსოფლიოც და ევროპის ჩემპიონატიც, მაგრამ... სამწუხაროდ, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალამდეც ვერ მივიდა - მეოთხედფინალი 13 წამში წააგო ირანელ მოჰამადისთან და ვეღარც რეპეშაჟში ივარგა...

მანამდე თავისი წილი იმედგაცრუება არც ვაჟა მარგველაშვილმა (66) დაგვამადლა და ბაქოში მხოლოდ ბენინელი აუგუსტ დაგას დამარცხება მოასწრო, მესამე წრეში კი გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა. პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან წააგო ზებედა რეხვიაშვილმა (81), მერვედფინალში დამარცხდა უშანგი მარგიანიც (90).

ლიპოს ტრადიციული რამდენიმედღიანი უიღბლობის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენც გავიხარეთ - კოლექცია მორიგი ვერცხლის მედლით შეავსო ვარლამ ლიპარტელიანმა (100). ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯერ კიდევ ბაქოში გამგზავრებამდე ამბობდა, რომ სასურველ კონდიციაში არ იყო (მიზეზი ყველას მოეხსენება), თუმცა აზერბაიჯანის დედაქალაქში ისე იჭიდავა, ნანატრი ოქრო ლიპოსთვის სწორედაც ალალი გახლდათ. სამწუხაროდ, ბოლო თვეების კვალი ვარლამს გადამწყვეტ ორთაბრძოლაში დაეტყო - კორეელი გუ ჰამ ჩოს წინააღმდეგ გამართული ფინალის (რომლის ძირითადი და დამატებითი დროც, ჯამში, რვა წუთამდე გაიწელა!) ბოლოს ლიპოს ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ დაეცა კიდეც ვაზარზე, რომელმაც ჩოს ოქრო, ვარლამს კი მორიგი ვერცხლი და სევდანარევი სიხარული მოუტანა.

სევდანარევი, რადგან ბოლო წლებია, ვარლამ ლიპარტელიანს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდება დიდ ტურნირებზე გასაჩემპიონებლად. უმედლოდ თითქმის არასდროს ბრუნდება, მაგრამ ვერცხლი და ბრინჯაო ვერა და ვერ"გადაადნო ოქროდ. ამის გამო ხშირად უწოდებენ უიღბლო მოჭიდავეს, მაგრამ წლებია, ლიპო ფინალებს აგებს და მხოლოდ უიღბლობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე...

გადამწყვეტ შეხვედრამდე კი წელსაც დამაჯერებლად მივიდა: პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიყოლებით აჯობა ფრანგ ალექსანდრე იდირს (ვაზარი), მასპინძელთა ჯილა ელმარ გასიმოვს (იპონი დამატებით დროში), ეგვიპტელ რამადან დარვიშს (იპონი), ნახევარფინალის ბოლო წამებზე კი მონღოლი ოგტონბაარ ლხაგვასურენიც ლიპო(ნი)ს გზას გაუყენა და ფინალში გავიდა. ფინალზე კი უკვე ვთქვით - ძირითადის შემდეგ დამატებითი დროც იმდენ ხანს გაიწელა, სანამ დაქანცულმა ლიპარტელიანმა შეცდომა არ დაუშვა.

კაპიტნისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის!

ბაქოს მო-თუშული ტატამი

ბრინჯაო, ვერცხლი და... ოქროს დროც იყო, შანსიც და შემსრულებელიც - მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა თავისზე გაცილებით მძიმეებიც "ასწია" და ნანატრი ოქროც!

ტედი რინერის არყოფნაში თუში მძიმე წონის მთავარი ფავორიტი იყო და სტატუსიც გაამართლა და ჩვენი იმედიც. მის ნიჭსა და შესაძლებლობებზე ლაპარაკს აღარ მოვყვებით, მაგრამ ბაქოში მაინც ახლებური თუშიშვილი ვნახეთ - გაცილებით აქტიურიც და "დაღვინებულიც". გურამის მთავარი ილეთი ამ ტურნირზეც მისი საყვარელი კისრული"გახლდათ, თუმცა საჭირო მომენტებში არც სხვა ილეთებზე უთქვამს უარი.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ნაბიჯ-ნაბიჯ შეუყვა კვარცხლბეკის ოქროს საფეხურისკენ მიმავალ გზას: მიჯრით მოცელა რუმინელი და უკრაინელი გოლიათები, მეოთხედფინალში სამჯერ მოუგო ჰოლანდიელ როი მეიერს (ძირითად დროში ორჯერ დააგდო ვაზარზე, მაგრამ მსაჯებმა ორივეჯერ გაუუქმეს, სანამ დამატებით დროში არ დააიპონა), ნახევარფინალშიც სუფთად აჯობა უძლიერეს მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს და გავიდა ფინალში, სადაც აზერბაიჯანელი უშანგი კოკაური ელოდა. კოკაური ისეთივე "აზერბაიჯანელია", როგორი "ესპანელიც" ნიკოლოზ შერაზადიშვილია (ნიკა გახდა პირველი "ესპანელი", რომელსაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მოუგია!), მაგრამ დღეს ეს ქართველები სხვა ქვეყნის დროშით ასპარეზობენ (რატომ და როდემდე, ეს ცალკე საკითხია) და ცხადია, წარმატებასაც ვუსურვებთ, ოღონდ არა ქართველების წინააღმდეგ შეხვედრებში. წლებია, უტა კოკაური აზერბაიჯანის სახელით ჭიდაობს, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია, "შინაურ" კედლებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თვალწინ კი განსაკუთრებით მოინდომა და შედეგს მიაღწია კიდეც. ცხადია, მასაც და აზერბაიჯანელებსაც ოქრო ერჩივნათ, მაგრამ ალალად ვთქვათ - მსოფლიო ჩემპიონატზე ვერც ვერცხლის მედალს დაიწუნებენ!

თუშის შემტევი სტილით ჭიდაობა უყვარს და გამოსდის კიდეც, ოღონდ ფინალში შედარებით ფრთხილობდა და თითქოს უფრო ინერტულიც ჩანდა, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც შეასრულა - ძირითადი დროის ამოწურვამდე წამებით ადრე კოკაურს"მუხრან ბატონივით ჩაუხტა და საყვარელი კისრულით ისე წამოიღო, ვაზარ/იპონის გაუქმების მოყვარულმა მსაჯებმაც ვეღარაფერი გააწყვეს...

თუ ასე გააგრძელა, კოკაურის "კოკაც მოიტანს წყალს" და ქართველის გარდა, უტას მოგება ყველასთან გაგვიხარდება. მაგრამ მოდი, ახლა ჩვენი სიხარულისა ვთქვათ: მძიმე წონაში, არც ისე მძიმედ, მაგრამ ნამდვილად დამსახურებულად მოგებული ჩემპიონობისა!

თუში მეცხვარეცა გვყავს და ჩემპიონიც!

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ქართული კისრულითა და ჰიმნით დაასრულა და გახდა მეექვსე ჩვენებური, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუგია!

ქართული ძიუდოს პრობლემებს ერთი ტიტული რას გასწვდება, მაგრამ ახლა ის დროა, როცა სიხარულის უფლებაცა გვაქვს და საბაბიც!