"დაპატიჟებულ სტუმრებს რას უზამდნენ? ამდგარან და სიძე-პატარძლის გარეშეც მშვენივრად მოულხენიათ" - ქორწილი... სიძე-პატარძლის გარეშე - კვირის პალიტრა

"დაპატიჟებულ სტუმრებს რას უზამდნენ? ამდგარან და სიძე-პატარძლის გარეშეც მშვენივრად მოულხენიათ" - ქორწილი... სიძე-პატარძლის გარეშე

1934 წელს ჩამოყალიბდა თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა გუნდი - ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962) და ფინალისტი (1960), ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალისტი (1969), საბჭოთა კავშირის ოთხ-ოთხგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954, 1968), ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, საკავშირო თასის სამგზის (1949, 1950, 1969) მფლობელი.

1968 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ორი თბილისიდან - "დინამო" და სპი (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი). შეჯიბრების მონაწილეებმა ოთხ წრედ 44 მატჩი გამართეს. დინამოელებმა 31 შეხვედრა მოიგეს და 13 პაექრობა დათმეს, მოაგროვეს 75 ქულა (3275:3063) და ჩემპიონობა მოიპოვეს. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, კიეველი და არმიელი კალათბურთელები გავიდნენ.

იმ წელიწადს ლევან ინწკირველის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდნენ ვალერი ალთაბაევი, ბონდო ბოლქვაძე, ანტონ კაზანჯიანი, ზურაბ ქარაბაკი, მიხეილ ქორქია, ანზორ ლეჟავა, ზურაბ ლეონტიევი (ბარბაქაძე), სერგო მაღალაშვილი, რევაზ მამალაძე, ვაჟა ნარიმანიძე, ლევან მოსეშვილი, თენგიზ ფიცხელაური, ამირან სხიერელი, ვლადიმერ უგრეხელიძე, თამაზ ჩიხლაძე. დინამოელთა წარმატებებში დიდი წვლილი შეჰქონდა გუნდის ყველაზე ტანმაღალ მოთამაშე ანზორ ლეჟავას...

გასული საუკუნის 90-იან წლებში გაზეთმა "ლელომ" ახალი რუბრიკა შემოიღო - "გვახსოვხართ, ჩემპიონებო!" სპორტის ცნობილი ჟურნალისტის - ნოდარ გუგუშვილის რჩევით, მორიგ რესპონდენტად თბილისის "დინამოს" სახელოვანი კალათბურთელი ანზორ ლეჟავა შევიგულე. დავურეკე და ინტერვიუ ვთხოვე.

- როცა ვთამაშობდი, მაშინ არ შევუწუხებივარ კორესპონდენტებს და ახლა ჩემი თავი რამ გაგახსენათ? - მომესმა ყურმილში.

- წინამორბედების შეცდომა უნდა გამოვასწორო! - პირი მოვწმინდე კოლეგებს.

გურამ მინაშვილი უცნობ დეტალებს იხსენებს... როგორ სძლია \'დინამომ\' \'რეალს\' ჩემპიონთა თასის ფინალში

ქორწილი... სიძე-პატარძლის გარეშე

ორი დღის შემდეგ შინ ვეწვიე. ბატონი ანზორი მაშინ ცუდად იყო, მაგრამ ჩემთვის წამითაც არ უგრძნობინებია, რომ დიდხანს ჯდომა და საუბარი უჭირდა. თანაგუნდელებისგან ვიცოდი მისი ენამახვილობის ამბავი, ამიტომ არ გამკვირვებია, ცხოვრებისეული ეპიზოდების გახსენება კურიოზით რომ დაიწყო.

- ცოლი რომ შევირთე, ქორწილის გადახდა მშობლიურ ქოლობანში გადავწყვიტე. დეკემბერი იყო. შაბათს ნაშუადღევს მოთეთრებული თბილისიდან "ესკორტით" დასავლეთისკენ გავემგზავრეთ. გორიდან უკვე ხვავრიელად თოვდა. რიკოთის უღელტეხილზე გადასვლა ვერ შევძელით. იძულებული გავხდი, მაყრიონითურთ მოსკოვის მატარებელს გავყოლოდი. ბედი არ გინდა? სამტრედიაში შესვლამდე დენი გამოირთო. ბევრი წვალების შემდეგ კვირა დილით, როგორც იქნა, ქოლობანშიც ჩავაღწიეთ. ჩვენებს გაუგიათ, რომ დიდთოვლობის გამო ვერ ჩამოვდიოდით, მაგრამ დაპატიჟებულ სტუმრებს რას უზამდნენ? ამდგარან და სიძე-პატარძლის გარეშეც მშვენივრად მოულხენიათ. გვიანობამდე შემორჩენილ მოქეიფეებს მივუსწარით...

ანზორ ლეჟავამ ბავშვობის წლები აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში გაატარა. თანატოლებთან ერთად დასდევდა ბურთს. მეათე კლასში უცებ აიყარა ტანი. მეთერთმეტე კლასში უკვე ორი მეტრის სიმაღლისა იყო. კალათბურთის სექციაში ჩაეწერა. ბორჯომში საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე უნდა წასულიყო, მაგრამ სკოლას მედალზე ამთავრებდა და კალათბურთისთვის სად ეცალა. აბაშელებს კალათბურთის ცნობილ სპეციალისტ მიხეილ კეკელიძისთვის უთქვამთ, ერთი ორმეტრიანი ბიჭი გვყავს და იქნებ, მიხედოთო... გაგრძელება