დაღვინება გვაკლია, ბიჭებო! - კვირის პალიტრა

დაღვინება გვაკლია, ბიჭებო!

მივეჩვიეთ ვირტუალურ ოცნებას

ქართველ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა გასულ კვირას კალათბურთით სულდგმულობდა. საქართველოს ნაკრების კარგმა ასპარეზობამ და განსაკუთრებით კი ბულგარეთში გამარჯვებამ ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ევროპის ელიტური ლიგის დებიუტანტებს ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ფინალური ეტაპისაკენ მიმავალ გზაზე.

კაცმა რომ თქვას, ამ ოცნებას ჰქონდა კიდეც საფუძველი, რადგან საქართველოს ასეთი ძლიერი ნაკრები კარგა ხანია აღარ ჰყოლია, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე " რეალური შესაძლებლობები. ბოლოდროინდელმა ორმა მარცხმა დაგვარწმუნა, რომ ელიტა ჯერ კიდევ შორსაა ჩვენგან და რასაც ახლა აკეთებენ ეს ბიჭები, იქნებ საკუთარ თავს ზემოთ გადახტომაცაა.

დავიწყოთ იმით, რომ ევროპის მთავარ დივიზიონში დებიუტანტები ვართ. ამ ჩვენს მეტოქეებს ასე აგდებით რომ ვუყურებთ, შევჭამთ და გამოვხრავთო, რომ გავიძახით, აქ ასპარეზობაში ჭიპი აქვთ მოჭრილი და სხვა თუU არაფერი, მხოლოდ ამ გამოცდილებით არიან ჩვენზე წინ. ოსტატობა იქით იყოს, განა ჩვენს მარცხში (პოლონეთსა და ბელგიასთან) სწორედ ამ ფაქტორმა არ ითამაშა მთავარი როლი? დამეთანხმებით, კრიტიკულ მომენტებში საქართველოს ნაკრებს ერთი ხეირიანი კომბინაცია არ გაუთამაშებია და ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ აკლია ამ დონის ასპარეზობისთვის აუცილებელი რკინის ნერვები.

მერე რა, რომ ამერიკაში და ევროპის კარგ გუნდებში მოთამაშე კალათბურთელები გვყავს? ასეთები არც ჩვენს მეტოქეებს აკლიათ, მაგრამ მათ უკვე ჰყავთ შეკრული გუნდები, რომელთათვისაც ასეთი კრიტიკული მომენტები ბავშვური ლაღობაა. ჩვენი გუნდი ჯერ დაღვინების გზაზეა, შეთამაშებაც გვარიანად აკლია.

KvirisPalitra.Geაბა, სხვა რას მივაწეროთ ის უამრავი შეცდომა და შეუთანხმებლობა კალათბურთელებს შორის, რაც ბოლო ორ მატჩში ვნახეთ? მაშინ როცა ჩვენი მეტოქეები ლამის თვალდახუჭულნიც კი იუველირული სიზუსტით გადასცემდნენ თავისუფალ პარტნიორს ბურთს, ჩვენ არ ვიცოდით, რა გაგრძელება აგვერჩია და თუ ვირჩევდით რაიმეს, უმეტესად არასწორს.

ამის გამოსწორებას დრო უნდა და არა ლანძღვა-გინება, როგორც ზოგიერთმა ე.წ. ფანმა გადმოაფრქვია ბელგიასთან თამაშის შემდეგ.

ფანებზე ცალკეა სათქმელი: ჯერ ერთი, რითი სჯობია სიტყვა "ფანი" გულშემატკივარს, და მეორე, ამ ხალხს ქართული სენი სჭირს: ჯერ ტაშით გადაიტყავებენ ხელისგულებს და საკმარისია ერთი მარცხი, რომ მკვდარსა და ცოცხალს არ უჩერებენ მათ მიერვე კერპად ქცეულ სპორტსმენებს. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და თუკი ყოველ მარცხზე თავზე დაამხე ყველაფერი კაცს, მოგჭამა ჭირი შენმა ფანობამაც და გამარჯვების სურვილმაც.

კარგი, ბელგიასთან მატჩამდე ლიდერები ვიყავით და გასვლაზეც, ასე თუ ისე, ტოლ-სწორად ვეთამაშეთ ამ გუნდს. ჩვენვე რატომ ვქმნით ეიფორიას, მორჩა, გავედით ფინალურ ეტაპზე და ნებისმიერ მეტოქეს გავაცამტვერებთო? ამან დათვური სამსახური გაუწია ჩვენს ბიჭებს. პატარაა ეს საქართველო. როგორ გგონიათ, არ აღწევდა კალათბურთელების ყურამდე, რომ თურმე უძლეველი არიან და ბელგია ვინ მამაძაღლია, თბილისში ყველას დავამარცხებთო?..

აგერ თქვენი მამაძაღლი ბელგიაც, " ჩამოვიდა, აქეთ გაგვაცამტვერა და კიდევ ერთხელ დაგვანახა (თუ დავინახავთ, რაღა თქმა უნდა), რომ ზომიერება არაფერში არ ვიცით, ჩვენი საქმე პიარი, ბაქიბუქი და მიღწეულით ტკბობაა, არავის მოსდის აზრად, რომ გამარჯვების მოპოვებაზე უფრო ძნელი მისი შენარჩუნებაა.

ბელგიას გარკვეულწილად გაუმართლა ჩვენთან, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძლიერებს უმართლებს. გვაჯობეს და ვაღიაროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ათი თავით მაღლა დგანან ჩვენზე. უბრალოდ, საოცრად მოტივირებული გამოვიდნენ მოედანზე. აკი თქვეს კიდეც, ძალიან მობილიზებული ვიყავით, რადგან გადამწყვეტი თამაში იყო და უნდა მოგვეგო, რადაც უნდა დაგვჯდომოდაო(!).

აი, რა გვაკლდა უპირველესად " ძალთა სრული კონცენტრაცია! ცალკეულმა აფეთქებამ და თავგანწირვამ საქმეს ვერ უშველა. ვერ შეიკრა ერთიანი გუნდი, რომელიც ბელგიელებივით იტყოდა, უნდა მოვიგო, რადაც უნდა დამიჯდესო. არადა, ჩვენს კალათბურთელებს თითქოს ვერც მონდომებას დაუწუნებს კაცი, ვერც ქვეყნის სახელისთვის ძალის უშურველად გაღებას.

KvirisPalitra.Geსროლა არ წავიდა, პასი თანაგუნდელამდე ვერ აღწევდა, დაზღვევას ხშირად ვერ ვასწრებდით... და კიდევ ათასი სხვა ნაკლი და ზადი. ასე იოლი რომ ყოფილიყო ელიტაში თამაში, ხომ არ ვიწვალებდით ამდენი წელი დაბალ დივიზიონში? შეგუებას ხომ დრო უნდა? ამოვედით ზევით და ახლავე რას ვთხოვთ ამ მართლაც უნიჭიერესი ბიჭებით სავსე ნაკრებს? ადგნენ და დღესვე ევროპის ჩემპიონები გახდნენ?.. რაღაც ძალიან მივეჩვიეთ ვირტუალურ ოცნებას!

ბევრი ახლაც გაოგნებულია: როგორ მოხდა, რომ ჩვენგან 19-ქულიანი სხვაობით ძლეულმა პოლონეთმა ბელგია 20 ქულით დაამარცხა, მერე კი იმავე ბელგიამ საკუთარ კედლებში უფრო დიდი სხვაობით გამოგვიყვანა წირვა? მართლაც საოცარი მეტამორფოზაა, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში აქამდე მისავათებულმა პორტუგალიამ პოლონელებს სძლია(?!).

ერთი სიტყვით, გვარიანად არის არეული მონასტერი ჩვენს ჯგუფში, მაგრამ უშანსოდ მაინც არა ვართ. ახლა მთავარია, დარჩენილი ორი მატჩის მოგება და იქნებ გაგვიღიმოს კიდეც სატურნირო ბადემ. გააჩნია, როგორ დამთავრდება სხვა თამაშები ჩვენს და კიდევ ორ ჯგუფში, რომელმაც საუკეთესო მეორე ადგილის პრიზიორები უნდა გამოავლინოს.

მოგება კარგია, მაგრამ იმ თამაშით, რაც პოლონეთსა და ბელგიასთან ვაჩვენეთ, ვერაფერს მივაღწევთ. არ შეიძლება მატჩში ამდენი ელემენტარული შეცდომის დაშვება; ცარიელ ფარში ამდენი უეჭველი 2-ქულიანის გაფუჭება; ამდენი წუნი გადაცემებსა და ბურთის ტარებაში; არ შეიძლება უკანახაზელი იყო და ერთ სამქულიანს ვერ აგდებდე მთელი მატჩის განმავლობაში.

ამ მხრივ კატასტროფული შედეგი გვაქვს. ხომ ნახეთ, ბელგიელებმა ლამის ცენტრიდან ამოგვივსეს კალათი ზუსტი ტყორცნებით. თუ ელიტაში თამაში გინდა, ამ კომპონენტებში ისე უნდა იყო მომზადებული, შუაღამისას საწოლიდან რომ წამოგაყენონ, ტყორცნების ნახევარი მაინც უნდა ჩასვა მიზანში. ჩვენ საერთოდ 13-14% გვაქვს ამ მხრივ და წავაგებთ, აბა, რა იქნება? მეტი ვარჯიში, მეტი ოფლის ღვრა და მართლა თავს ზემოთ გადახტომა გვჭირდება, " სხვანაირად არ მოდის მოგება, არა!

არადა, ამ ბიჭებს შეუძლიათ, ნამდვილად შეუძლიათ დიდ გუნდად ჩამოყალიბება. ერთი, რომ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს ევროპაში და მეორე " თამაშიდან თამაშამდე ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს. გამარჯვების ღირსეულად მიღებისა და მარცხისგან დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, შორს აღარ არის ის დრო, როცა მართლა ფავორიტად შერაცხავენ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ მეტოქესთან.

ახლა უახლოესი მატჩი პორტუგალიასთან გვიწევს სტუმრად. თბილისში გვარიანად გაგვიჭირდა, მაგრამ უხეშად მოთამაშე მეტოქე მაინც გავტეხეთ. გაცილებით მძიმე ბრძოლა გველის პირველი გამარჯვებით ფრთაშესხმულ მასპინძლებთან. ლიდერი გვინდა! ფაჩულიამ უნდა აჯობოს ყველასა და ყველაფერს, უპირველესად კი საკუთარ თავს. თუ წინამძღოლი ათამაშდა, ყველა აჰყვება.

ჟინითა და შემართებით უნდა გავიდნენ ჩვენი ბიჭები სათამაშოდ. არ არის პორტუგალია ის გუნდი, რომ მთელი მობილიზებით მოედანზე გასულ საქართველოს წინ აღუდგეს. აი, რამდენად მოვახერხებთ მობილიზებას, ეს უკვე დიდწილად კოკოშკოვზე იქნება დამოკიდებული.

მან უნდა მოუხსნას ფსიქოლოგიური წნეხი თავის შეგირდებს. ბევრს ლაპარაკობენ ჩვენი გუნდის "პასადკა-პერესადკებსა" და გადაღლილობაზე. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია სამ დღეში ერთხელ შინ და გარეთ მოგზაურობა და მით უფრო, უშეცდომო თამაში, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ყველა ჩვენი მეტოქეც იმავე გზას გადის და მათ თუ არ ეტყობათ გადაღლა, ჩვენ რაღა დაგვემართა?! ეს არის სწორედ ელიტაში გარევა და უნდა შევეგუოთ, თუკი წარმატება გვინდა.

აბა, გრანდებზე რაღა უნდა ვთქვათ, კალათებს რომ თავზე ანგრევენ საშუალო ევროპულ გუნდებს? თუ ეს ეტაპი არ გავიარეთ დამაჯერებლად, შევძლებთ იქ ღირსეულად ასპარეზობას? წინ ესპანეთი გველის, ხორვატია, ლიტვა, საბერძნეთი...

და მაინც, ბარაქალა ამ ბიჭებს, დებიუტანტების კვალობაზე ფავორიტებისთვის ნერვების აშლა და საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის მათი სრული მობილიზებით მომზადება უკვე ნიშნავს იმას, რომ სერიოზული გუნდი გვყავს, ჯერ როგორც მაჭარი, ჟამიდან ჟამზე რომ ისვრის შუშხუნა ნაპერწკლებს და როცა დაღვინდება, ნახეთ, თუ კარგ "მსმელებსაც" კისერი არ წაატეხინოს.