"ელდა მეცა, დომინოს კენჭები ცივად დავყარე, ბიჭებს ვუთხარი..." - როგორ გადაარჩინა ჟიული შარტავამ ოთარ გაბელია - კვირის პალიტრა

"ელდა მეცა, დომინოს კენჭები ცივად დავყარე, ბიჭებს ვუთხარი..." - როგორ გადაარჩინა ჟიული შარტავამ ოთარ გაბელია

1979 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალი ოქროს ასოებით წერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თბილისის "დინამომ" თერთმეტმეტრიანების სერიაში მოახერხა მოსკოვის "დინამოს" დამარცხება და სანუკვარი ჯილდო მეორედ დაისაკუთრა.

ამ შეხვედრის დეტალების გახსენება - აღდგენაში დაგვეხმარება ჩვენი უფროსი მეგობრისა და კოლეგის, გია ტუხაშვილის ვრცელი და ამომწურავი წერილი. მერე კი თამაშის მთავარ გმირს, ოთარ გაბელიას შეგახვედრებთ.

"1979 წელს თბილისის დინამო მეორედ ხდება სსრკ ბროლის თასის მფლობელი. ფინალში თბილისელების მეტოქე მოსკოველი თანაკლუბელები იყვნენ.

11 აგვისტოს მოსკოვში გამათული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი ქართველებმა მეტოქეს 5:4 აჯობეს. ჩივაძემ, დარასელიამ, შენგელიამ, მაჩაიძემ და სულაქველიძემ ზუსტად შეასრულეს 11 მეტრიანი დარტყმები, მეკარე გაბელიამ კი სამჯერ მოახერხა მოსკოველთა დარტყმულის მოგერიება.

ფინალური მატჩის წინ, თბილისის დინამოს ერთდროულად ორი რევანშის სურვილი ჰქონდა. ამ შეხვედრამდე ექვსი დღით ადრე ლუჟნიკებზე საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადის ფინალში საქართველოს ნაკრები დამარცხდა მოსკოვის ნაკრებთან - 1:2. მთელი ტურნირი საქართველოს ნაკრები (ანუ, თბილისის დინამო) ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ასპარეზობდა - დავით ყიფიანსა და რამაზ შენგელიას ტრავმები აწუხებდათ. ამის მიუხედავად, ფინალში მაინც გავედით, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით: ალექსანდრ მაქსიმენკოვის ორ გოლს მხოლოდ გოჩა მაჩაიძის ერთი ბურთით ვუპასუხეთ. მაქსიმენკოვის გარდა, გამარჯვებულთა შორის კიდევ სამი ფეხბურთელი იყო მოსკოვის დინამოდან: ალექსანდრ მახოვიკოვი, ალექსანდრ ბუბნოვი და სერგეი ნიკულინი.

აი, რაც შეეხება მეორე რევანშის მიზეზს, ეს უფრო ძველი წყენა იყო: 1970 წელს ჩვენი დინამო მეხუთედ გავიდა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში და კვლავაც ხელმოცარული დარჩა! ამჯერად, მოსკოვის დინამოსთან წავაგეთ (1:2), თუმცა მთლიანად იმ ფინალური მატჩის მშვენება იყო, თბილისელთა 19 წლის დებიუტანტის, შოთა ხინჩაგაშვილის ზღაპრული სილამაზის გოლი 42 წლის ლევ იაშინის კარში! ისე კი, მართლაც, უცნაურია - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, შოთა ხინჩაგაშვილისათვის, ეს იყო პირველი და... უკანასკნელი გოლი ოფიციალურ შეხვედრებში!

გზა ფინალამდე

1979 წელს საკავშირო ფეხბურთის მესვეურებმა თასის გათამაშების ფორმატი შეცვალეს: 48 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა და გამარჯვებულები მეოთხედფინალში გადიოდნენ. ერთ-ერთ ჯგუფურ ტურნირს თბილისმა უმასპინძლა და დინამოს მეტოქეები იყვნენ: ქუთაისის ტორპედო, ვოროშილოვგრადის ზარია, სვერდლოვსკის ურალმაში, როსტოვის სკა და ლენინგრადის დინამო. როგორც ფავორიტს შეეფერებოდა, დინამომ დამაჯერებლად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი და ხუთივე მატჩი მოიგო.

ეს შეხვედრები საკავშირო ჩემპიონატისათვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილებოდა და დინამოს მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაციც ხშირად ენდობოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამას გარდა, წამყვანი ფეხბურთელების (ყიფიანი, ხინჩაგაშვილი) ტრავმების გამო ზოგ მოთამაშეს ამპლუის შეცვლამაც მოუწია და დრომ გვიჩვენა, რომ ახალკაცის თითქმის ყველა გადაწყვეტილება მართებული იყო! რაღა შორს მივდივართ და მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი გავიხსენოთ: მანამდე მარჯვენა ნახევარმცველად მოასპარეზე ალექსანდრე ჩივაძე ცენტრალურ მცველად გადაიყვანა; სულ მალე კი ჩივაძე ჯერ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მერე კი - კაპიტანი; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც მიიჩნეოდა!

იგივე შეგვიძლია ითქვას თენგიზ სულაქველიძეზეც, ვინც უპრობლემოდ დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში; თანაც, სულაქველიძე უნიკალური უნივერსალიზმითაც გამოირჩეოდა: დაცვასა და ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა.

...თასის მეოთხედფინალში დინამოს ერთობ უხერხული მეტოქე ელოდა - კუიბიშევის კრილია სოვეტოვი. თუმცა, ეს ეტაპიც უპრობლემოდ გავიარეთ - ვახტანგ ქორიძისა და მანუჩარ მაჩაიძის გოლებით ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ.

ნახევარფინალი 9 ივნისს იყო დანიშნული; ამასობაში კი ჩემპიონატში დინამომ, მართლაც, ბრწყინვალე სტარტი აიღო: ექვს მატჩში ექვსი გამარჯვება! მოკლედ, დინამო ორივე ფრონტზე წარმატებით მიიწევდა, პლუს სპარტაკიადის მატჩებიც კარს იყო მომდგარი. ნახევარფინალური შეხვედრა მოსკოვში ჩატარდა და დინამომ უშეღავათო ბრძოლაში შეძლო არანაკლებ ძლიერი მეტოქის - ცსკა-ს დამარცხება.

პირველად მასპინძლებმა გაიტანეს - გოლი ჩვენი გუნდის მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა. მეორე ტაიმში ვიტალი დარასელიამ ანგარიში გაათანაბრა და მალე მეორეც უნდა გაგვეტანა, მაგრამ დავით ყიფიანის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ვლადიმერ გუცაევმა ვერ გამოიყენა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა, დამატებითში კი დავით ყიფიანმა მაინც შეძლო გოლის გატანა და თავისი არსებობის ისტორიაში დინამო მეშვიდედ გავიდა თასის ფინალში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფინალური მატჩი 11 აგვისტოს იყო დანიშნული. მანამდე კი, თბილისის დინამოს ბაზაზე დაკომპლექტებულ საქართველოს ნაკრებს სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე ელოდა ასპარეზობა. ურთულესი გრაფიკი იყო - ჩვენ გუნდს 16 დღეში 7 მატჩის ჩატარებამ მოუწია; ანუ, ფაქტობრივად, დღე-გამოშვებით თამაშობდნენ. გაგრძელება