"ბათუმი ასმა მილიონმა ჩინელმა გაიცნო!" - კვირის პალიტრა

"ბათუმი ასმა მილიონმა ჩინელმა გაიცნო!"

"...ეს უნიჭო სპექტაკლი იყო, რომელიც რუსეთისთვის ცუდად, ბოდიშის მოხდით დასრულდა"

საქართველომ ღირსეულად უმასპინძლა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჭადრაკის უმაღლეს დონეზე თამაშის გარდა, დიდი სპორტული ფორუმების ასეთივე წარმატებით მიღებაც შეგვიძლია. ბათუმი საკადრისად დაუხვდა უდიდეს სპორტულ ფორუმს და 185 ქვეყნიდან ჩასულ 4 ათასამდე სტუმარს, აჭარის მთავარ ქალაქშივე ავირჩიეთ ფიდეს და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტები, დრამატულ ბრძოლაში დავეუფლეთ ბრინჯაოს მედალს, რუსეთს და მსოფლიოს კი კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! "ბათუმი-2018"-ის შეფასება ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს ვთხოვეთ:

- საერთო ჯამში, შეფასება დადებითია. ასე რომ, მასპინძლებს ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ საერთაშორისო ფედერაციების იმ წარმომადგენელთა შეფასებებს, რომლებიც თავად ესწრებოდნენ ბათუმში გამართულ ოლიმპიადას. როცა სტუმრები გეუბნებიან მადლობას, ე.ი. ყველაფერი კარგად არის! იდეალური არაფერია და, ბუნებრივია, იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომ სტუმრებს შეემჩნიათ.

- თქვენთვის, როგორც ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლისთვის, რა იყო ოლიმპიადის ყველაზე ემოციური მომენტი? - განსაკუთრებით ემოციურად მახსოვს ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალები. კარგად ვიცოდი, როგორ სირთულეებს იყო შეჭიდებული ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი და მათი შრომის შედეგის სცენაზე ყურება ძალიან ემოციური იყო. ვგრძნობდი, რომ ის გავაკეთეთ, რაც თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნდა! არანაკლებ ემოციურად მახსოვს თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქალების მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. ბოლო ტურში სასწაული უნდა მომხდარიყო, საპრიზო სამეულში შესვლა რომ მოგვეხერხებინა, და ეს სასწაული მოხდა! ამაზე ლაპარაკისას მე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე სულ ვამბობთ, როგორც ჩანს, ისე ძალიან გვინდოდა ყველაფერი კარგად გამოსულიყო, რომ ეს ბრინჯაო უფლის ერთგვარი საჩუქარია... ემოციური და საინტერესო იყო როგორც ფიდეს, ისე ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიც. კონკურენტი არ მყავდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, 50 ფედერაციიდან, 44-მა რომ დამიჭირა მხარი. ცხადია, ეს 88% ჩვენი მუშაობის შედეგია. განსაკუთრებული ემოცია მქონდა 9 ოქტომბერს, როცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის უკანასკნელმა სტუმარმაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე დატოვა ჩვენი ქვეყანა. გარკვეული ინციდენტები - შეცდომა, რეისზე დაგვიანება და ა.შ. პატარა შეჯიბრებებსაც კი ახლავს ხოლმე და მიხარია, რომ ათასობით ჩვენმა სტუმარმა ინციდენტების გარეშე დატოვა საქართველო.

- ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევნებში კონკურენტი არ გყავდათ და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებს, რის ხარჯზე გაიმარჯვა არკადი დვორკოვიჩმა? - ეს გამარჯვება არ ყოფილა მხოლოდ იმის შედეგი, რომ რუსეთის დიპლომატიური სამსახური და ფინანსური ინსტიტუტები გარკვეული დავალებებით მუშაობდნენ.

ჩემი აზრით, დვორკოვიჩმა პირადად დაიმსახურა ეს გამარჯვება! არავინ ელოდა მისგან ასეთ ნაყოფიერ მუშაობას. არჩევნებამდე უამრავი ქვეყანა მოიარა და ბათუმში ყოფნის დროსაც ყველასთან პირადად მიდიოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ფიდესთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. სხვათა შორის, დვორკოვიჩი პიროვნულადაც დიდ სიმპათიას იწვევდა. ყველა მიხვდა, რომ ის არ არის სუფთა რუსული ისტებლიშმენტის წევრი. მეტიც, რუსული ინტელექტუალური ფრთის წარმომადგენელია, რომელსაც, რუსეთის გარდა, აშშ-შიც აქვს მიღებული განათლება, ამიტომაც იოლად გამონახა საერთო ენა როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს დანარჩენი ნაწილების წარმომადგენლებთან.

- ე. ი. არკადი დვორკოვიჩმა უშუალოდ ოლიმპიადის მსვლელობისასაც მოახერხა ახალი მხარდამჭერების შეძენა. - დიახ, მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული იყო, ბათუმიდან ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში ჩასვლაც კი მოასწრო ერთი დღით, რათა მიეღო გარანტიები, რომ არაბული სამყარო მას დაუჭერდა მხარს. პიარის თვალსაზრისით, დვორკოვიჩი გაცილებით სჯობდა მთავარ კონკურენტ მაკროპულოსს! მაკროპულოსის პიარი მთლიანად იყო დაფუძნებული პრინციპზე "ღირსება ფულზე მაღლა!", მაგრამ ეს ცოტა რთული აღსაქმელი იყო იმ ფონზე, რომ მაკროპულოსი წლების განმავლობაში წარმოადგენდა ყირსან ილუმჟინოვის გუნდს. მე არ ვამბობ, რომ ილუმჟინოვი ცუდ საქმეს აკეთებდა. თუმცა ის ჭადრაკის სამყაროში გაიგივებული იყო კაცთან, რომელიც ძალიან დიდი ფულით შემოვიდა ჭადრაკში.

- და ჭადრაკი გაცილებით კომერციულიც გახადა... - დიახ, მაგრამ საბოლოოდ ეს ამბავი მაინც ილუმჟინოვისა და მაკროპულოსის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რადგან, ფაქტობრივად, ერთდროულად ჩაუდგნენ ფიდეს სათავეში, ერთ ორგანიზმად მოიაზრებოდნენ. მაგალითად, მაკროპულოსს მინუსად ჩაუთვალეს, რომ 1993 წელს ლონდონში გამართულ მატჩს კასპაროვსა და შორტს შორის უფრო მეტი საპრიზო ფონდი ჰქონდა, ვიდრე 2018 წელს გამართულ ანალოგიურ შეხვედრას კარლსენსა და კარუანას შორის. საერთოდაც, საარჩევნო კამპანიის დროს დვორკოვიჩი ასეთ წვრილმანებს აქტიურად იყენებდა იმის ხაზგასასმელად, რომ ფიდეში ყველაფერი წესრიგში როდია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წელიწადია, მსოფლიო ჭადრაკის მმართველ ორგანიზაციაში ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდა, ხალხს მაინც არ სჯეროდა, რომ მაკროპულოსსა და მის გუნდს შეუძლიათ ფიდეს იმ სიმაღლეებზე აყვანა, რასაც ჭადრაკი იმსახურებს. მაკროპულოსის სტრატეგიამ რაღაც დონეზე იმუშავა და ისე სასტიკად ნამდვილად არ დამარცხებულა, როგორც, მაგალითად, კასპაროვი ან კარპოვი წლების წინ, მაგრამ მისი რესურსი მხოლოდ 78 ხმას ეყო.

- იმ ფონზე, რომ საქართველო ღიად უჭერდა მხარს მაკროპულოსს, პრეზიდენტად დვორკოვიჩის არჩევა უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ქართულ ჭადრაკზე? - დვორკოვიჩთან არჩევამდეც არაერთხელ მილაპარაკია და შემდეგაც. ყოველ საღამოს მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით. მას კარგად ესმის იმ ადამიანების, ვინც თავის პრინციპებს იცავს. საქართველომ დაიცვა პრინციპი, რომელიც თავიდანვე აირჩია და პოზიცია არც შეგვიცვლია - მხარი მაკროპულოსს დავუჭირეთ. მიგვაჩნია, რომ ფიდე არ უნდა იყოს მართული რომელიმე ქვეყნის მიერ. არადა, ამის საშიშროება ნამდვილად არის. პირადადაც ვუთხარი, როცა რუსეთი ყველანაირ საშუალებას იყენებს, იმასაც მოინდომებს, რომ გარკვეულწილად ორგანიზაციაც გააკონტროლოს-მეთქი. დიდი იმედი გვაქვს, რომ დვორკოვიჩი გამოვა ამ კონტროლიდან. პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონია, მაგრამ არ გვინდა, რომ რუსეთმა აკონტროლოს მთელი საჭადრაკო სამყარო. თუ ახალი პრეზიდენტი შეძლებს სიტყვის შესრულებას და ევროპელი და ამერიკელი კორპორაციული სპონსორები გამოჩნდებიან ჭადრაკში, ეს გარღვევა იქნება. მაგრამ, თუ მხოლოდ რუს სპონსორებს ვნახავთ, ცხადი გახდება, რომ ერთი ქვეყანა ცდილობს ორგანიზაციაზე კონტროლის დამყარებას. ამგვარად, დვორკოვიჩი სერიოზული ამოცანების წინაშეა, მაგრამ მან ისე უნდა გამოიყენოს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები და კავშირები, რაც ევროპაში, აშშ-სა თუ რუსეთში აქვს, რომ შეძლოს მრავალწახნაგოვანი ფიდეს შექმნა.

- ბათუმში საარჩევნო ყრილობაზე ჩამოსული ხანტი-მანსიისკის დელეგაციის სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოჩნდა მინიატიურული გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად ამოიღო სასაჩუქრე ნაკრებებიდან რუკა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა და ისიც უთხრა, ვაჟა-ფშაველას სამშობლოში სტუმარს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ შეცდომა უნდა გამოსწორდესო! - ეს ყველაფერი ძალიან უნიჭოდ იყო ჩაფიქრებული ხანტიმანსიისკელების მიერ. როცა დვორკოვიჩსაც ველაპარაკე ამ თემაზე, ძალიან შეწუხდა. ინციდენტის გამო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ აღმასრულებელი დირექტორის სახელით ბოდიში მოიხადა. თუმცა ვიღაცები იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ეს რუკები ბათუმში დაიბეჭდა. ამ შემთხვევაშიც პოლიგრაფისტს შესაძლოა არც მიუქცევია ყურადღება რას ბეჭდავდა. ფაქტია, რომ ნამდვილად უნიჭო სპექტაკლი იყო, რომელიც რუსეთისთვის ცუდად, ბოდიშის მოხდით დასრულდა. რაც შეეხება რეაქციას, შესაძლოა ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. პირადად მე პასუხს ცოტა იუმორსაც გავურევდი, რადგან ასეთ დროს სათქმელი უფრო იოლად გასაგებია ხოლმე.

- რუკის ჩვენებით მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ საქართველო მთლიანია და არა ნაწილების გარეშე!

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გზავნილი სხვანაირი იქნებოდა. ვეტყოდი, როცა პრაქტიკულად ოკუპირებული გაქვთ ჩვენი ტერიტორია, თქვენი, ანუ რუსეთის გადასახედიდან რუკა ასე ჩანს, ჩვენს რუკაზე კი ქართველები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთიან, უნიკალურ სახელმწიფოს ვქმნით-მეთქი! კი ბატონო, ვიცით, რომ რუსეთი დიდია, ყველას ზემოდან უყურებს და ყველაფერი მისი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში არც აფხაზეთია დამოუკიდებელი" და არც ოსეთი, ფაქტობრივად, ორივე რუსეთია და ასეც ჩანდა მათებურ რუკაზე... ჩვენ კი პირიქით, ისე აღვიქვამთ, რომ ჩვენც, აფხაზებიც და ოსებიც ისევ ერთად ვიქნებით. ამ ჟესტის მთავარი მიზანი იყო უცხოელი სტუმრებისთვის გვეთქვა ჩვენი სათქმელი. სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა უცხოელებმა ბოლომდე ვერ აღიქვეს, რა მოხდა...

- ოლიმპიადის შედეგებზეც ვილაპარაკოთ: ვაჟთა ნაკრებების თამაშზე რას იტყვით? - ვაჟებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ყოველთვის ასეა - თუ საქართველოს ნაკრებში ლიდერი ითამაშებს კარგად, გუნდი წინ წავა, როცა ლიდერი ვერ ითამაშებს, გუნდი იქნება უკან! სამწუხაროდ, ბაადურ ჯობავამ ეს ვერ შეძლო. წელს მას პრობლემები ჰქონდა ოჯახში, მაგრამ ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოგვარდება და ბაადური მომავალ ტურნირებში უკეთ ითამაშებს. რაც შეეხება მეორე ნაკრებს, გამოვარჩევ ლუკა პაიჭაძის ძალიან კარგ თამაშს პირველ დაფაზე. განსაკუთრებით უნდა შევაქო ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც 183 ქვეყანას შორის 51-ე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგი შედეგია ახალგაზრდებისთვის. 16 წლის ნიკა პეტრიაშვილმა წაუგებლად განვლო ტურნირი და ბოლო ტურში რომ მოეგო, დიდოსტატის ნორმას აჩვენებდა. ნიკას ვულოცავ საერთაშორისო ოსტატის წოდებას. გიორგი სიბაშვილმა ცხრიდან რვა შეხვედრა მოიგო და საქართველოს მთლიან მონაგარში ყველაზე მეტი ქულა შეიტანა! მეტს ველოდით რამდენიმე მოჭადრაკისგან, განსაკუთრებით, ნიკა კაჭარავასგან, მაგრამ სამწუხაროდ, ვირუსი ჰქონდა და, ალბათ, ავადმყოფობამაც იმოქმედა მის თამაშზე. ახალგაზრდა ვაჟი მოჭადრაკეები თბილისის საერთაშორისო აკადემიის მოსწავლეები არიან და აშკარაა, რომ აკადემია მუშაობს და ის ინვესტიცია, რაც ამ მოზარდებისთვის იხარჯება, შედეგს აუცილებლად მოიტანს.

- რაც შეეხება გოგონებს? - საქართველოს ქალთა მეორე ნაკრებზე ქების მეტს ვერაფერს ვიტყვი. პირველმა ნაკრებმა კარგად ითამაშა, სხვაგვარად მესამე ადგილზე ვერ გავიდოდა (თუმცა იღბალიც ჩვენს მხარეს იყო), მაგრამ მეორე ნაკრებსაც ბევრი არაფერი დააკლდა, სამეულში შესვლამდე ჩვენმა გოგონებმა მეოთხე-მეთორმეტე ადგილი გაიყვეს, მათ შორის, რუსეთის უძლიერეს გუნდთან! მეტი რა უნდა გაეკეთებინა მეორე ნაკრებს?! მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ აკაკი იაშვილიც! - ვულოცავ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივან აკაკი იაშვილს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. ჩვენთვის დიდი წარმატებაა, რომ ორი ქართველი იქნება ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ დიდ მოვლენას, რასაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჰქვია, თავისად აღიქვამდა! ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 185 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი ჩამოიყვანა და საქართველო უფრო მეტ ადამიანს გააცნო. მხოლოდ ერთი მაგალითიც საკმარისია: ბათუმში სპეციალურად ჩამოსულმა ჩინეთის ელჩმა მიღებაზე მიგვიწვია და როცა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვლაპარაკობდით, მითხრა, ბათუმის შესახებ ასმა მილიონმა ჩინელმა გაიგოო! ამით ყველაფერია ნათქვამი. ოლიმპიადამ შეასრულა მთავარი მიზანი - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია საქართველოსა და მისი პოტენციალის შესახებ!