ორი სადგური ევროპამდე? - კვირის პალიტრა

ორი სადგური ევროპამდე?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ყველაზე წარმატებული წელი 2010-ში ჰქონდა: თემურ ქეცბაიას რაზმმა მოიგო სამი შეხვედრა, ფრედ ითამაშა ხუთი მატჩი და წელი წაუგებლად დაასრულა. ასეთი რამ ეროვნული ნაკრების ისტორიაში არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მომხდარა.

არადა, ლუქსემბურგთან მოულოდნელი და დასანანი მარცხი რომ არა, წელს გაცილებით კარგი წელი გვექნებოდა: 2018 წელს გამართული (ჯერჯერობით) რვა მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა შვიდი ისე მოიგო, კინკილა გოლიც არ გაუშვია და მხოლოდ ზემოთ და ავად სახსენებელ ლუქსემბურგთან წააგო 0:1... რვა მატჩიდან შვიდი მოგება, ბურთების ბალანსი - 16:1.

არადა, საქართველოს ნაკრებზე ვლაპარაკობთ, ერთა ლიგის ყველაზე დაბალ - დ ლიგაში მოთამაშე გუნდზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ბოლო დონეზე განთესილ მაჩანჩალებშიც კი არ ჩანდა გამოკვეთილ ფავორიტად.

მაგრამ დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება და... საქართველოს ნაკრებმა სულ ერთმანეთზე დააწყო მეტოქეებიც, გოლებიცა და ქულებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა უმდაბლეს დივიზიონში გამწესება იუკადრისეს, სხვა გზა და ხსნა აღარ ჰქონდათ თუ მეტოქეები გვყავს მეტისმეტად წყალწაღებული, თქვენ ივარაუდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ რამდენიმე მატჩია, თამაშობს, იგებს და გოლს არ უშვებს!

შედეგად საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია დ Dლიგაში, რომელსაც ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება აქვს და ორი ტურით ადრე გაინაღდა ფლეი-ოფის საგზური. წელს კიდევ ორი მატჩი უნდა ვითამაშოთ და საკუთარი მოედანი დავიბევოთ ფლეი-ოფის ნახევარფინალისთვის, მერე კი... მერე ორად ორი თამაშის მოგება დაგვჭირდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე. ორი "სადგურიც და, იქ ვართ. ევროპაში. ევროპის ჩემპიონატზე!

ანდორა? აბა, რა!

ერთა ლიგის საწყისი ორი მატჩის გახსენება აღარ ღირს, მხოლოდ ოქტომბრის თამაშები გავიხსენოთ.

ჯერ ანდორა. ანდო რა, ვინც ვაისმა ათამაშა, მათ მოიგეს. სლოვაკს იმ მატჩში ბევრი არაფერი შეუცვლია, ასე რომ, წინა თამაშებისგან მთავარი განსხვავება არა შემადგენლობა, არამედ თამაშის ხარისხი და მიმდინარეობა იყო. ველოდით, რომ ანდორა დიდ "ავტობუსს ჩააყენებდა თავისი საჯარიმოს წინ და მუდმივად დაცვაში მყოფი მეტოქისთვის გოლის გატანა გაგვიჭირდებოდა.

თავიდან ასეც იყო, მაგრამ ყაზაიშვილმა პირველივე ტაიმში გაიტანა და სტუმრებს ავტობუსის წინ ჩამოჩოჩება მოუხდათ. საბოლოოდ ვაკომ დუბლი შეასრულა, დამატებით წუთებზე კი კანკავამაც გაისროლა და 3:0 მოვიგეთ.

ნაკრების კაპიტანი სულაც ცალკე თემაა: ზედიზედ ორი მატჩია, ჯაბას გოლებიც გააქვს. ლატვიასთან ამისთვის სულაც ერთი ტაიმი ეყო, რადგან მცირე ტრავმის გამო მოედნიდან გასვლა მოუხდა. კანკავა უთამაშებელიც კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხოლმე ნაკრებში და მით უფრო ახლა, როცა სათამაშო პრაქტიკას არც კლუბში უჩივის.

ჯაბა ჩვეულად საიმედოა მეტოქის შეტევების ჩაშლისას და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქტომბერში გოლეადორობასაც ეშურება, თუმცა ანდორასთან საუკეთესო მაინც დუბლის ავტორი იყო - ყაზაიშვილი. მართალია, მომდევნო მატჩში პენალტი გაუცუდდა, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში (მით უმეტეს, ანანიძის არყოფნისას) ვაკოს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია და ამაზე მოგვიანებითაც ვილაპარაკებთ.

საქართველოს ნაკრებმა ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა

ლატვია თუ ლატ-ვაი?

ბალტიისპირელებმა თავისი "ვაი იკითხონ, ჩვენ კი,"ვაის" ნაცვლად, ვაისზე ვილაპარაკოთ. სლოვაკს სულ იმას ვსაყვედურობთ, შეცვლები არ უყვარსო. თამაშის დროს მართლაც უმძიმს ხოლმე, მაგრამ ლატვიასთან მატჩში შემადგენლობა დაწყებამდეც თითქმის მთლიანად შეცვალა და არც მატჩის მსვლელობისას "დაუხევია უკან.

ყველაზე სასიხარულოც სწორედ ეს არის: საქართველოს ნაკრებმა შეცვლილი შემადგენლობითაც კარგად ითამაშა და არც გოლების გატანა-გაშვების მაჩვენებლით შეურცხვენია თავი."

"თუ გვეყოლება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ," - ვლადიმერ ვაისმა ეს სიტყვები ლატვიასთან მოგების შემდეგ თქვა.

ათ-ათი - არა, მაგრამ ათი მაინც თუ გვეყოლება ამ ფეხბურთელების დონის, საქართველოს ნაკრები გაცილებით ძლიერი და სტაბილური გუნდი იქნება. თუმცა ამჟამად თითოს უნდა დავჯერდეთ, ერთა ლიგას კი (ჯერჯერობით) ისინიც ჰყოფნიან...

საქართველოს ნაკრებს სამი ტანმაღალი თავდამსხმელი ჰყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერც ერთს ვერ იყენებს (მჭედლიძე, როგორც ყოველთვის, ტრავმირებულია, ქვილითაიაც. კაჭარავა კი ფორმაში არ არის), ამიტომაც ვაისი იძულებულია, ტიპური ცენტრფორვარდების ნაცვლად მთავარ შემტევად ვაკო ყაზაიშვილი ათამაშოს.

ჯერჯერობით ეს ტაქტიკა ამართლებს, რაკი დაცვის ხაზში არათუ პრობლემები, ფეხბურთელების როტაციის ფუფუნებაც კი გვაქვს (კვერკველიას ნაცვლად ლატვიასთან ხოჭოლავამ ითამაშა და დამაჯერებლადაც!), არც ნახევარდაცვაში გვიჭირს და როცა ჯანოც აღიდგენს ფიზიკურ კონდიციას, გვილიაც ასეთ ფორმაში იქნება და ნახევარდაცვის ფლანგებზე მოთამაშე ჩაკვეტაძე/ოქრიაშვილიც ჩვეულად იფრენენ, რაღად გვინდა ვაკოზე ტანმაღალი ცენტრალური თავდამსხმელი?!

კარგია, სახუმაროდ რომ გვაქვს საქმე, ისე კი, ვაკოს პლუსი ისიც არის, რომ გოლებიცა და პასებიც წარმატებით გამოსდის!

თუმცა ლატვიასთან ყაზაიშვილს არ გაუტანია. მეტიც - თერთმეტმეტრიანიც არაზუსტად დაარტყა, მაგრამ სამაგიეროდ სხვებმა გაიბრწყინეს. კანკავაზე უკვე ვთქვით, გვილიაც დიდებული იყო და ჩაკვეტაძე ხომ...

გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში უკვე ჩაეწერა (შეგახსენებთ, რომ სწორედ ის არის ახალი ტურნირის პირველი გოლის ავტორი), მაგრამ არა მხოლოდ ისტორიაში - არანაკლები წარმატებით"დამკვიდრდა"ის ეროვნული გუნდის შემადგენლობასა და თამაშშიც და თუ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მეტისმეტად მძიმედ არ დააწვა ახალგაზრდა მხრებზე, კოჭებში ეტყობა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს!

შემოდგომა

რომ დადგება...

"...შემოდგომა რომ დადგება, შაშვი იწყებს გალობასო,

კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო..."

შემოდგომის შუაწელმა უკვე განვლო, საჯავრებელი და სასაყვედურო კი ჯერ-ჯერობით არავისთან გვაქვს.

აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგა ზედგამოჭრილი ტურნირია. საქმეს ისე ეტყობა - ვაისიც.

მეტისმეტ ეიფორიაში ნუ ჩავცვივდებით, არ დაგვავიწყდეს, ვის ვეთამაშეთო...

არც გვავიწყდება, მაგრამ ისიც ხომ კარგად გვახსოვს, მოგება ასეთ" მეტოქეებთანაც რომ სანატრელი გვქონდა?! რა, აქამდე ყველა მატჩში გრანდებს ვეთამაშებოდით?!

ერთა ლიგა მისწრება აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის არა მხოლოდ მისივე კალიბრის"მეტოქეებთან თამაშის, არამედ აუცილებლად მოსაგებ თამაშებში პირველ ნომრად თამაშის სასწავლად და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით!

ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია - ფლეი-ოფის საგზური განაღდებული გვაქვს, მაგრამ ნოემბრის მატჩების (15-ში ანდორას ვესტუმრებით, 19 ნოემბერს კი ყაზახეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ) მოგება მაინც გვჭირდება, რადგან D ლიგის ოთხ პირველადგილოსანს შორის საუკეთესო შედეგის მქონე ორი ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩაატარებს ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს.

დიახ, მატჩს და არა - მატჩებს.

ნახევარფინალი ერთმატჩიანია და მისი თბილისში გამართვა ჩვენთვის მეტი უპირატესობა და მოტივაცია იქნება.

მერე კი...

თუ ნახევარფინალი საჩვენოდ დავასრულეთ, ერთადერთი მატჩიღა დარჩება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის მრავალწლიანი ოცნების ასრულებამდე - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრამდე...

ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩები ნოემბერშია, ფლეი-ოფი - გაზაფხულზე, დიახ, ვიმეორებ: ორი"სადგურიც"და იქ ვართ. ევროპაში. ევროპის ჩემპიონატზე!

ვინ იცის, იქნებ ქართულ ფეხბურთსაც შეეხოს ევროპასთან (ჩემპიონატთან) "უვიზო მიმოსვლა?

რატი შელეგია