საქართველოს ეროვნული ნაკრები - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი იყო გივი ნოდია. მას შემდეგ, ეროვნულმა გუნდმა კიდევ 17 თავკაცი გამოიცვალა. ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი მეთვრამეტეა.

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება " საქართველო-სომხეთი 7:0. 1997 წლის 30 მარტს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შვიდი უპასუხო ბურთი გაუტანა მეზობელი ქვეყნის ნაკრებს. ჰეთ-თრიქი შეასრულა შოთა არველაძემ, ორი ბურთი გაიტანა მისმა ტყუპისცალმა არჩილმა, თითო " გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, 2006 წელს, ფარერის კუნძულებზე 6:0 გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი 1990 წლის 27 მაისს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ეროვნულ სტადიონზე გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც 55 ათასი მაყურებელი დაესწრო, ფრედ 2:2 დასრულდა. ქართველთაგან გოლები გაიტანეს გია გურულმა და კახი კაჭარავამ.

ეროვნული გუნდის ყველაზე სკანდალური მატჩი რუსეთთან შეხვედრას უკავშირდება. 2002 წლის 12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა "ლოკომოტივის" სტადიონზე უმასპინძლა რუსებს, ფეხბურთელებმა მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი გაძლეს, სტადიონზე ელექტროენერგიის ორჯერ შეწყვეტის გამო თამაში შეწყდა და მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ, 2003 წლის აპრილში გაიმართა.

2003 წლის 30 აპრილს მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთი დავამარცხეთ 1-0

ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია შოთა არველაძე: შოთამ ეროვნულ გუნდში თხუთმეტი წლის განმავლობაში (1992-2007 წწ.) ითამაშა და 61 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა.

ყველაზე მეტი მაყურებელი საქართველოს ნაკრების თამაშს 1995 წლის 29 მარტს, გერმანიასთან გამართული შეხვედრისას დაესწრო: ზუსტად ვინ დაითვლიდა, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით, ეროვნული სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩს 110 ათასმა ადამიანმა უყურა!

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ნათამაშები აქვს ლევან კობიაშვილს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას 1996-2011 წლებში იცავდა და თამაშების "მრგვალი" რაოდენობაც დააგროვა " 100 მატჩი!

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი " დანია-საქართველო 6:1. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, 2005 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მწარე მარცხი იწვნია კოპენჰაგენის "პარკენ სტადიონზე.

2003 წლის 30 აპრილს მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთი დავამარცხეთ

ყველაზე წარმატებული სერია ჩვენს ეროვნულ გუნდს ჰქონდა 2010 წელს, თემურ ქეცბაიას თავკაცობით, როცა წელი წაუგებლად დაასრულა. 2011 წლის დასაწყისის ჩათვლით, ქეცბაიას სამწყსომ ათმატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა და ხორვატიის ნაკრებიც კი დაამარცხა. ლუქსემბურგთან დასანანი და მოულოდნელი მარცხი რომ არა, საქართველოს ნაკრებს წელს კიდევ უფრო წარმატებული სერია ექნებოდა: 2018 წელს გამართული რვა შეხვედრიდან, ვლადიმერ ვაისის გუნდმა შვიდი ისე მოიგო, ერთი გოლიც კი არ გაუშვია და მხოლოდ ლუქსემბურგთან დავმარცხდით...

ამჟამად, ფიფას რეიტინგში საქართველო 93-ე ადგილზეა. არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ 42-ე პოზიციას

კი 1998 წელს იკავებდა.

სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოუგია ესპანეთის (0:1, ხეტაფე, 2016 წლის 7 ივნისი), ხორვატიის (1:0, თბილისი, 2011 წლის 26 მარტი) და სხვა არანაკლებ ძლიერი ნაკრებებისთვის, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მაინც რუსეთის ნაკრების დამარცხება იყო: 2003 წლის 30 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა ხორვატი ივო შუშაკის თავკაცობით და მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 დაამარცხა პრინციპული მეტოქე.

ნაკრების თავკაცი ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2016 წლის იანვრიდან წვრთნის. 54 წლის სლოვაკის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 28 მატჩი ითამაშა " მოიგო 11, ფრედ ითამაშა 8 და წააგო 9 შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ მოგებული თამაშების უმეტესობა " 7 მატჩი 2018 წელზე მოდის.