გელა ზაალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! სულ რაღაც წუთნახევარში... (+ ვიდეო) - კვირის პალიტრა

გელა ზაალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! სულ რაღაც წუთნახევარში... (+ ვიდეო)

ბაჰამის კუნძულებზე დღეს დასრულდა ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ჩვენმა ბიჭებმაც წარმატებით დაასრულეს და კიდევ ორი მედალი მოიპოვეს: ოქრო-ბრინჯაო. ჩემპიონი თბილისელი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი გახდა, ხოლო ასევე თბილისელი ონისე სანებლიძე (100) ბრინჯაოს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ ორივე ევროპის წლევანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებში.

ამდენად, ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი 5 მედლით ჩაამთავრა: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო. გუშინ მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური (90) გახდა, ხოლო სანებლიძის მსგავსად, ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვეს. სამწუხაროდ, ამჯერად უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გოგოები. საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთეზე გავიდა, ბიჭებში - მეოთხეზე.

ზაალიშვილმა პირველივე შეხვედრა ფინალის ტოლფასი ჩაატარა, როცა იაპონელი გოლიათი ტაცურო საიტო უკნიდან გამოცელა და იპონზე დააგდო. ჩილელ ფრანსისკო სოლისსაც დაახლოებით ამგვარად მოუგო, მაგრამ ის კიდევ უფრო მოწყვეტით დააგდო ტატამზე, ნახევარფინალში კი რუს ჯამალ გამზათხანოვთან მესამე იპონი მიითვალა. ჯამში ჩვენებურს ფინალში გასასვლელად დაახლოებით ერთი წუთი ეყო.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე ძლიერი ავსტრიელი სტეფან ჰეგი იყო - სპორტსმენი, ვინც შარშან ბუდაპეშტში, უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თვით იაპონელთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა, ხოლო წლევანდელ ევროპირველობაზე ასევე უფროსებში მესამე იყო. ის ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტია და ორივეჯერ რუს ინალ ტასოევთან წააგო, ახლა კი მის არყოფნაში ოქროზე იყო დაგეშილი. თანაც, სტატისტიკაც მის მხარეს იყო - სამი შეხვედრიდან ბოლო ორი მოუგო ზაალიშვილს: 2015 წელს თბილისში ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე და შარშან ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე დაამარცხა. საბედნიეროდ, ამჯერად ზაალიშვილმა შეძლო ამ სტატისტიკის შეცვლა: თავიდანვე აქტიურად, დაზვერვის გარეშე შეუტია ჰეგის და წუთნახევარში ზედა ჩავლებიდან გამოცერა. ის პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. იხილეთ სრულად