"საბჭოთა დროს ქართველების მოხვედრა მთავარ გუნდში გმირობის ტოლფასი იყო" - ქართველი ლეგენდების გმირობა ესპანურ მოედანზე - კვირის პალიტრა

"საბჭოთა დროს ქართველების მოხვედრა მთავარ გუნდში გმირობის ტოლფასი იყო" - ქართველი ლეგენდების გმირობა ესპანურ მოედანზე

ოთხმოციანი წლების დასაწყისში საბჭოთა ფეხბურთში აღმავლობის ხანა იდგა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის "დინამოს" აღმავლობა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც: 1981 წლის 13 მაისს ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო და ამით სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

1982 წლის მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებს ერთბაშად სამი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა. მართალია, "პირველი ხმა" კონსტანტინ ბესკოვისა იყო, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცს.

ცხადია, საბჭოთა დროს ქართველების მოხვედრა ქვეყნის მთავარ გუნდში ლამის გმირობის ტოლფასი იყო, მაგრამ მაშინდელ "დინამოში" ისეთი ოსტატები იყვნენ და გუნდი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ ქართველების იგნორირება აღარც "ზემოდან" გამოვიდა. ყოველივე ამას დაემატა ის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კონსტანტინ ბესკოვი შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი გახლდათ და ის არც შოვინიზმის იდეებით შეპყრობილ მის ზოგიერთ კოლეგას ჰგავდა.

მაშ ასე, 1982 წლის მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თბილისის "დინამოს" ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა - ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ, ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ. თანაც, ჩივაძე მურთაზ ხურცილავას შემდეგ გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც საბჭოთა კავშირის პირველ გუნდს უკაპიტნა.

ესპანეთში უნდა ეთამაშა დავით ყიფიანს, "ფეხბურთის მაესტროსა და პროფესორს", მაგრამ წინა წლის სექტემბერში მან ფეხი მოიტეხა. ვინ იცის, რა მოხდებოდა, ქართველი გენიოსი ესპანურ მინდვრებზე რომ გვეხილა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები ჯგუფში მოხვდა ბრაზილიის, შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდებთან ერთად. საბჭოელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდათ და მაღალ მიზნებსაც ისახავდნენ.

პირველი შეხვედრა საბჭოების ნაკრებმა ბრაზილიასთან ჩაატარა. სამხრეთამერიკელებს ჰყავდათ ნაკრები, რომელსაც მაშინდელ მსოფლიოში რომანტიკული ფეხბურთის რაინდებს ეძახდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ზიკო, სოკრატესი და სხვები. გაგრძელება