"უნდა გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში, ხალხი ტიროდა" - მსოფლიოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი ქართველი გოგონას ამბავი - კვირის პალიტრა

"უნდა გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში, ხალხი ტიროდა" - მსოფლიოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი ქართველი გოგონას ამბავი

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა ნელი სალაძემ მრავალ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს გაუკაფა გზა დიდი სარბიელისკენ. მათ შორის გამორჩეული იყო ბურთით ვარჯიშში მსოფლიოს 1979 წლის ჩემპიონი და მრავალჭიდში ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული და პრიზიორი ირინე გაბაშვილი.

"კარიერაში ბევრი ჯილდო მიმიღია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მაინც არაფერი შეედრება, არა იმიტომ, რომ ლონდონში პირველი ადგილი დავიკავე: იქ შესრულებული "მომაკვდავი გედი" ჩემი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალი იყო. რაშიც ქალბატონ ნელის უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ლონდონის დარბაზში ყველაფერი გავიღე წარმატებისთვის. გამოსვლის ბოლოს მუსიკა რომ შეწყდა, გული შემეკუმშა. არ მეგონა, ფეხზე თუ წამოვდგებოდი. დარბაზმა იქუხა. არ მახსოვს, როგორ წამოვიმუხლე. ტაში არ ცხრებოდა. ხალიჩიდან რომ გავდიოდი, კარებში აცრემლებულ ქალბატონ ნელის მოვკარი თვალი. თავი ვერ შევიკავე - მეც ავტირდი და ნელი მასწავლებელს გადავეხვიე. ეს ჩვენი გამარჯვება იყო" - მითხრა რამდენიმე წლის წინათ ირამ, ამერიკიდან თბილისში დედის სანახავად ჩამოსულმა.

დარბაზი დავტოვე და ფოიეში გავედი

"იმ წამების დავიწყება შეუძლებელია, - იხსენებს 39 წლის წინანდელ ამბავს საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, ამჟამად ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნელი სალაძე. - მის "მომაკვდავ გედს" მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. შეჯიბრების შემდეგ "დეილი მირორის" რედაქტორის ინიციატივით საბჭოთა ნაკრები ინგლისში მიიწვიეს საჩვენებელი გამოსვლებისთვის, აუცილებლად ირინე გაბაშვილი ჩამოიყვანეთ და დანარჩენი კი ვინც გინდათო, - თქვა რედაქტორმა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე მთელი დავიდარაბა გადავიტანეთ. 1978 წელს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება ტომსკში გაიმართა. იქ უნდა გარკვეულიყო მსოფლიოზე წამსვლელთა ვინაობა. მაშინ საბჭოთა კავშირში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ლიდერობდა, ცხადია, მსოფლიოს 1977 წლის აბსოლუტური ჩემპიონი ირინა დერიუგინა. მას კონკურენციას უწევდნენ ელენა ტომასი, ირინა დევინა, ირინა გაბაშვილი.

ის იყო შეჯიბრება დაიწყო და გაბაშვილი გამოიძახეს სარბიელზე. ვხედავთ, მისი სახტუნაო დაიკარგა - ვიღაცამ მოჰპარა. ეტყობა, რომელიღაც კონკურენტის ნახელავი იყო. ერთმა მადლიანმა ათხოვა. ირამაც დამაჯერებლად იასპარეზა როგორც სახტუნაოთი, ისე სხვა საგნებით და საბოლოოდ დერიუგინას და ტომასის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ლონდონში გამგზავრების უფლებაც მოიპოვა.

ირინა დერიუგინამ 1979 წელს ლონდონშიც დაამტკიცა უძლეველობა - 38.500 ქულით ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონობა მრავალჭიდში. მეორე-მესამე ადგილებზე ტომასი (38.450) და გაბაშვილი (38.250) გავიდნენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ირინეს ბურთით ვარჯიში იყო. როცა იგი სარბიელზე გამოიძახეს, დარბაზი დავტოვე და ფოიეში გავედი - მეგონა გული გამისკდებოდა. ყურები დავიცავი, რომ მუსიკის ხმა არ გამეგონა. მაინც მოაღწია ჩემამდე მაყურებელთა ოვაციამ.

მაშინვე დარბაზს მივაშურე - ქომაგები ფეხზე იდგნენ და ქართველ ტანმოვარჯიშეს ისე უკრავდნენ ტაშს. ამვგარი პატივი თვით ბულგარელ ილიანა რაევასაც არ რგებია, რომელსაც ლონდონელი გულშემატკივრები ახლოს იცნობდნენ, რადგან ბულგარელთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვის განმავლობაში სწორედ იმ დარბაზში ვარჯიშობდა. არადა, თავად რაევას ბურთით "მთვარის სონატას" ხილვა ერთ რამედ ღირდა - 19.350 ქულით ვერცხლის მედალი ერგო, ირინა დერიუგინა (19.200) მესამე იყო, გაბაშვილმა 19.450 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. გურზებითა და ლენტით ვარჯიშში კი მეოთხე ადგილები დაიკავა". გაგრძელება