"აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები" - კვირის პალიტრა

"აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის მთავარი თამაშისთვის ემზადება. 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება მატჩი, რომელსაც წლებია ელის რაგბის ქართველი (და არამხოლოდ) ქომაგი - იტალია-საქართველო! ერთი კვირის შემდეგ, ნოემბრის ტესტ-მატჩები თბილისში გაგრძელდება და 17-ში, სამოას დავუხვდებით ავჭალის სტადიონზე, 24 ნოემბერს კი "მიხეილ მესხზე" ტონგას ვუმასპინძლებთ.

კუნძულელებთან აქამდეც არაერთხელ გვითამაშია და დაგვიმარცხებია კიდეც. აი, იტალია - სხვა საქმეა. ფლორენციის "არტემიო ფრანკის" მწვანე მინდორი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც იქნება ჩვენი ამბიციებისთვის. სულაც არ ვფიქრობ, რომ "ექვს ერში" ჩვენი გაწევრების საკითხი ამ ერთი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ამ მატჩში საქართველოს (მით უმეტეს - დიდი სხვაობით) მარცხს ნიშნის მოგებითა და გესლით გაჯერებული არაერთი შეფასება მოჰყვება...

"ექვსი ერის" წევრ იტალიასთან თამაშს წლებია ვითხოვთ და ორმაგად სამწუხაროა, ასერიგ ნანატრი მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი მორაგბე რომ მოვისაკლისეთ. თავის მხრივ, აპენინელები გამალებით ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ, ყველა ძლიერ მორაგბეს უხმეს და ერთი სული აქვთ წამოგვაძახონ - სულ ესა ხართო?! გასულ შაბათს, ჩვენი მომავალი მეტოქე ჩიკაგოში ირლანდიასთან განადგურდა (7:54), მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობით არცერთ გუნდს უთამაშია და ისედაც ცხადია, რომ ბორჯღალოსნების წინააღმდეგ აპენინელები სხვანაირად ითამაშებენ!

სამწუხაროდ, ტრავმირებული საკმაოდ ბევრი გვყავს. თანაც, ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც არიან მერაბ კვირიკაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, კარლენ ასიეშვილი, კოკი თხილაიშვილი. ასევე, მირიან მოდებაძე, გუგა შენგელია და სანდრო სვანიძე. ამათი გამოცდილი შემცვლელების გარდა, თიბისი რაგბის სერიებისთვის ჰეიგმა ოთხ დებიუტანტსაც უხმო: ეროვნულ ნაკრებში აქამდეც ველოდით თედო აბჟანდაძესა და გურამ გოგიჩაშვილს, თამაშის შანსი ექნებათ ბექა გიგაშვილს ("გრენობლი") და გრიგორ ქერდიყოშვილსაც ("ლელო სარასენსი").

გამოძახებულთა შორის, არიან ისეთი მორაგბეებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაკრებში კარგა ხანია რომ აღარ უთამაშიათ. მათ შორის - დუდუ ქუბრიაშვილი, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე, გიორგი აფციაური და სხვ.

"რთულ მდგომარეობაში ვართ, ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მაგრამ მეორეს მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. ამ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა, გვიჩვენონ, რა შეუძლიათ, - თქვა საქართველოს ნაკრების ზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა რამდენიმე დღის წინ, - თუმცა გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ნაკრებში არაერთხელ გამოუჩენიათ თავი და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ ფრანგულ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით". მილტონ ჰეიგი

იტალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები საფრანგეთში შეიკრიბა. საფრანგეთში მყოფმა ზელანდიელმა ემოციური მიმართვა ჩაწერა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ თავის საქმის გარდა, საქართველოს ისტორიასაც კარგად იცნობს:

"... ჩვენს გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშის გათვალისწინებით, ხალხი, ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც, პრინციპში, სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ქართველებისთვის ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქვამს - ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-16 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, ის უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

ამ ამბიდან გამომდინარე გამონათქვამი - "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ, როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით და ვხდებით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლებაა და არც პრობლემა. ამას ჩვენს უპირატესობად ვთვლი. აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!".

მართლაც ბედნიერები ვხდებით. ისინი ბრძოლაში. ჩვენი - მათი ბრძოლით.

სულ ასე იყო, მაგრამ ბოლო წლებია, ქართველისთვის სწორედ რაგბი იქცა იმის ნათელ გამოხატვად, რასაც თავის ქვეყნისთვის საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა...

ჰო და ჰეიგის მთავარი პლუსიც ეს არის.

შესაძლოა, როგორც მწვრთნელს, შეცდომებიც აქვს ხოლმე და ხარვეზიც, მაგრამ საქმისადმი მიდგომაში, ურთიერთობაში, "მეორე სამშობლოსათვის" სწორად და ბოლომდე დახარჯვაში, მოკლედ - "ქართველობაში" არაფერი ეშლება! სწორედ ამიტომ უყვარს ქართველ ქომაგს განსაკუთრებულად. თორემ მჯობნის მჯობნი რომ არ დაილევა და მილტონ ჰეიგზე უკეთესი მწვრთნელიც ბევრია, ესეც კარგად მოგვეხსენება...

და მილტონის სიტყვებისა არ იყოს, ჩვენც "ბუნებრივად ბედნიერები" ვხდებით, როგორც კი საქართველოს ნაკრები ბრძოლაში ერთვება.

როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ, როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებით ყველაზე ძლიერები და ბედნიერებიო.

სარაგბო თვალსაზრისით, დღეს საქართველო ნამდვილად არ არის "კუთხეში მიმწყდეული". პირიქითაც შეიძლება ითქვას: მსოფლიო რაგბი, უფრო ზუსტად კი - "ექვსი ერი" გვყავს "მიყენებული" ფაქტის წინაშე - ქართული რაგბის გზა ევროპის მთავარ სარაგბო ტურნირისკენ მიდის!

ცხადია, რომ ეს დროის საკითხია. დღეს არც სარაგბო, არც ფინანსური თვალსაზრისით ვართ მზად "ექვსი ერის" ნაკრებებთან სტაბილურად, ტოლ-სწორად სათამაშოდ. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "რაგბი ევროპისთვის" უკვე აშკარად გადაზრდილი საქართველო რაღაც ფორმით აუცილებლად იმსახურებს ბობოლა ნაკრებებთან ხშირად თამაშის უფლებას.

მილტონ ჰეიგს კი ამ ერთხელაც დავესესხებით: როცა არ იბრძოდა, ქართველი უხასიათოდ იყოო...

და იმის მიუხედავად, რომ უხასიათოდ ყოფნის მიზეზ-საბაბი ახლაც არაერთი გვაქვს, 10 ნოემბერს ესეც გვერდით უნდა გადავდოთ და უცილებლად უნდა "მოვხასიათდეთ"! მით უმეტეს, არც მახსენდება ისეთი ქართველი მორაგბე, მოედანზე რომ არ იბრძოდეს.

ბოლო მატჩებში (განსაკუთრებით - იაპონიასთან "მშრალად" წაგების შემდეგ), რაგბის ქართველ ქომაგს პესიმიზმი შეეპარა. ობიექტურად თუ შევაფასებთ, დღეს იტალიას ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი ნაკრები ჰყავს და მათთან წაგება არც სირცხვილია და არც ტრაგედია, მაგრამ...

ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, რაც უნდა რთული საქმე იყოს, აუცილებლად უნდა ვაჯობოთ "აძურისაც" (იტალიის ნაკრების მეტსახელია), "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილ ქომაგსაც და მსაჯებსაც...

და რაკი იტალიას ვერც კულტურით გააკვირვებ და ვერც ისტორიით, რაგბით უნდა გავაკვირვოთ!

რაც უნდა რთულ საქმედ სჩანდეს, 10 ნოემბერს ფლორენციაში ქართული რაგბის ახალი ისტორია უნდა დავწეროთ!

(სპეციალურად საიტისთვის)