ცივი გონებით, მაგრამ ცხელი გულით!.. - კვირის პალიტრა

ცივი გონებით, მაგრამ ცხელი გულით!..

"რაც ჩვენ 100%-იანი ქულები ქარს გავატანეთ, აქამდე გასულები უნდა ვიყოთ "დამკაში"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერაფრით მოგაწვდით ბოლო ტურში ბულგარეთთან ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ უამისოდაც ერთი რამ ნათელი იყო - საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლა წელს გამოირიცხა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია, ანუ ფიბა, რა ხანია ისეთ ჩახლართულ სატურნირო სისტემას იგონებს, რომელსაც თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს კაცი. ამ უწყებაში მოკალათებულ ჩინოსნებს, როგორც ჩანს, სხვადასხვა გუნდის მიერ ჩასატარებელი მომქანცველი მარათონი საცდელი პოლიგონი ჰგონიათ და წლიდან წლამდე აბსურდული ექსპერიმენტებით ერთობიან.

სხვას რაღას უნდა ნიშნავდეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წლევანდელი განრიგი, თუ არა უაზრო ლაბირინთს, - გუნდები ისე არიან ჩახლართულნი, დამატებითი შტატი სჭირდებათ სპეციალისტის ასაყვანად, რომელმაც ამ ლაბირინთიდან თავდასაღწევი მათემატიკური ფორმულები უნდა გამოთვალოს. შედგა სამი ჯგუფი, საიდანაც ფიბას განაწესით, ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებენ პირველ ადგილზე გასული გუნდები და კიდევ ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

კი ბატონო, მაგრამ ასეთი რა დააშავა მესამე-მეორეადგილოსანმა, რომელმაც დარჩენილი ერთი საგზურისთვის გაისად(?!) უნდა იბრძოლოს საუკეთესო(?!) მესამე-მეოთხეადგილოსნებთან (ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა!) დარჩენილი ერთი ვაკანსიის შესავსებად, ამის ახსნა არავის უცდია. მამაცხონებულო, პავლოვის ძაღლებივით რომ ატარებ ამ უაზრო ექსპერიმენტს და ვაზის კლერტივით ხლართავ ერთი შეხედვით მარტივ გზას, რა გინდა, ის მაინც გამაგებინე? მიეცი რა მესამე საგზურიც წინასწარ განწირულ მეორეადგილოსანს და დაამთავრე საქმე.

მოკლედ, საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო ტურის წინ, ვერაფრით აჯობებდა სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებს, - თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაშიც კი ისინი ისეთი სოლიდური სხვაობით გვისწრებდნენ მიღებულ-ჩაგდებული ბურთების შეფარდებაში, რომ ამის ამოქაჩვაში ათი ჯორდანის ჩამოყვანაც ვერ გვიშველიდა.

პირველ ადგილზე გასვლაც გამოირიცხა, ისევ ფიბას მიერ შემუშავებული აბრაკადაბრას გამო. ცხადზე უცხადესი ამ ეტაპისთვის იყო ერთი - – გაისად საქართველოს ნაკრები უეჭველად მოხვდებოდა იმ ექვს გუნდს შორის, რომელმაც უნდა იბრძოლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის უკანასკნელი საგზურის მოსაპოვებლად.

გვარიანად კი დავიღალე ამის წერისას, ნეტა, ვისაც თავში მოუმწიფდა ეს აბსურდული ექსპერიმენტი, იმას არ გადაეწვა უგზო-უკვლოდ განვითარებული ტვინის ხვეულები?..

დავანებოთ ფიბას თავი, თავისი გაჭირვებაც ეყოფათ და უარეს სისულელეს ვეღარ გამოიგონებენ. ჩვენ ჩვენს გასაჭირზე ვთქვათ, რათა მომავალში, რაც უნდა მათემატიკური აღმოჩენები გააკეთონ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში, მაინც ვაჯობოთ ყველას და დაუთვლელად გავიდეთ პირველ ადგილზე.

პორტუგალიში 23-ქულიანმა გამარჯვებამ ცოტა გულს მოგვიფონა, თუმცა უკმარისობის და სინანულის განცდაც ბლომად დაგვიტოვა. ყველა იხსენებს ბელგიასთან შინ განცდილი მარცხის სიმწარეს.

ის თამაში რომ მოგვეგო, მერე გასვლა რეალური იყო და ვერც ვერავინ შეგვეცილებოდა ამაში. რაკიღა მწარე მაგალითი ვიგემეთ, ახლა ცივი გონებით (მაგრამ ცხელი გულით) მოგვიწევს გაანალიზება, რატომ მოგვივიდა ასეთი ფიასკო და შევეცადოთ, მომავალში თავი დავიზღვიოთ მსგავსი ჩავარდნებისგან. სოლიდური სხვაობით მოგების მიუხედავად, პორტუგალიაში არაერთი ბავშვური შეცდომა დავუშვით (ეს მერამდენედ?!).

დიდი ამბიციის მქონე გუნდები ამდენი და ასეთი ლაფსუსების დაშვების უფლებას არაფრით აძლევენ საკუთარ თავს და იმიტომაც არიან მაქსიმალურად მიახლოებული სრულყოფილ კალათბურთთან. ამ მხრივ ჩვენი არასტაბილურობა თვალში საცემია. ბევრი ამას გადაღლილობას აბრალებს (არის ამაში სიმართლის მარცვალი), ზოგი უიღბლობას, მავანიც ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ჩვენი ბიჭები აღმოჩნდნენ ბელგიასთან დაპირისპირების წინ.

მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადალახო, სხვანაირად რად გინდა, უფრო ზედა ეშელონში რომ იწევ? აბა, იქ ნახეთ გადაღლილობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ესპანეთი რომ დაგვიპირისპირდება. პორტუგალიასავით კი არ ააცილებენ ერთ მატჩში 32(!) სამქულიანს? არც იმდენ შეცდომას შეგვარჩენენ, რაც პირენეელებმა გვაპატიეს. იქ ელიტაა, სულ სხვა დონეა და იქ რომ ააღწიო, ბელგიასთან არ უნდა მარცხდებოდე 23 ქულის სხვაობით.

ახლა კალათბურთელებსაც დავუთვალოთ "წიწილები": წინა მიმოხილვაში ვწერდით - ფაჩულიამ უნდა აჯობოს ყველას და უპირველესად საკუთარ თავსო. გუნდის კაპიტანი მეოთხე პერიოდამდე ვერა და ვერ  გაიხსნა. ბოლო ათწუთეულში კი საოცარი ამბები დაატრიალა. ჯერ შეხლა-შემოხლა მოუვიდა მეტოქესთან, მერე მსაჯთან, ტექნიკური ფოლიც მიიღო და ლამის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გამარჯვება.

ეტყობა, ზაზა მაგრად გაბრაზდა და რაც ამის მერე დამართა პორტუგალიას, მტერსა და დუშმანს - ვინც წინ გადაეღობა, ასფალტის სატკეპნ მანქანასავით გადააუთოვა, სამი კაცი 5-5 პერსონალურით გააგდებინა, მოხსნებშიც ივაჟკაცა და ბურთიც აღარ აუცილებია. შედეგად მივიღეთ გაცამტვერებული პორტუგალიის ნაკრები. ამის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწევს სერიოზული დაფიქრება ახალ სანაკრებო ვაკანსიაზე, რომ ამ პოსტზე გამწესებულმა თანამშრომელმა იმუშაოს - სხვადასხვა მეთოდითა და ტაქტიკით ფაჩულიას გაბრაზებაზე.

კარგი იყო ჩვენი გუნდის დაცვა ბელგიის თამაშის გამოკლებით. ეს ეტყობა, კოკოშკოვის მთავარი კოზირია და გუნდის წარმატების ფუნდამენტს უკანა ხაზიდან აშენებს. ჯგუფში ყველაზე ცოტა მიღებული ბურთიც ამაზე მეტყველებს, მაგრამ რად გინდა, თუკი შეტევაში ასე გაფლანგავ უამრავ ხელსაყრელ მომენტს? რაც ჩვენ 100%-იანი ქულები ქარს გავატანეთ, აქამდე გასულები უნდა ვიყოთ "დამკაში".

ამაზე მოგვიწევს სერიოზული მუშაობა. ეს ყველაფერი დიდწილად ნერვიულობის ბრალი მგონია, რადგან არაერთი მომენტი ვნახეთ, როცა ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი ჩვენი ბიჭები უცნაურად უფრთხოდნენ პერიმეტრიდან ტყორცნას, რატომღაც უკანკალებდათ მაჯა (გაიხსენეთ, ბელგიელთა მიერ ჩვენთან აუღელვებლად ჩაგდებული 3-ქულიანები ლამის მოედნის ცენტრიდან). ამის დაძლევა გამოცდილების მიღების ხარჯზეა შესაძლებელი. საერთოდ, რწმენა გამარჯვებას მოაქვს და პირიქით! საკუთარი სიძლიერის უნდა ირწმუნო და აჯობებ, თორემ რითია იგივე ბელგია ჩვენზე ჩაუქი? ზუსტად იმით, რაც ზევით ჩამოვთვალეთ.

უკანახაზელებმა ნამდვილად დაგვწყვიტეს გული და ეს უპირველეს ყოვლისა გიორგი ცინცაძეზე უნდა ითქვას, რომელიც თავის თავს არ ჰგავდა. ამდენი შეცდომა, ალბათ, კარიერის მანძილზე ერთად აღებული არ დაუშვია.

რა მოხდა და რისი ბრალია, იმედია, თავადაც სერიოზულად დაფიქრდება და კოკოშკოვიც. არადა, ცინცაძის მიერ ჩატარებული ისეთი თამაშები გვახსოვს, გამოცდილ ოსტატებსაც რომ შეშურდებოდათ.

მივადექით გაქართველებულ ამერიკელებს. აქამდე ვინც თამაშობდა ჩვენთან (უილიამსი, ელისი), მათთან შედარებით დღევანდელი მოწვეულები გაცილებით დაბალი დონის ოსტატები აღმოჩნდნენ. შესაძლოა, მათ შერჩევის მომენტში რაღაც ისეთი დაანახეს კოკოშკოვს, რამაც განაპირობა კონტრაქტების გაფორმება, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ერთმა ვერ გაიბრწყინა.

აქ, რაღა თქმა უნდა, ტორინ გრინზეა ლაპარაკი და არა ჰოსლიზე, რომელიც მხოლოდ ჰიმნის მოსასმენად არის ჩამოსული (დებულებით, ორ ნატურალიზებულ კალათბურთელს არ აქვს უფლება, მატჩში მონაწილეობა ერთდროულად მიიღოს). გრინი სულაც არ არის ურიგო კალათბურთელი, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგვიმართლა.

აქამდე მოწვეულები უნივერსალური თამაშით გამოირჩეოდნენ უკანა ხაზში ანუ ჰქონდათ ყველაფერი, რაც გამთამაშებელს ევალება: მშვენიერი დრიბლინგი, ზუსტი პასი, ფარქვეშ შეჭრა და დაყენებული ტყორცნა. რაც მთავარია, მშვენივრად ესროდნენ პერიმეტრიდან. აი, ამ უკანასკნელ კომპონენტში კი გრინმა ვერ ივარგა, 3-იანებში მისი სიზუსტე სასურველისგან აშკარად შორსაა, დანარჩენში კი ყოჩაღობს, მაგრამ მარტო ეს არ შველის საქმეს.

პორტუგალიასთან დავინახეთ, რომ ნერვებიც არ ჰქონია წესრიგში. ფედერაციის თავკაცს, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ მოეხსენება ყველაფერი და იმედია, მომავალ წელს ორი ჩვეულებრივი უცხოელის მაგივრად ერთს ისეთს ჩამოიყვანენ, რომელიც საკუთარ მისიას გაამართლებს. ამ ეტაპზე არა უშავს, გაისად კი ისეთ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომ გრინის პერიმეტრიდან ნასროლი და კალათამდე ძლივს მიწეული 3-ქულიანები გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს.

დიდი იმედი გვაქვს ჭაბუკების - თორნიკე შენგელია შრომისმოყვარე ბიჭია და ბრძოლაც ბოლომდე იცის. მეტრეველიც და შედარებით გამოცდილი შერმადინიც აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას მომავალში. ამათ დაუმატეთ "მფრინავი" სანიკიძე და უნივერსალი მარკოიშვილი, ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა, რომელიც ახლა ტრავმის გამო გამოაკლდა ნაკრებს. ბოისას დონის გამოცდილება ამ გუნდში არავის აქვს და ის რომ გვეყოლება, მეტი თავდაჯერება შეემატება ჩვენი გუნდის თამაშს.

მწვრთნელი? უდავოდ, კარგი სპეციალისტია იგორ კოკოშკოვი. დრო უნდა და ალბათ, უნდა ვაცალოთ. შრომობს კაცი და უფასდება კიდეც. შესაძლოა, ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც უფრო მაღალი მიზნებისკენ თავისუფლად გაიწევს. ერთი რამის თქმა კი ახლავე შეიძლება:

ამ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზა და ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ გამარჯვების მისაღწევად. თუ ბოლომდე არ გამოუვიდათ, გამოცდილება ხომ მიიღეს და ამის ხარჯზე გაისად უკეთ იასპარეზებენ. მადლობა ვუთხრათ მარტო იმისთვის, რომ ერთი თვის განმავლობაში კალათბურთით გვაცხოვრეს და აგვიყოლიეს იმ შემართებაში, რაც მორაგბეების მერე დიდი ხანია აღარ განუცდია გულშემატკივარს.