"სადედამთილოს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია... " - მსოფლიო ჩემპიონობა და კიდევ ერთი შეუდარებელი ცეკვა - კვირის პალიტრა

"სადედამთილოს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია... " - მსოფლიო ჩემპიონობა და კიდევ ერთი შეუდარებელი ცეკვა

მას მერე, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მორიგი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ტრადიციულად ჯერ მისი საფირმო სალტო შეასრულა, შემდეგ დაიჩოქა და პირჯვარი გადაისახა, ტატამს აკოცა და დასასრულ ქართული ცეკვის ილეთებით ჩამოუარა საჭიდაო ხალიჩას. ეს მსოფლიოში ჭიდაობის სახეობათა მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი ნინო ოძელაშვილია - ქართველი სამბისტი ქალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჯერ პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონია.

„კვირის პალიტრა“ ულოცავს ნინოს გამარჯვებას და უსურვებს კვლავაც მრვალაჯერ გაახაროს გულშემატკივარი. ჩვენს არქივში მასთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ ინახება. ვიდრე ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონი ახალ ამბებს მოგვიყვება, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუებიდან:

- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერმძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა, შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე. 5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა.

სხვათა შორის, თმები გადამხოტრეს და შეჯიბრებეზე რომ გავდიოდი მეტოქეებმა არ იცოდნენ რომ გოგო ვიყავი. იმის გამო რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი პორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო, მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი არა ნაკლებად ძლიერია ქალი, მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი.

და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა. თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე.

- შეურაცხმყოფელი რეპლიკები თუ ყოფილა?

- სამწუხაროდ კი, მაგის გამო მიჩხუბია კიდეც, სხვათა შორის გოგებისგანაც ყოფილა ნეგატიური შეფასება, უთქვამთ - ქალებს სახელს უფუჭებ შენი საქციელითო.

- მეუღლეზე მიამბეთ.

- მომავალი მეუღლე, გიორგი გურგენიძე, ინტერნეტით გავიცანი. გიორგი ჯარისკაცია, ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. შეიარაღებულ ძალებში რაგბის თამაშობდა. პირველად ვაკის პარკში შევხვდით ერთმანეთს. არ ვაპირებდი შეხვედრას, მაგრამ გიორგიმ ჭკუა იხმარა: მითხრა, დარწმუნებული ვარ, ყველა ფოტო, რომელიც "ფეისბუკზე" გიდევს, სხვისია, ფოტოებზე ძალიან ლამაზი გოგოა გამოსახული, შენ რომ ასეთი იყო, არ დაიმალებოდი და შეხვედრაზე დამთანხმდებოდიო. ამაზე გავგიჟდი... ნელ-ნელა თავისი ყურადღებით, საქციელით თავი შემაყვარა. მერე გიორგი ავღანეთში წავიდა, რომ დაბრუნდა, ვიქორწინეთ.

დედამისს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია. დაკუნთული, დაგვაჯული, ვარჯიშისგან კისერჩასქელებული ვეგონე. მაგრამ როცა გამიცნო, გაუხარდა, რა კარგი გოგო ყოფილა, მაღალი და წერწეტაო.

- სამზარეულოშიც ისეთივე ძლიერი ხართ, როგორიც ჭიდაობაში?

- მოვიტყუები, რომ ვთქვა, ყველაფრის მომზადება ვიცი-მეთქი, თუმცა ცუდი ხელი არა მაქვს, რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის. გიორგის მოსწონს ჩემი ნახელავი. დედამთილიც მეხმარება. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად დალაგება და ოთახებში ავეჯის გადაადგილება მიყვარს.

- გამარჯვების აღსანიშნავად როცა პირველად იცეკვეთ, თქვით, რომ მეუღლეს მიუძღვენით.

-(იცინის) ცეკვა მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, იცეკვეო, მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვიცეკვებდი და პირნათლად შევუსრულე პირობა. გიორგი სულ გვერდში მიდგას. ყოველ დილით ჩემთან ერთად დარბის. პირველად კიმონო მაჩუქა და ბევრი წარმატება მომიტანა მისმა საჩუქარმა. სპორტის მინისტრმა იხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა დასახვეწი გაქვსო. ამაზე ბევრი ვიხალისე.

იხილეთ ფოტოგალერეა