სამი ოქრო და 7 რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე - ქართველი გოლიათის ტრიუმფი - კვირის პალიტრა

სამი ოქრო და 7 რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე - ქართველი გოლიათის ტრიუმფი

ტრიუმფალური გამოდგა აშხაბადში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი ძალოსანის ლაშა ტალახაძისთვის. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონობა სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ის ჩემპიონი გახდა ატაცში და 2 რეკორდიც დაამყარა. ლაშამ პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო ორიოდ წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძემ აკვრაში 245, 252, 257 კილოგრამი დაძლია და სამივე მისვლა სარეკორდო გამოდგა. ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამშიც (474 კგ.), რომელშიც საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენა, ანუ ერთ ჩემპიონატზე 7 რეკორდი დაამყარა. ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მანმდე 2-ჯერ ჰქონდა მოპოვებული. აშხაბადში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

არავის ეეჭვებოდა, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონობას მესამედ მოიპოვებდა. ძალოსნობის ქომაგები მხოლოდ იმაზე ბჭობდნენ, ქართველი სპორტსმენი ტურნირზე რამდენ რეკორდს დაამყარებდა. ლაშამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ზაფხულს ტაშკენტში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან ახალი წონითი კატეგორიები შემოიღო.

ვაჟებისთვის: საერთაშორისოზე - 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, 109 და +109 კილოგრამი; ოლიმპიურ თამაშებში - 61, 67, 73, 81, 96, 109, +109 კგ;

ქალებისთვის: საერთაშორისოზე - 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, 87, +87 კგ; ოლიმპიურ თამაშებში - 49, 55, 59, 64, 76, 87, +87 კგ;

ახალგაზრდები: ვაჟებისთვის - 49, 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, +102; გოგონებისთვის - 40, 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, +81 კგ.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ფაქტობრივად, თვე-ნახევრის წინათ ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯა ძალები, ოღონდ - ძველ (+105 კილოში) წონაში. მესამე ცდაზე მან 264 კილოგრამი აკრა, რაც კილოგრამით აღემატება 2004 წელს ათენში ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს (ატაცშიც პირველობა ტალახაძეს ეკუთვნის - 220 კგ). გაგრძელება

იხილეთ ვიდეო