გიორგი ჩაკვეტაძე: "ვეცდები, იმედი არავის გავუცრუო!" - კვირის პალიტრა

გიორგი ჩაკვეტაძე: "ვეცდები, იმედი არავის გავუცრუო!"

ჩვენს ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა ასეთი სითბოსა და მხარდაჭერისთვის! ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ძალიან მიხარია, რომ მენდობიან

19 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს გუნდის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე, - ლამის ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტიც, მაგრამ... ბევრი ლაპარაკი რომ არ უყვარს და მით უმეტეს, ჟურნალისტებთან, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით. ამაში ცუდი არაფერია: გიორგიმ საქმით, მოედანზე გააგრძელოს "ლაპარაკი" და მისი პასუხიც ეს იქნება მედიისა თუ მისი გადაბირების მსურველებისთვის. ახალგაზრდა ქართველის შეძენა უკვე იმდენ ძლიერ კლუბს სურს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გენტი" კლუბისთვის სარეკორდო ფასად შეელევა. განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად (როგორც კლუბების, ისე მკითხველის), თავად ფეხბურთელს სავარაუდო ტრანსფერზე ლაპარაკი არ სურს, სხვა თემებს კი მეტ-ნაკლებად შევეხეთ და ვფიქრობ, დაგაინტერესებთ კიდეც. მოკლედ, 12 ნოემბერს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო, გიორგი ჩაკვეტაძე კი "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ბელგიაში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა და "გენტი" სერიოზულ ტრამპლინად იქცევა შენს კარიერაში!

- ჩემი გადაბირება სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, არჩევანი "გენტზე" შევაჩერე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა ლაშა ჯაკობიას, გიორგი გახოკიძესა და როჯერ ჰენროტაის! ბელგიაში სწორედ ამ ხალხის დახმარებით მოვხვდი, ვენდე და არც შევმცდარვარ...

- კლუბის არჩევაში არ შემცდარხარ, მაგრამ ბოლო მატჩებია, ვერც ბელგიაში გაჩერებენ და ვერც ეროვნულ გუნდში. რის დამსახურებაა ეს? "გენტის" მწვრთნელის შეცვლამ იმოქმედა დადებითად თუ ნაკრებში კარგმა თამაშმა შეგმატა თავდაჯერება? - ვფიქრობ, ყველაფერი ჩემმა მონდომებამ განაპირობა. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ძალიან მიხარია, რომ მენდობიან.

- ოდესმე გიფიქრია, რომ 19 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდი? - არა, ამ ასაკში ასეთ რაღაცას ვერასდროს წარმოვიდგენდი...

- ჩაკვეტაძე ევროპის მთავარ ტალანტებს შორის "ვარსკვლავი", "ახალი ქინქლაძე" და ა.შ. რას გრძნობ, როცა შენ შესახებ ასეთი შეფასებები

გესმის? - ბედნიერი ვარ, მართლაც უდიდეს სტიმულს მაძლევს, ძალიან მინდა იმედი არავის გავუცრუო!

- სტიმულს გაძლევს, მაგრამ ასეთი შეფასებები დათვურ სამსახურსაც ხომ არ გაგიწევს, განვითარებაში ხელს ხომ არ შეგიშლის? - დღეს ნამდვილად არ მიშლის ხელს! ვეცდები, მომავალშიც ასე გავაგრძელო, ჩემს საქმეს ყოველთვის გულით, მთელი სერიოზულობით მივუდგე და არაფერი ამივარდეს თავში.

- უკვე გახდი ისტორიის ნაწილი, როგორც "ერთა ლიგაში" გატანილი პირველი გოლის ავტორი. რას ფიქრობ ამ თემაზე? - ძალიან ბედნიერი ვარ!

- საქართველოს ნაკრებმა უეფას ახალი ტურნირი დიდებულად დაიწყო: ოთხიდან ოთხი მოგება, 12 ქულა და არც ერთი გაშვებული ბურთი. სატურნირო ცხრილს რომ უყურებ, გჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება? - "ერთა ლიგა" მართლაც საუცხოოდ დავიწყეთ, წარმატებით ვაგრძელებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს.

- როგორ ფიქრობ, რის დამსახურებაა საქართველოს ნაკრების ასეთი თამაში და შედეგი? ჩვენი დონის მეტოქეები ვიპოვეთ, პირველმა გამარჯვებებმა თავდაჯერება შეგვმატა, გვიმართლებს თუ... - წარმატების მიზეზად ჩვენი მონდომება და თავდაჯერება მიმაჩნია. ასევე ისიც, რომ მეტოქეებად გრანდები არ გვყავს.

- საქართველოს ნაკრებს სულ უჭირდა აუცილებლად მოსაგებ მატჩებში გამარჯვება. ახლა რა ხდება? შემადგენლობა ხომ, ფაქტობრივად, იგივეა, რაც წლების წინ? - კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემი აზრით, ჩვენს მონდომებასთან ერთად წარმატების მიზეზი სწორი თამაშიც არის.

- "ერთა ლიგაზე" ჩატარებულ ყველა თამაშში გამორჩეული იყავი. თავად რომელი გახსოვს განსაკუთრებულად? - ყაზახეთთან გამართული ტურნირის პირველი მატჩი! განსაკუთრებული გრძნობა იყო, ჩემი გოლით რომ მოვიგეთ.

- ნოემბრის მატჩებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა: რაკი ფლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული გვაქვს, დარჩენილ შეხვედრებში მოტივაციას ხომ არ დავკარგავთ? - არა მგონია. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ მატჩებშიც წარმატებით ვითამაშებთ.

- რას ფიქრობ, როცა გახსენდება, რომ ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ორად ორი მატჩის მოგება გვაშორებს? - ეს საოცრად დიდი ემოციაა, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან დიდი მონდომება დაგვჭირდება.

- რას გვეტყვი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე? როგორია "შიგნიდან", სანაკრებო "სამზარეულოდან" დანახული ვლადიმერ ვაისი? რას გეუბნებათ, როცა ფეხბურთელები მწვრთნელის პირისპირ რჩებით? - ვლადიმერ ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა! თამაშის წინ ყოველთვის კარგ განწყობას გვიქმნის.

- საქმეს ისე ეტყობა, რომ "გენტი" მალე შეელევა თავის მთავარ ვარსკვლავს, თანაც კლუბისთვის სარეკორდო ფასად... სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი თამაშში ხელს ხომ არ გიშლის? - დამიჯერეთ, ნამდვილად არ მიშლის ხელს. ვცდილობ, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

- შენ შემდეგ, "გენტში" ჩაირიცხა გიორგი ქვილითაიაც. მისი ტრანსფერიც ქართველი მენეჯერების დამსახურებაა? - დიახ, ვენის "რაპიდიდან" ის გიორგი გახოკიძემ, ლაშა ოდილაძემ და ლაშა ჯაკობიამ წამოიყვანეს. დარწმუნებული ვარ, როცა გიორგი გამოჯანმრთელდება, ჩვეული სიხშირით გააგრძელებს გოლების გატანას.

- უკვე განაახლა ვარჯიში? - ტრავმამ რამდენიმე თვე დააკარგვინა, მაგრამ ვარჯიში უკვე განაახლა და იმედია, "გენტს" მალე დაეხმარება.

- "ანდერლეხტი", "ბრიუგე" და "სტანდარდი"... ბოლო წლებში ბელგიური ფეხბურთის ამ სამ გრანდს "გენტიც" შეემატა და მეტ-ნაკლებად ჩემპიონატის საერთო დონეც გათანაბრდა. რა არის თანამედროვე ბელგიური ფეხბურთის პლუს-მინუსები? - ბელგიის ჩემპიონატის დონე ძალიან გაზრდილია. მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ, ბრძოლისუნარიანი კლუბებით.

- ბელგიაში ცხოვრობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპიც. ხომ არ შეხვედრიხარ ან თანაგუნდელებთან ხომ არ გილაპარაკია მასზე? - არა, ბოსკამპს არ შევხვედრივარ.

- მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი კი ხარ, მაგრამ ასარჩევად რომ გქონდეს საქმე, ამ ასაკსა და ამ ვითარებაში სად გააგრძელებდი კარიერას? - წინასწარ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ისე კი ჩემთვის საოცნებო კლუბი მართლაც მადრიდის "რეალია".

- მას შემდეგ, რაც რონალდუ ტურინში გადაბარგდა, ისევ "რეალს" ქომაგობ? - დიახ, "რეალის" ერთგული ვარ!

- შენც უნდა დაგისვა ბოლო ათწლეულის მთავარი კითხვა: მესი თუ რონალდუ? - რონალდუ!

- ინტერვიუს ბოლოს, რას ეტყვის გიორგი ჩაკვეტაძე ქართველ გულშემატკივარს, რომელსაც მისი ძალიან ეიმედება? - ჩვენს ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა ასეთი სითბოსა და მხარდაჭერისთვის! ვეცდები, გავამართლო მათი დიდი იმედი!