ტალახის სროლა ადვილია, ტალახაძის დამარცხებაა შეუძლებელი!
12-11-2018
ტალახის სროლა ადვილია, ტალახაძის დამარცხებაა შეუძლებელი!
მსოფლიო ჩემპიონობა და შვიდი რეკორდი!

დიახ, მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულთან ერთად, ლაშა ტალახაძეს აშხაბადიდან რეკორდების სიაც მოაქვს, ისევე, როგორც ბოლო წლების ყველა დიდი ტურნირიდან. ამჯერად, 474 კილოგრამი ასწია ორჭიდის ჯამში და თურქმენული ფიცარნაგიდან მესამედ გადმოხედა მსოფლიოს.
ატაცში 207 კილოგრამის დაძლევის შემდეგ ქართველმა გოლიათმა ზედიზედ დაამყარა ორი რეკორდი - 212 და 217 კგ აიტაცა. სარეკორდო იყო ლაშას სამივე მისვლა აკვრაშიც: 245, 252 და 257 კგ. ჯამში - 474 კილოგრამი დასძლია და
24 კილოგრამით(!) გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სომეხს - გორ მინასიანს...

თუმცა, რომელი მეტოქე, რა მეორე ადგილი?! მესამე წელიწადია, ლაშა მხოლოდ თავის თავს, რეკორდებსა და რკინას ებრძვის, რკინას, რომელიც ყოველ ტურნირზე სულ უფრო მძიმდება და მძიმდება, ოღონდ... ისე ვერა, ქართველმა გოლიათმა რომ ვერ მოარჯულოს!

ჰოდა, ჩვენებური
სწორედაც რომ ლუკმა-ლუკმა "იზოგავს" მთავარ მეტოქედ ქცეულ ლითონს. ერთბაშად არა, ნელ-ნელა იმორჩილებს და დიდ ტურნირებზე უმატებს წონასაც და საკოლექციო ოქროსაც. ხელ(ებ)ის ერთი მოძრაობით იმორჩილებს რეკორდებს, საჩხერელი გოლიათის გამოჩენამდე ათწლეულები რომ გაუძლიათ... რკინის კაცია და რკინას ებრძვის, ესე იგი, საკუთარ თავსაც, რაკიღა მას და რკინას შორის კარგა ხანია, აღარავინაა. მხოლოდ რკინის კაცი დარჩა - თავისი თავის წინააღმდეგ. აკი არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მთავარი რკინასთან გაჯიბრებაა და არა მეტოქესთან...

აღარც არიან მეტოქეები... შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ წესად იქცა, რომ მძიმეწონოსანთა კვარცხლბეკის მხოლოდ ორი საფეხურია თავისუფალი, პირველისთვის კი მხოლოდ ერთი ებრძვის თავის თავს, რკინასა და რეკორდებს.
ადრეც არაერთხელ დამიწერია და დღესაც გავიმეორებ: ლაშა ტალახაძე მხოლოდ ფიზიკურად და შედეგებით არ არის დიდი კაცი, რკინის კაცია, ოქროს მედლებითა და ხასიათით.

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებში ლაშა კრიტიკის ობიექტიც გახდა, ზოგიერთმა ხაზიც კი გადაუსვა მას და მის შედეგებსაც, ფიცარნაგს მიღმა საქციელი და გადაწყვეტილება დაუწუნეს... არადა, ტალახაძის საქმე სწორედაც ფიცარნაგზე და კვარცხლბეკზე დგომაა.
იმ ფიცარნაგზე, სადაც ტალახის სროლა ადვილია, ტალახაძის დამარცხება - შეუძლებელი!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით