ბალკანელებზე ბელარუსის გავლით - კვირის პალიტრა

ბალკანელებზე ბელარუსის გავლით

საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე; გამოჩნდა პერსპექტივა, იმედი და... გიორგი ჩაკვეტაძე! ბოლო თვეებია, ყველა ამ 19 წლის ბიჭზე ლაპარაკობს. იწერება მისით "ბარსელონას", "ბაიერნის", "რეალის", "ლაციოს" დაინტერესებაზე

საქართველო მეოთხე კალათაშია

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების ბოლო მატჩში 2:1 დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები, ქვეჯგუფში (და ლიგაში) საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი ორი მეტოქიდან პირველის ვინაობაც გაარკვია - 2020 წლის გაზაფხულზე ბელარუსის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

ყაზახეთთან მატჩი დაძაბულიც იყო, დრამატულიც და მთავარი ფიგურაც ჰყავდა, მაგრამ რადგან ყველას ნანახი გაქვთ, ერთი კვირის წინანდელ მატჩზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. ჯობს, გავარკვიოთ, რა (და ვინ) ელის ვლადიმერ ვაისის გუნდს უახლოეს მომავალში.

მეტოქე

დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულებს შორის საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა, ბელარუსმა - დანარჩენ სამზე უარესი. უფრო კონკრეტულად: საქართველო - 16 ქულა (ბურთების სხვაობა +10), მაკედონია - 15 (+9), კოსოვო - 14 (+13), ბელარუსი - 14 (+10). აქედან გამომდინარე, 2020 წლის მარტში სწორედ იგორ კრიუშენკოს გუნდს დავუხვდებით. ალექსანდრ გლების გარდა, ქართველ ქომაგს ბელარუსი ფეხბურთელებიდან ბევრი არავინ ეხსომება. 37 წლის გლები ჯერ კიდევ თამაშობს ნაკრებსა და ბორისოვოს "ბატეში", მაგრამ "გაქაჩავს" თუ არა კიდევ წელიწად-ნახევარს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, ამას პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ ვნახავთ. ერთიცაა - ბელარუსებს ნამდვილად არა აქვთ ფუფუნება, უარი თქვან ფეხბურთელზე (თუ ჯანზე იქნება), რომელსაც "ბარსელონში", "არსენალსა" და "შტუტგარტში" უთამაშია. ალბათ, არც და ვერც იტყვიან. ისე კი, ჩვენი მომავალი მეტოქე საკმაოდ ხანდაზმული გუნდია - ფეხბურთელების საშუალო ასაკი თითქმის 30 წელია (29,7 წელი) და არ არის გამორიცხული, 2020 წლისთვის არა მხოლოდ გლები, ბევრი სხვა ფეხბურთელიც შეიცვალოს.

ერთა ლიგაზე კი ბელარუსის ნაკრები ამ შემადგენლობით თამაშობდა (ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორ მატჩში):

მეკარეები: ანდრეი გარბუნოვი ("დინამო მინსკი", 18 თამაში), სერგეი ჩერნიკი ("ნანსი", საფრანგეთი, 18 თამაში), დენის შერბიცკი ("ბატე").

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი ("კრასნოდარი", რუსეთი, 63 თამაში, 2 გოლი), იგორ შიტოვი ("დინამო მინსკი", 62 თამაში, 1 გოლი), დენის პალიაკოვი ("ბატე", 33 თამაში, 1 გოლი), მაქსიმ ვოლოდკო ("ბატე", 30 თამაში, 2 გოლი), სერგეი პალიცევიჩი ("ქაირათი", ყაზახეთი, 28 თამაში, 1 გოლი), მიხაილ სივაკოვი ("ორენბურგი", რუსეთი, 23 თამაში, 1 გოლი).

ნახევარმცველები: ალექსანდრ გლები ("ბატე", 79 თამაში, 6 გოლი), სერგეი კისლიაკი ("დინამო ბრესტი", 69 თამაში, 9 გოლი), სტანისლავ დრაგუნი ("ბატე", 56 თამაში, 10 გოლი), ანტონ პუცილა ("ანკარაგიუჯუ", თურქეთი, 54 თამაში, 6 გოლი), იგორ სტასევიჩი ("ბატე", 44 თამაში, 4 გოლი), სერგეი ბალანოვიჩი ("შახტიორი", 33 თამაში, 2 გოლი), ივან მაიევსკი ("ასტანა", ყაზახეთი, 25 თამაში, 0 გოლი), პაველ სავიცკი ("დინამო ბრესტი", 16 თამაში, 4 გოლი), ალექსეი რიოსი ("ბატე", 10 თამაში, 1 გოლი), იური კავალიოვი ("შახტიორი", 9 თამაში 1 გოლი), დმიტრი ბაგა ("ბატე", 2 თამაში, 0 გოლი).

თავდამსხმელები: ანტონ საროკა ("ლოკერენი", ბელგია, 14 თამაში, 7 გოლი), მიხაილ სიგნევიჩი ("ბატე", 14 თამაში, 1 გოლი), მაქსიმ სკავიში ("ბატე", 12 თამაში, 1 გოლი).

როგორც ხედავთ, ბელარუსები ლეგიონერთა სიმრავლით ვერ დაიკვეხნიან. თითო მოთამაშე ჰყავთ ბელგიურ, ფრანგულ და თურქულ კლუბებში, რამდენიმე - ყაზახეთსა და რუსეთში, დანარჩენები კი, უმეტესწილად, ეროვნული ჩემპიონატის კლუბების, კერძოდ - ბორისოვოს "ბატესა" და მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავენ.

კარგი ფიზიკური მომზადების მქონე ბელარუსი ფეხბურთელები ძირითად ყურადღებას დაცვას უთმობენ (ჩვენი მომავალი მეტოქე ერთადერთი გუნდია D ლიგაში, რომელსაც გოლი არ გაუშვია!), თუმცა სწრაფად გადადიან შეტევაზე და გოლების უმეტესობაც კონტრშეტევის შემდეგ გააქვთ. იგორ კრიუშენკოს გუნდმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილზეა, ბოლო ათი შეხვედრიდან ექვსი მოიგო, სამი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქამდე, ბელარუსებთან სამჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით თანაბარი ბალანსი გვაქვს: თითო მოგება და ფრე. ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ - 2017 წლის 13 ნოემბერს ვეთამაშეთ ამხანაგურად და ქუთაისში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა.

ბელარუსის ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია ბორისოვოს "ბატეს" შემტევი სტანისლავ დრაგუნი, რომელმაც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი გოლი გაიტანა. 14 სანაკრებო მატჩში შვიდი გოლი აქვს გატანილი ბელგიის "ლოკერენის" თავდამსხმელ ანტონ საროკას და დრაგუნთან ერთად ყველაზე მეტად სწორედ მას უნდა ვუფრთხოდეთ.

ლიგის მეორე ნახევარფინალში მაკედონია და კოსოვო ითამაშებენ, ასე რომ, თუ ბელარუსულ ბარიერს გადავლახავთ, ბალკანური გამოცდა გველის.

წილისყრა

საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე; გამოჩნდა პერსპექტივა, იმედი და... გიორგი ჩაკვეტაძე!

ბოლო თვეებია, ყველა ამ 19 წლის ბიჭზე ლაპარაკობს. იწერება მისით "ბარსელონას", "ბაიერნის", "რეალის", "ლაციოს" დაინტერესებაზე. ჩაკვეტაძეზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ მალე მართლაც ვნახავთ ევროპის წამყვან კლუბში და ბოლო თვეებში მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ახალგაზრდა მოთამაშის ფსიქიკაზე უარყოფითად არ იმოქმედებს...

საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება, ამიტომაც მეტი იმაზე ვილაპარაკოთ, რა გველის.

მაშ, ასე:

გარდა იმისა, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის კალათებიც დაკომპლექტდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო მეოთხე კალათშია განთესილი უნგრეთთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან, ალბანეთთან, მონტენეგროსთან, კვიპროსთან, ესტონეთთან, სლოვენიასა და ლიეტუვასთან ერთად.

პირველი კალათა: ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი;

მეორე კალათა: ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანია;

მესამე კალათა: ფინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, შოტლანდია, ბულგარეთი, ისრაელი;

მეოთხე კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლიეტუვა, ჩერნოგორია, სლოვენია;

მეხუთე კალათა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია, მოლდოვა, ფარერები;

მეექვსე კალათა: ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან მარინო, მალტა.

რადგან ფინალურ ეტაპს 12 ქვეყანა უმასპინძლებს, "ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ტურნირის მასპინძელი ქვეყნნებიც ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყნები (ინგლისი, შოტლანდია, ესპანეთი, გერმანია, დანია, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, უნგრეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

დაწესდა ტერიტორიული შეზღუდვაც, მაგალითად, ისლანდია არ შეიძლება ერთდროულად საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსსა და ისრაელთან მოხვდეს.

პოლიტიკური დაპირისპირების გამო ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან უკრაინა-რუსეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი, გიბრალტარი-ესპანეთი, კოსოვო-ბოსნია, კოსოვო-სერბეთი.

კლიმატური შეზღუდვის გამო უეფა ამიერიდან არც იმას დაუშვებს, რომ ერთ ჯგუფში ორზე მეტი მკაცრი ზამთრით გამორჩეული ქვეყნის (ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა) ნაკრები მოხვდეს.