ბრძოლაში მოპოვებული ქულა - კვირის პალიტრა

ბრძოლაში მოპოვებული ქულა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ბოლო წლების ქრონიკული მარცხის ფონზე, სასიამოვნოდ გააოცა გულშემატკივარი. ევროპის ექსჩემპიონთან დაძაბულ ჭიდილში მოპოვებული ქულა ნამდვილად დასაფასებელია და უპირველესად კი იმიტომ, რომ ახალმა მწვრთნელმა მომავლისთვის კარგი ფსიქოლოგიური განწყობა შექმნა.

თემურ ქეცბაიასთვის პირეოსში ჩასატარებელ თამაშს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ ორივე გადალახა. პირველი–ფეხბურთელთა შემზადება იყო ფავორიტის წინააღმდეგ, რათა მუხლების კანკალი არ ავარდნოდათ და მეორე - ადგილობრივ ფანებთან ანგარიშის გასწორება და მათთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ალბათ, გახსოვთ, ქეცბაია არცთუ დიდი ხნის წინ "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიეს. ქართველ სპეციალისტს დებიუტი შესანიშნავი გამოუვიდა - 5 მოგება, 1 ფრე და არც ერთი გაშვებული გოლი(!). მაგრამ პირეოსელებმა უმადურობით უპასუხეს და ასეთი შედეგის მიუხედავად, "ქეცბა"”გუნდიდან გაუშვეს(?!). რას ერჩოდნენ და რა ბოღმა კლავდათ, ძნელი სათქმელია, მაგრამ იმედია, ამ შეხვედრის მერე მაინც მიხვდებოდნენ, რა დონის მწვრთნელს მოექცნენ უღირსად. ბოღმა რომ შემორჩენიათ, დასაწყისშივე გამოჩნდა, როცა ტრიბუნები სტვენით შეხვდნენ საქართველოს ნაკრების დამრიგებელს, მაგრამ თემურმა იშვიათი სიმშვიდით უპასუხა და მინდორზე დაუმტკიცა უმადურ ბერძნებს თავისი ამბიცია.

მატჩის დასაწყისი კი ისეთი იყო, უკეთეს ვერც ვინატრებდით. ქართველებმა ბერძნებს გამარჯობის თქმაც არ აცალეს, თვალშეუვლები სისწრაფით ჩაგრიხეს ლამაზი კომბინაცია და იაშვილმა მეტოქის კარის ბადე შეარხია. მასპინძლებს გონს მოსასვლელად საკმაო დრო დასჭირდათ, თუმცა დიდი ჭკუამახვილობა ვერ გვაჩვენეს შეტევაში. საოცარია, მაგრამ ქართველებს ნერვიულობის ნატამალიც არ ეტყობოდათ და კედელივით იდგნენ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. ასათიანი და ამისულაშვილი არც მაღალ და არც დაბალ პასებზე მეტოქის შემტევებს არ აჭაჭანებდნენ. ცოტა გვიჭირდა დაცვის ფლანგებზე. კახა კალაძეს ლამის ერთწლიანმა უმოქმედობამ თავისი დაღი დაასვა, მაგრამ კალაძე, თუნდაც სათამაშო პრაქტიკის არმქონე, მაინც კალაძეა და აკი იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერც ვერაფერი დააკლეს ბერძნებმა. რაც შეეხება მარჯვენაფლანგელ ლობჟანიძეს, იმედია, გაითვალისწინებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ფლანგზე გამწესებული მცველები დიდი ხანია, რაც მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით არ შემოიფარგლებიან და აუცილებლად უნდა იმუშაოს და დახვეწოს წინ თამაშის ოსტატობა. მოკლედ, დაცვის ხაზი მყარად იდგა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც და უმეტესობა თვალში საცემი, მაგრამ მეტოქემ ვერ "იბაირამა" ჩვენს საჯარიმოში და ეს უკვე კარგია.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის შუა ხაზს: გვაკლია, ძალიან გვაკლია შემტევები შეტევაზე გადასვლისას, სანამ ყენიას ქრონიკულ ტრავმას დაადგება საშველი. შრომობენ, ოფლს ღვრიან ბიჭები, მაგრამ აკლიათ დამაჯერებლობა. წინ ბურთი თითქმის ვერ დავიჭირეთ და რა დიდი ფილოსოფია უნდოდა იმას, რომ ერთხელაც გაგვიტანდნენ მასპინძლები თუნდაც ნაწვალებ ბურთს. ძალიან დიდი სიცარიელე იყო ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდსა და ჩვენს შუახაზელებს შორის და დვალიშვილი და შემდგომში მის ნაცვლად შემოსული გელაშვილი მარტო რომ ვერაფერს გახდებოდნენ, ესეც ცხადზე ცხადი იყო. ვერც ერთმა მათგანმა ვერც ერთხელ ვერ დაარტყა კარში(?!). გასაგებია, რომ დაცვიდან იყო თამაში აწყობილი, მაგრამ მათ მეტი დახმარება სჭირდებოდათ და არა გაუთავებელი, ჩაკიდებული "პარაშუტები". ასე ვერ გავფრინდებით, გაცილებით მეტი აგრესიულობა გვმართებს შეტევის დროს. დააკვირდით, ალბათ, როგორც კი ტემპს უმატებდნენ ჩვენები, იმავე წუთს ხიფათი იქმნებოდა მეტოქის საჯარიმოში. არადა, გამაოგნებელი სიფრთხილით ერიდებიან ქართველი ფეხბურთელები დრიბლინგს, ფლანგურ გარღვევებს, სითამამეს... მართლაც ძალიან ეტყობათ ამდენი მარცხის კვალი. ეს უნდა გადალახონ აუცილებლად. ვნახოთ, რა ტაქტიკას აირჩევს ქეცბაია საშინაო მატჩში და, ალბათ, ამის მერე უფრო იოლი იქნება გარკვევა, თავდასხმა იმიტომ გვიჭირს, რომ შემსრულებელი არ გვყავს თუ ასე იყო საჭირო თამაში საბერძნეთში. მაინც მგონია, რომ თუკი ჩვენ მეტი აგრესია გვექნებოდა წინა ხაზში, ბერძნები ამ თამაშის გადამრჩენლები არ იყვნენ.

არ შეიძლება, არ ითქვას ხიზანიშვილის თამაშზე. საყრდენად გამწესებულმა "ხიზანამ" ორი ისეთი შორეული დარტყმა დააქუხა მეტოქის კარში, თქვენი მოწონებული. ბოლოს როდის დავარტყით შორიდან, ვერც გამიხსენებია, არადა ამ კომპონენტის გარეშე რა გინდა ფეხბურთში საერთოდ! ეს მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის. ურტყით, გაბედეთ და ურტყით! ეს შედეგს, ადრე თუ, გვიან მოიტანს.

სითამამეზე ვთქვით და ნახეთ, როგორ შემოვიდა შეცვლაზე 17 წლის ანანიძე? დრიბლინგიც გამოუვიდა მშვენიერი და სახიფათო ჯარიმაც წამოიკიდა. ბოლოს კი სულ ცოტა დააკლდა გოლამდე. ასეა საჭირო ბრძოლა. საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა!

ყველაზე უფრო ქეცბაიას ერთი გადაწყვეტილება მომეწონა, რასაც შეიძლება ბევრმა ვერც მიაქცია ყურადღება. საბერძნეთთან გასვლაზე იგებ, ცოტა დროც გაგყავს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დაცვაში ზიხარ და ამ დროს სამივე ცვლილებით ხაზს უსვამ, რომ შემტევი თამაშის მოტრფიალე ხარ! ვინც შემოვიდა, ყველა წინა ხაზის მოთამაშე იყო: ანანიძეც, გელაშვილიც და მერებაშვილიც! აფსუს, მოთამაშეებსაც რომ მისცა მწვრთნელის ჟინი და შემართება, სულ სხვა გუნდი გვეყოლებოდა. თუმცა ეგებ აქეთ მიდის ყველაფერი. მოცდა სჯობს, რამდენად გადაეწყობიან ეს ბიჭები ქართული ცეცხლოვანი ფეხბურთის სტილზე, რომელიც დიდი ხანია ყველას მიგვავიწყდა, მხოლოდ მათ განწყობასა და თავდაჯერებაზეა დამოკიდებული. არ შეუძლიათ? არ გამოსვლიათ თუ რა? და თუკი ერთხელ გამოუვიდათ, მეორედაც გამოუვათ და იქნებ მართლა დაბრუნდეს საქართველოში ის დრო, როცა ქვეყანა ფეხბურთით იძინებდა და იღვიძებდა.

დასასრულ: კარგი დებიუტი გამოგვივიდა. მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, თანაც გასვლაზე. თამაში ჯერ ძალიან შორს არის სასურველისგან, მაგრამ თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ გაუთავებელი წაგებების შემდეგ პირეოსში ბრძოლით მოპოვებული ქულა ცუდი შედეგია, მას ფეხბურთთან არაფერი ჰქონია საერთო. მაინც მგონია, რომ შედეგის დევნას ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის. შედეგი სწორ თამაშსა და საფეხბურთო დისციპლინას მოაქვს. ეს რომ შეძლო, გუნდი უნდა გერქვას. აი, რა არის ახლა უმთავრესი, ვაცადოთ ქეცბაიას, რომ ყველას ათქმევინოს - "საქართველოს გუნდი ჰყავს!.."