ძიუდ-ოსაკა არ დასრულებულა - კვირის პალიტრა

ძიუდ-ოსაკა არ დასრულებულა

"იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მომხდარს საფუძვლიანად შეისწავლის. სპორტსმენების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კომისია მათაც დაიბარებს"

არც ოსაკა და არც სამარცხვინო საგა

საგა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება და რომელმაც ქართულ ძიუდოში დაგროვილი პრობლემების უმეტესობა მზისგულზე გამოიტანა... საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა ნოემბრის მიწურულს გამართული ოსაკას გრანდ სლემი, თუმცა წარმატების დიდი მოლოდინი არც გვქონია. ჯერ ერთი, იაპონურ ტურნირზე ჭიდაობა ტრადიციულად გვიჭირს (ტურნირის არსებობის ისტორიაში ოსაკაში მხოლოდ ორმა ქართველმა შეძლო ჩემპიონობა - დავით ბოდაველმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა) და მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა რთული გაზაფხულის შემდეგ ეროვნული გუნდი ჯერაც ვერ დალაგდა და ისევ უმწვრთნელოდ არის. თუმცა შედეგსა და მედალს ვინ ჩივის, ეროვნული გუნდის მოჭიდავეებმა იმდენი მოახერხეს, რომ ოსაკაში საქვეყნოდ მოიჭრეს თავი - ფუძიამადან უშბამდე!

ამაზე მეტი სირცხვილი რაღა გინდათ?! იაპონიაში მეტოქეების დასამარცხებლად წასული ქართველი ძიუდოისტები ოსაკაში... ერთმანეთს დაერივნენ!

აბა, ოსაკას ბაღში მნახე, ვინა ვარ!

ბაღში არა - სასტუმროში. გავრცელებული ინფორმაციით, სამარცხვინო ინციდენტი სწორედ იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქის სასტუმროში მოხდა. ისიც ითქვა, ერთი მხარე მეორეს სასტუმროს ნომერში შეუვარდაო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?! თანაგუნდელთან უცხო ქალაქის ქუჩაში იჩხუბებ თუ სასტუმროს ნომერში, გამართლებას არ იმსახურებ!

როგორც გავიგეთ, მომხდარ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა წევრი მონაწილეობდა მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილისა და მწვრთნელ ანზორ თენაძის გარდა. მათ გამშველებლის ფუნქცია უკისრიათ, მაგრამ სანამ გააშველებდნენ, რამდენიმე ძიუდოისტი ისე დაშავდა, ტატამამდე ვეღარ მიაღწიაო... თანაგუნდელებს შორის ჩხუბი ისედაც ხომ ამაზრზენია, მაგრამ უფრო სამარცხვინო ის არის, რომ თურმე ორს რამდენიმე "მოწინააღმდეგე" ერთად ურტყამდა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ოსაკაში ამის გამო ვერ იჭიდავაო. მართალია, თბილისში ნაადრევად დაბრუნებულმა (ოსაკას ტურნირის შემდეგ ის და მარგველაშვილი იაპონიაში კიდევ რამდენიმე დღე უნდა დარჩენილიყვნენ) შავდათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და ჩხუბის ამბავს დეზინფორმაცია უწოდა - ოსაკას გრანდ სლემზე იმიტომ არ ვიჭიდავე, ტრავმა რომ არ გამრთულებოდაო, მაგრამ...

ნეტავ მართლაც ასე იყოს!

თუმცა შუბი რომ ხალთაში არ დაიმალება, ყველამ იცის და ადრე თუ გვიან სიმართლესაც გავიგებთ.

დუმილი ოქროა, ცემა-ტყეპა - გამოსავალი?

რასაც ვწერთ, პირად საუბრებში მოვისმინეთ, ან ჩვენივე წყაროებით დავადგინეთ, თორემ ოფიციალურად არავინ არაფერს ადასტურებს. გასაკვირი არც არის, ასეთ უსიამოვნო ინციდენტზე ლაპარაკს რომ ერიდებიან, მით უმეტეს ისინი, ვისაც ჩხუბში მონაწილეობა ბრალდება. "შავმა" (შავდათუაშვილის მეტსახელია - რ.შ.) განცხადება მაინც გააკეთა, სხვები კი ჩუმად არიან, ისევე, როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

ზამთრის დადგომამდე ფედერაციამ შესაძლო ჩხუბი არ დაადასტურა და დეკემბრის პირველ დღეს გამართულ აღმასკომის სხდომაზეც მხოლოდ სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, რომელიც მომხდარს გამოიძიებს. მანამდე ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს სათქმელი მხოლოდ ერთი ჰქონდა - ამ ეტაპზე ფედერაციაში საჩივარი ან განცხადება არ შემოსულა, შესაბამისად, ამ ფაქტს არ ვადასტურებთ; თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას და ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება ამის შემდეგ გვექნებაო...

გ. ათაბეგაშვილი ჟურნალისტებს პირველ დეკემბერს გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგაც ელაპარაკა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მომხდარს შეისწავლის.

"ოსაკაში მყოფი ერთ-ერთი მწვრთნელისგან სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია, რაც აღმასკომს სპეციალური კომისიის შექმნის საფუძველს აძლევს. კომისია, რომელიც ორშაბათიდან დაიწყებს მუშაობას და რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან აღმასკომის წევრები, ვეტერანი ძიუდოისტები, სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, დეტალურად და საფუძვლიანად შეისწავლის ამ ფაქტს. სპორტსმენების საქართველოში დაბრუნების შემდეგ კომისია მათაც დაიბარებს. ამ ყველაფრის მეშვეობით დავადგენთ, მართლაც მოხდა თუ არა ეს ინციდენტი", - გვითხრა მან სხდომის დასრულების შემდეგ.

ძიუდოისტები თუ ძიუ-დოსტები? "დოსტი" თბილისურ ჟარგონზე "ამხანაგს", "გულის მეგობარს" ნიშნავს. აქამდე მართლაც მეგობრები გვეგონენ; ვფიქრობდით, რომ ერთი გუნდის წევრებს შეხედულებებიც ერთი ჰქონდათ, თუმცა... სამწუხარო ფაქტი ფაქტად რჩება: წლევანდელ გაზაფხულზე ბზარი არამხოლოდ ძიუდოს სამყაროს, ეროვნული ნაკრების სიმტკიცესაც შეეპარა...

ნაკრების წევრებს შორის უთანხმოება დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქციებისას დაიწყო. ოფიციალურად არა, მაგრამ "პროტესტანტებს" საქმით ნამდვილად გამოეყვნენ გორელი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნისას მთელი ნაკრები ერთიანი იყო, თუმცა "გორელები" არათუ აქციებზე არ გვინახავს, მალე იაპონურ შეკრებაზეც კი გაემგზავრნენ.

ალბათ, ოსაკაში მომხდარი ჩხუბიც მაშინდელი უთანხმოების გაგრძელებაა გორელებსა და "დანარჩენებს" შორის, რომელთა უმეტესობასაც სვანი ძიუდოისტები შეადგენენ. ტრავმირებული ღვინიაშვილი ოსაკაში არ წასულა; მარგველაშვილისა და შავდათუაშვილის გარდა იქ ლუხუმ ჩხვიმიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, უშანგი მარგიანი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი გაემგზავრნენ. მათგან ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, ზუსტად ვერავინ ამბობს, თუმცა თუშიშვილი რომ მხოლოდ გამშველებელი იყო, ამაზე ყველა თანხმდება.

იაპონიაში თუნდაც ორ ქართველს რომ ეჩხუბა, მაინც ასეთი რეაქცია გვექნებოდა, ახლა კი გვესმის, რომ რამდენიმე ჩვენებურმა ორ თანამემამულეს, ორ თანაგუნდელს (!) სცემა!!!

ძიუდოს შემქმნელ იაპონელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართველი ძიუდოისტებისგან ბევრი აქვთ სასწავლი (!), თბილისშიც ბევრჯერ ჩამოსულან ერთობლივ შეკრებაზე, ახლა კი...

სხვას რა მაგალითი უნდა მივცეთ, როცა ჩვენ არ გვცოდნია, სად და როგორ მოვიქცეთ?!

თუ ჩხუბის გარდა სხვა გზა არ იყო, მაინცდამაინც იაპონიაში უნდა მოგვეჭრა თავი? ნუთუ გაზაფხულის შემდეგ თანაგუნდელები თბილისში არსად გადაეყარნენ ერთმანეთს?!

არ ვიცი, ვინ ვისი მეგობარი და "დოსტია", მაგრამ იმედია, თვითონაც ხვდებიან, რომ დაუფიქრებელი საქციელით არამხოლოდ ოჯახი და სპორტის სახეობა, უპირველესად სამშობლო შეარცხვინეს...

ოსაკა? ო, საქა-რთველო...

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატამდე ძიუდო ჩვენთვის მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდებოდა. სამწუხაროდ, ქართული ძიუდოს სამყარომ ჯერ გაზაფხულზე გაგვაკვირვა უსიამოვნოდ, ნოემბრის მიწურულს კი...

სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, არც დამნაშავეთა გაკიცხვას ვაპირებთ და არც "დაზარალებულთა" გამართლებას, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თავიანთ ქვეყანაში ოჯახს წარმოადგენენ, საზღვარგარეთ კი - თავიანთ სამშობლოს...

არაფერი დაგიშავებიათ? გამოდით და სიმართლე გვითხარით!

მაგრამ თუ ჩხუბი დადასტურდა, მისმა წამომწყებებმა კიმონო უნდა გაიხადონ!

მედლებისა და გამარჯვებებისთვის ყველას მადლობა, მაგრამ მედალი (რა სინჯისა და მნიშვნელობისაც უნდა იყოს) ასეთ საქციელს ვერასდროს გადაწონის!