ქართულ ჭიდაობას იუნესკო უშველის?! - კვირის პალიტრა

ქართულ ჭიდაობას იუნესკო უშველის?!

იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა ქართული ჭიდაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი, ფართოდ გავრცელებული სახეობაა და 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის! რამდენიმე წლის წინ ქართული ჭიდაობის ტურნირების გარეშე საქართველოში არც ერთი დღესასწაული არ ჩაივლიდა, თუმცა ბოლო წლებია, ეროვნული ჭიდაობის პოპულარობამ იკლო. "იუნესკოს სტატუსი კარგია და საამაყოც, მაგრამ ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ქართული ჭიდაობა მხოლოდ ფრესკებზე ან "არამატერიალური" სახით შემოგვრჩეს", - ამბობს სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი გაბრიელ ბარჯაძე:

- სპორტის ამ სახეობაში გათვითცნობიერებული ყველა უცხოელი ჯერ ქართულ ჭიდაობას ახსენებს და მხოლოდ შემდეგ ყაზახურს, ირანულს, თურქულსა და ა.შ. მათ ქართული ჭიდაობის ფასიც კარგად იციან და ისიც, რამხელა როლი აქვს ჩვენებურ ჭიდაობას საერთაშორისო სახეობებში ქართველი ფალავნების წარმატებაში.

- მართლაც "ნახერხის სკოლა" აქვს გავლილი სხვადასხვა საჭიდაო სახეობის წარმომადგენელ თითქმის ყველა წარმატებულ ქართველ მოჭიდავეს! - ძიუდო და თავისუფალი სტილი გასაგებია, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში მიღებული გამოცდილება ეხმარება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებსაც. მერე რა, რომ ამ სახეობაში ფეხის ილეთები არ გამოიყენება? ლეგენდარული გივი კარტოზია კვირაში ერთხელ აუცილებლად მიდიოდა ქართულის მოჭიდავეებთან და მათთან ერთად ვარჯიშობდა!

წინათ ქართული ჭიდაობის ტურნირები თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა, დღეს კი რეგიონებში ეს საქმე დარჩენილია ადგილობრივი ენთუზიასტების იმედად, რომლებიც დროდადრო ატარებენ ცნობილი ფალავნების სახელობის ასპარეზობებს. ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ფალავნობას ვატარებთო და, ძვირად ღირებული პრიზებით იწონებს თავს. ფალავნობა მართლაც თვალსასეირო ტურნირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ იმართება, ქართული ჭიდაობის ასპარეზობებმა კი ძალიან იკლო. სპორტული ჟინის გარდა, ტურნირებით დაინტერესებას ზრდიდა გამარჯვებულისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოებიც. ბოლო დროს ესეც გაიშვიათდა და ქართული ჭიდაობისადმი ინტერესი შემცირდა. არადა, სწორედ სოფელი იყო ნიჭიერი მოჭიდავეების სამჭედლო.

- ხომ არის ქართული ჭიდაობის შემსწავლელი წრეები?

- არის, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ქართული ჭიდაობის სექცია ჰქვია და... ბავშვებს სამბოსა და ძიუდოში ავარჯიშებენ...

- თუ ასე გაგრძელდა, გაიშვიათდება ქართული ჭიდაობის ილეთებიც... - წინათ ჭიდაობის საერთაშორისო სახეობების თითქმის ყველა ჩემპიონი ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა. ახლა პირიქით, მოზარდები სამბოთი ან ძიუდოთი იწყებენ და მერე გადიან ქართული ჭიდაობის ტურნირებზე. მოზარდი, რომელიც ძიუდოში ვარჯიშობს, ქართული ჭიდაობის ტურნირშიც პროფესიული ძიუდოს ილეთებს გამოიყენებს და ვერ გვაჩვენებს ისეთ მრავალფეროვან ჭიდაობას, როგორსაც თვითნაბადი ტალანტი, ტრადიციული წესებით გაზრდილი ბავშვი... ეროვნული ჭიდაობის წესები ჩვენი რაინდული ხასიათისა და ღირსების გამოხატულებაც არის, ქართულ ჭიდაობაში წაქცეულ მეტოქეზე იერიშის გაგრძელება დაუშვებელია!

- ჩვენებური ჭიდაობის ხიბლსა და აუცილებელ ატრიბუტს - საჭიდაო მუსიკას ფალავნისთვის სისხლის ადუღება "ევალება" თუ მაყურებლის აყოლიება? - ორივე ერთად. ძველი ფალავნები მუსიკას ჭიდაობის რიტმსაც კი ააყოლებდნენ ხოლმე. გახურდებოდა" მუსიკა? იმატებდა ჭიდაობის ტემპიც! მუსიკა თავისებურ ხიბლს სძენს ქართულ ჭიდაობას და სამწუხაროა, ეს ტრადიციაც რომ იკარგება. ძველად ორთაბრძოლის შემდეგ აუცილებლად უნდა ეცეკვა არა მხოლოდ გამარჯვებულს, დამარცხებულ ფალავანსაც! ახლა ჩემპიონობის შემდეგ მხოლოდ სამბისტი ნინო ოძელაშვილი ცეკვავს.

- იუნესკოს აღიარება კარგია, მაგრამ ახლა უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს, რათა ქართული ჭიდაობა მხოლოდ არამატერიალური კულტურული ძეგლი კი არა, "ცოცხალი" სახეობაც იყოს! - იუნესკოსთვის პროექტის მომზადებაში მეც ვმონაწილეობდი ვლადიმერ ნუცუბიძესთან, თამაზ გოგიბედაშვილთან, აწ გარდაცვლილ თამაზ თევზაძესა და სხვებთან ერთად.

- საინტერესოა, რამდენ საუკუნეს ითვლის ტერმინი "ქართული ჭიდაობა"? - ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ალავერდის ტაძარში არის XI საუკუნის ფრესკა, რომელიც ჩოხის მსგავს სამოსში გამოწყობილი ორი მოჭიდავის რკენას ასახავს. სულხან-საბა ამბობს, რკენაა, როცა კაცი კაცს ეჭიდებისო. როცა კაცი ცხოველს (ხარს, ვეფხვს და ა.შ.) ეჭიდების, ჭიდაობააო. ამ ორი ტერმინიდან ჩვენში "ჭიდაობამ" უფრო მოიკიდა ფეხი. XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთი ქართულ ჭიდაობას განგებ მოიხსენიებდა"კავკასიურ ჭიდაობად. კარგია, რომ ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი, რადგან არანაირი კავკასიური ჭიდაობა არ არსებობს!

- ბოლოს, გავიხსენოთ ქართული ჭიდაობის ყველაზე ცნობილი ფალავნებიც... - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: დავით ხიზამბარელი, კულა გლდანელი (ნამდვილი გვარი - ყირიმელი), ლეგენდარული ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, თედო ლილოელი (ავალიშვილი), გოლიათი სანდრო კანდელაკი, კახელი კამბეჩუა -–ვანო აბულაშვილი და სხვ. "კამბეჩუა უძლეველი ფალავანი გახლდათ, ქართული ჭიდაობიდან დაიწყო და თორმეტჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი ე.წ. "ფრანგულ ჭიდაობაში... XX საუკუნის მოჭიდავეებიდან განსაკუთრებით სამს გამოარჩევენ: საოცრად ტექნიკურ მოჭიდავე დურმიშხან ბერუაშვილს, ასევე, ახმეტელებს: სიმონ მაისურაძესა და ზაქარია ბაკურაძეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხუთჯერ გახდა საქართველოს ფალავანი. ტიტულებით კი რეკორდსმენია ჩვენი თანამედროვე ალექსი დავითაშვილი, რომელიც რვაჯერ გახდა საქართველოს ფალავანი!

რატი შელეგია