წლის მთავარი სპორტული მოვლენები
წლის მთავარი სპორტული მოვლენები
ჩემპიონები, რეკორდები, სკანდალები, გაცოცხლებული ფეხბურთი, "ეგზოტიკურ" სახეობებზე გადასული ქომაგი - ქართულ სპორტში 2018 წელსაც ბევრი რამ მოხდა და შევეცდებით, თუ ყველა ვერა, მთავარი მოვლენები მაინც გავიხსენოთ:

ტოჩინო-შენ გენაცვალე!

2018 წელს სუმო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა საქართველოში და ეს ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) დამსახურებაა. "ცისფერთვალება სამურაიმ იანვრის "ბაშოზე" (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - რ.შ.) სენსაცია შემოგვთავაზა და "იმპერატორის თასს" მესამე მაეგაშირას სტატუსით
დაეუფლა. "ტოჩინოშინი" გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვისაც ეს პრესტიჟული თასი მოუგია. ლევანს თასის მოგებამდე ცოტა დააკლდა მაისის ბაშოზე, თუმცა ოცდამეექვსე ცდაზე დაამარცხა ლეგენდარული მონღოლი"იოკოძუნა, იმპერატორის თასის"ორმოცგზის(!) მფლობელი ჰაკუჰო, ბაშოს დასრულების შემდეგ კი ოფიციალურად მიენიჭა "ოძეკის" ტიტული.

ტალახაძე

ეს ის შემთხვევაა, როცა გვარის დასახელებაც კმარა და უკვე იცი, რომ
საქმე ჩემპიონობას ან რეკორდს ეხება. წინა წლების მსგავსად, 2018-შიც ორივე იყო და ლაშას შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, ყოველ მომდევნო წელს ასე იქნება. გასულ სეზონში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონიც გახდა, წლის მთავარი ტურნირიც უპრობლემოდ მოიგო და აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი(!) მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! ორჭიდის ჯამში, ქართველმა გოლიათმა 474 კილოგრამი დასძლია - ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა.

ფანტასტ(ნ)იკ ბასილაშვილი

საუკეთესო სეზონი ჰქონდა საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილსაც. ჰამბურგის და პეკინის მასტერსებზე ჩემპიონობის გარდა, ნიკამ რამდენიმე განსაკუთრებული გამარჯვებითა და რაც მთავარია, სტაბილური თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ქართველმა პლანეტის მეოთხე ჩოგანს, ხუან მარტინ დელ პორტოს აჯობა, Uს Oპენ-ის მერვედფინალში კი ტოლ-სწორად ეთამაშა მსოფლიო რეიტინგის ლიდერ რაფაელ ნადალს, რომელმაც ნამატჩევს ნიკას თამაშს "ფანტასტიკური" უწოდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი მსოფლიო რეიტინგის 21-ე პოზიციაზე დაასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ ნიკას კარიერაში, დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაშიც!

ოლიმპიადას ღირსეულად ვუმასპინძლეთ

შემოდგომაზე ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. აჭარის მთავარ ქალაქში ოთხი ათასამდე სტუმარი ჩავიდა 185 ქვეყნიდან და ყველა მათგანს ვაჩვენეთ, რომ ჭადრაკის უმაღლეს დონეზე თამაშის გარდა, დიდი სპორტული ფორუმების ასეთივე წარმატებით გამართვაც შეგვიძლია. ოლიმპიადის პარალელურად, ბათუმში გაიმართა ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების (ეს პოსტი ზურაბ აზმაიფარაშვილმა შეინარჩუნა) არჩევნებიც. რაც შეეხება ტურნირის სპორტულ მხარეს, საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში - ბოლო ტურში მოახერხა მესამე საპრიზო ადგილის დაკავება და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

რაგბის ახალ(გაზრდულ)ი ტრიუმფი

სამწუხაროდ, მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ მოახერხა იტალიასთან ასე ნანატრი ტესტის მოგება. სამაგიეროდ, გაგვახარეს ასაკობრივმა ნაკრებებმა. განსაკუთრებით, 18-წლამდელებმა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ტრადიციული მეტოქე - საფრანგეთი დაამარცხეს 8:3. პოლონეთში გამართულ ტურნირზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჰოლანდიასა (69:12) და პორტუგალიას (25:0) აჯობეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი საფრანგეთზე იყარეს წინა წლების ჯავრი.

ფეხბურთი

ქართველ ქომაგს გასულმა სეზონმა ბოლო წლებისთვის უჩვეულო იმედი ჩაუსახა. თავად განსაჯეთ - 2018 წელს გამართული ათი მატჩიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა რვა მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც მთავარია, ვლადიმერ ვაისის გუნდმა წაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ექვს შეხვედრაში მხოლოდ ორი ბურთი გაუშვა და თუ 2020 წლის გაზაფხულზე გასამართ პლეი-ოფშიც წარმატებით ითამაშებს (ერთმატჩიან ნახევარფინალში ბელარუსს ვუმასპინძლებთ, ფინალში გასვლის შემთხვევაში, მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს), ევროპის ჩემპიონატზე გასვლასაც მოვესწრებით!

გენო

გასულ სეზონშიც დიდებული ჭიდაობით ისახელა თავი გენო პეტრიაშვილმა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი მძიმეწონოსანი (125 კგ) კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი 24 წლის გოლიათმა ყველა შეხვედრა მოიგო და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ოქროს თუშიშვილი
გასულ წელს ქართულმა ძიუდომ სკანდალებით უფრო დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ იყო რამდენიმე ნათელი წერტილიც. უპირველესად, გურამ თუშიშვილი (+100). ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 23 წლის ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა და გახდა მეექვსე ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუგია. ბოლოს ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა - ოთხი წლის წინ.

ევროპის ჩემპიონი ნადირაძე
ბოლო წლებია, სასიკეთო ძვრები ქართულ ნიჩბოსნობაშიც შეინიშნება, გასულ სეზონში კი სულაც ევროპის ჩემპიონობას გამოვკარით ხელი - ზაზა ნადირაძის გამარჯვებით დასრულდა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული კონტინენტის პირველობა კანოესა და კაიაკში! მცხეთელი ნიჩბოსნის წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა - გასულ წელს ევროპის პირველობაზე ზაზამ მესამე ადგილი დაიკავა, მსოფლიო თასზე - მეორე. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, ნადირაძემ ქართველ ქომაგს მოუბოდიშა, - მაპატიეთ, რომ ვერ გაგახარეთო... თუმცა ქართველი ნიჩბოსნის პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ეჭვგარეშეა, 2019 წელს სწორედაც რომ გაგვახარებს!

სკანდალები

ძიუდო უკვე ვახსენეთ, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სახეობა ერთ სირცხვილს არ დასჯერდა და უსიამოვნო ამბებით თითქმის მთელი წლის განმავლობაში ""გვანებივრებდა". გაზაფხულზე ძიუდოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა უმეტესობამ საპროტესტო აქციები წამოიწყო ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით. საქმე კაბინეტის კარის აჭედვამდე და ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. საბოლოოდ, ქევხიშვილი გადადგა, თუმცა ძიუდოს სამყაროს შესარიგებლად არც ეს გამოდგა საკმარისი და ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ბოლოს ოსაკაში მყოფი საქართველოს ნაკრების წევრები ერთმანეთს დაერივნენ.

არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა კაშიას საქმეც: ქართველი ქომაგების ნაწილმა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს საკლუბო მატჩისას გაკეთებული ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლავური არ აპატია და ნაკრებიდან მისი მოკვეთაც კი მოითხოვა. საბოლოოდ, გურამი ნაკრებში დარჩა, თუმცა 2018 წელი არცთუ ტკბილად დაამახსოვრდება.

ერთად

გაზეთის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, წლის ყველა მოვლენაზე დაწვრილებით ვილაპარაკოთ, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზაზა ფაჩულია, რომელიც მეორედ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი; ძალოსანთა ნაკრები, რომლის თითქმის ყველა წევრმა წარმატებით იასპარეზა; თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები; მოფარიკავეები სანდრო ბაზაძე და ირმა ხეცურიანი; საქართველოს სამბისტთა ნაკრები გუნდები... ვაჟმა სამბისტებმა ტრადიციულად წარმატებით იასპარეზეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე (ვახტანგ ჩიდრაშვილი ორივეგან ჩემპიონი გახდა!), ისტორიული წარმატება გვაქვს ქალებშიც - პირველად საჭიდაო სახეობების ისტორიაში, გვყავს ორი ქალი მსოფლიო ჩემპიონი - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე!

იმედი

გიორგი ჩაკვეტაძე, გოგა ბითაძე, ძმები კენჭაძეები, ზვიად პატარიძე, თედო აბჟანდაძე და კიდევ არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა...
გასულმა წელმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, ქართული სპორტი ისევ არის მსოფლიო მასშტაბის სპორტსმენების სამჭედლო. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ და...

გაისადაც აუცილებლად მოგვიტანენ წარმატებას!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?