"ამ ქვეყნის ნაწილი ვარ!" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყნის ნაწილი ვარ!"

რაგბის მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე საქართველოს ნაკრები განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ნოემბრიდან ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტს შოტლანდიელი რიჩი დიქსონი უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს.

დიქსონი, რომელიც საქართველოში შარშან ჩვენი რაგბისთვის განვითარების პროგრამის დასაწერად ჩამოვიდა, გამოცდილი სპეციალისტია და წლების განმავლობაში შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცადაც უმუშავია. ბოლო წლებში მას სამწვრთნელო პრაქტიკა აღარ ჰქონია, თუმცა...

"უკვე შევისწავლე ქართული მენტალიტეტი და წარმატების საიდუმლოც ვიცი!", - ამბობს 63 წლის მწვრთნელი, რომელსაც არ დაუმალავს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის წინადადებაზე ბევრი იფიქრა.

- უკვე წელიწადია, საქართველოში ხართ და დიდი შრომაც გასწიეთ. საინტერესოა, თავად თქვენ რა შეგძინათ ჩვენმა ქვეყანამ?

- აქ მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც საქართველოში ყოფნამ შემძინა, ის არის, რომ შევძელი თავი ამ ქვეყნის ნაწილად მეგრძნო. შეიძლLება ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოსა და ჩემს სამშობლოს შორის ბევრი მსგავსებაა. რაც შეეხება რაგბის, აქ აღმოვაჩინე, რომ მებრძოლი სული ყველა ქართველს გენეტიკურად მოსდგამს, საქართველოს რაგბის კავშირი კი ცდილობს ხასიათის ეს მხარე კიდევ უფრო გაუღრმავოს თითოეულ მოთამაშეს.

- რაგბის კავშირის წინადადება, ალბათ, მოულოდნელი იყო თქვენთვის... ბევრი იფიქრეთ, სანამ ნაკრების თავკაცობას დათანხმდებოდით?

- არ დაგიმალავთ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ წინადადებას, რადგან აქ სულ სხვა მისიით ვიყავი ჩამოსული. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მაგრამ პატივად ჩავთვალე და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მსოფლიო თასამდეც მხოლოდ წელიწადია დარჩენილი, მაინც მივიღე ეს გამოწვევა. მსოფლიო რაგბიში მუშაობის გამოცდილებამ და საქართველოს რაგბის კავშირთან უკვე ჩამოყალიბებულმა დამოკიდებულებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

უცხოელისთვის ნამდვილად არ არის ადვილი სხვა ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა, მაგრამ წარმატების საიდუმლო მაინც არსებობს, - მწვრთნელმა კარგად უნდა შეისწავლოს ქვეყნის კულტურა, თვითმყოფადობა და სწორედ მას მიუსადაგოს სამუშაო. მერწმუნეთ, მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თუნდაც თვის ჩამოსული რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნამდვილად ვერ ვიტვირთებდი ამხელა პასუხისმგებლობას.

- რამდენჯერმე თქვით, ქართველი მოთამაშეების მენტალიტეტი შევისწავლეო. მაინც, როგორია "ქართული მენტალიტეტი" და როგორი მიდგომა სჭირდება ქართველ მოთამაშეს?

- ქართველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახის წევრების, მეგობრების ერთად ყოფნას. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და ერთმანეთის პატივისცემასა და თანასწორობაზე დამყარებული გუნდი შევქმნათ. აუცილებელია იმის ცოდნაც, როდის იყო ლოიალური და როდის - მტკიცე და კატეგორიული. ქართველებს ერთიანობა შეგიძლიათ, მაგრამ გარდა ამისა, პიროვნებებიც ხართ და რაც მთავარია, ყველას ეამაყება, რომ ქართველია.

- ხშირად ამბობენ, ქართულ რაგბის დიდი პოტენციალი აქვსო. უცხოელი ხართ, მაგრამ "ახლოდან" შეისწავლეთ ჩვენი რაგბი და თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა.

- მართლაც დიდი პოტენციალი გაქვთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველო პატარა ქვეყანაა მცირერიცხოვანი მოსახლეობით და შესაბამისად, მორაგბეების რაოდენობითაც. ამიტომაც არსებული რესურსი რაც შეიძლება გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და სწორად დავსახოთ პრიორიტეტები.

- შერკინებაში ყოველთვის ძლიერი ვიყავით, აი, ხელით თამაშში კი... როგორ ფიქრობთ, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა ამ ხარვეზის აღმოფხვრა?

- ჩვენი მიზანია, ყველა სათამაშო ასპექტში გავათანაბროთ შესაძლებლობები, რათა მეტოქემ სუსტი ადგილები არ გვიპოვოს. მსოფლიო თასამდე დარჩენილ დროში ამ საკითხს დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ჩემი მიზანია, მოთამაშეები ნაკრების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად ვაქციო. იგრძნონ, რომ მართალია, გადაწყვეტილებას მე ვიღებ, მაგრამ ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობის პროცესში. ყოველთვის გვეხსომება, რომ ყველა თამაში ქართველ გულშემატკივარს ეძღვნება. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ქომაგის პატივისცემა რომ დავიმსახუროთ.

- გამოცდილი სპეციალისტი ხართ, მაგრამ გულშემატკივარი მაინც შიშით უყურებს იმ ფაქტს, რომ თითქმის ათი წელია, მწვრთნელად აღარ გიმუშავიათ.

- არა მგონია, ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელად არ ვმუშაობდი, მუდმივად ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ბოლოს 2008 წელს ვიმუშავე შოტლანდიის ერთ-ერთი პროფესიული გუნდის შერკინების მწვრთნელად.

თანაც, მთავარი მწვრთნელის საქმე ხომ მხოლოდ წვრთნა არ არის? ის ხელმძღვანელობს სპეციალისტი მწვრთნელების ჯგუფს, აერთიანებს და მართავს მათ. თუ მწვრთნელი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, უპირველესად მოთამაშეები იგრძნობენ. ნუ შიშობთ, მართალია, ბოლო დროს პრაქტიკა აღარ მქონია, მაგრამ სულ რაგბიში ვარ და ვიცი, როგორ მოვექცე გუნდს.

- ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას ბრძანეთ, ახალგაზრდა მოთამაშეებს წნეხში თამაში უჭირთო...

- მაშინ ახალგაზრდა მორაგბეებზე ვთქვი, მაგრამ ეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებსაც ეხება. სპორტსმენს სწორი ფსიქოლოგიური განწყობა უნდა ჰქონდეს, რაც მთავარია, უნდა იცოდეს, როგორ გააკონტროლოს თავი. ობიექტურად თუ შევაფასებთ, ქართველი მორაგბეები ზედმეტად ემოციური არიან, რაც ხშირად ხელის შემშლელი ფაქტორია. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ გამოცდილი მოთამაშე მაშინვე ივიწყებს, ახალგაზრდა, გამოუცდელი სპორტსმენი კი იბნევა და გონს მოსასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდება. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, შეცდომის ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, ის წარმატებისკენ მიმავალი გზაა.

- ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც ესწრებით ხოლმე და "შავი ზღვის თასსაც" მიადევნეთ თვალი. ქართულ კლუბებზე რას იტყვით?

- პროგრესი აშკარაა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ბათუმში დავესწარი ეროვნული პირველობის ერთ-ერთ მატჩს. მერეც ხშირად ვუყურებდი და წინსვლა ნამდვილად იგრძნობა. რაც მთავარია, ქართულ საკლუბო რაგბის იმის პოტენციალიც აქვს, საუკეთესო მოთამაშეები აღზარდოს.

- დასასრულ, მსოფლიო თასზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე შოტლანდიის ნაკრებია. გულწრფელად თქვით, რა გრძნობა დაგეუფლებათ, თანამემამულეებთან საბრძოლველად რომ გაიყვანთ საქართველოს ნაკრებს?

- პროფესიონალი ვარ და საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემი პროფესიული მოვალეობაა. სხვათა შორის, ამ კითხვას შოტლანდიელებიც მისვამენ ხოლმე, თუმცა მათ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. უხარიათ, რომ მათ თანამემამულეს შეუძლია შოტლანდიის ფარგლებს გარეთაც დაეხმაროს სხვებს განვითარებაში.