ყანა და ტაშ-ფანდური - კვირის პალიტრა

ყანა და ტაშ-ფანდური

საქართველო-ისრაელის მატჩის მთავარი გმირი... ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი გამოდგა. ჯერ ერთი, ამდენი მაყურებელი "ეროვნულს" კარგა ხანია არ ახსოვს.

მეტიც, იმ დღეს ევროპაში ოცდასამი შესარჩევი შეხვედრა გაიმართა და ამდენი ქომაგი არც ერთ სტადიონზე არ მისულა. სამაგიეროდ, მინდორი იყო ისეთ დღეში, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი, - შესახედავად არა უშავდა, მაგრამ შიგადაშიგ მტვრის ისეთი ბუღი დგებოდა, სოფლის შარაგზაზე გეგონებოდა თავი. ამიტომაც იყო აღშფოთებულმა თემურ ქეცბაიამ მინდორს სულ "ყანა" რომ უძახა და მატჩის ვერმოგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ უხარისხო მოედანი დაასახელა.

თავის მხრივ, ეროვნული სტადიონის დირექტორმა სანდრო შახოვმა განმარტა, ჩვენი ბრალი არ არის, ბოლო თვეების განმავლობაში სულ რამდენჯერმე რომ იწვიმა(?!). მინდვრის საფარი უკვე მოძველებულია და ხანგრძლივმა გვალვამ მორწყვის მიუხედავად, მაინც გადაწვაო. შახოვის თქმით, სტადიონის ხელმძღვანელობას მინდვრის შესაცვლელი თანხა არა აქვს. ისე კი, მინდორი უეფას წარმომადგენლებმაც შეამოწმეს და არ დაუწუნებიათო, - დასძინა დირექტორმა. ასეა თუ ისე, აქაოდა, მინდორს წყალი დააკელიო, შესაძლოა, შახოვს წყალი იქით შეუყენონ.

ეს რაც შეეხებოდა სტადიონს, დანარჩენი კი თავადაც ნახეთ. ხელჩაქნეულ ქომაგს ქართული ფეხბურთისკენ ისევ რომ მოუბრუნდა გული, სწორედ თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. მისმა გუნდმა ჯერ არ იცის მოგების გემო, მაგრამ არც წაუგია და რაც მთავარია, გვაჩვენა, რომ თურმე ახალი ფორმაციის ქართველ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ ბოლომდე ბრძოლა.

P.S. სამწუხაროდ, ქართველებმა ისევ ვერ მოვიშალეთ ბაქიბუქი და ტაშ-ფანდური. სხვაგვარად ისრაელთან მატჩის დაწყებამდე არ დავიწყებდით სტადიონის სახურავიდან ფეიერვერკის გაშვებას. იქნებ სტადიონის გახსნა ან რომელიმე ფეხბურთელის იუბილე იყო იმ დღეს და გვიმალავენ? დალოცვილო, მაგ მაშხალას ვადა ხომ არ გასდის? ჯერ მოიგე და როცა საზეიმოდ გექნება საქმე, მერე გინდა მაშხალა ისროლე და გინდა - ჭიაკოკონა გააჩაღე "ყანაში". მე შენ გეტყვი, შორს დაგჭირდება წასვლა!