როდემდე უნდა გვეძინოს?! - კვირის პალიტრა

როდემდე უნდა გვეძინოს?!

არც ისე დიდი ხნის წინ ძიუდო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახეობა იყო საქართველოში. ჩვენი ძიუდოისტების გვარ-სახელებს ახლაც ხშირად წააწყდებით პრესის ფურცლებზე, ოღონდ ქართული ძიუდო გამარჯვებების კი არა, სკანდალების სამჭედლოდ იქცა.

საქმის გარჩევა, ცემა-ტყეპა და ერთმანეთის ლანძღვა-გინება ჭიდაობის ამ სახეობის განუყოფელი ნაწილი გახდა, ძიუდოს ერთ დროს ერთიანი სამყარო კი კლანებად და დაჯგუფებებად დაიყო. კიდევ გიკვირთ, რატომ გაგვიხდა სანატრელი თუნდაც კინკილა მედალი?

ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ მხოლოდ იმას კი არ გვაყურებინებენ, როგორ ღაფავს სულს ერთ დროს მოწინავე სახეობა, დაგვცინიან კიდეც. სხვა რა უნდა დაარქვა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის განცხადებას? იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ მან ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანა, ერთი ბრინჯაოს მედალიც დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნებაო(?!).

გუნდში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გყავდეს და ერთ, ყველაზე დაბალი სინჯის მედალს უმიზნებდე?! და თუ ფორმაში არ არიან, რისთვისღა მიგყავს? არადა, როცა წინა ტურნირები ჩააგდეს, ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებდა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდით და შედეგი მეორეხარისხოვანი იყოო. საინტერესოა, რომელი წლის მსოფლიო  ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ - 2012-ის?

სავარაუდოდ, ტოტიკაშვილმა ეს თავის დაზღვევის მიზნით თქვა, თუ "ყარაულის თოფივით" გაუვარდებოდა და რომელიმე ძიუდოისტი ვერცხლის მედალს მოიგებდა (აბა, ოქროზე კარგა ხანია აღარც ვოცნებობთ), აქეთ მოგვდგებოდნენ, მოსალოდნელზე უკეთ ვიჭიდავეთო.

თუმცა, რომელ შედეგზეა ლაპარაკი, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ტატამამდე ვერ მიუყვანიათ? ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ასპარეზობას იმიტომ გამოეთიშა, რომ... საჭიდაოდ გასვლა დააგვიანა(?!).

ერთ-ერთი ვერსიით ცირეკიძეს ჩაეძინა, სხვები ირწმუნებიან, გასახდელში იყო და ბრძოლის დაწყება გამოეპარაო. რაც შეეხება ტოტიკაშვილს, მისი თქმით, ის გუჯეჯიანის გვერდით იყო, როცა ტატამზე ცირეკიძის მეტოქე დაინახა და მაშინვე გასახდელში გაიქცა შეგირდის მოსაყვანად, მაგრამ... გასახდელი შორს იყო და სანამ ირაკლი მოვიყვანე, უკვე  გვიანი იყოო, ამბობს ნაკრების მწვრთნელი.

დღეში რამდენიმე ორთაბრძოლის ჩატარება იოლი ნამდვილად არ არის, სპორტსმენმა შეიძლება ჩათვლიმოს კიდეც ბრძოლებს შორის ან შეხვედრის დაწყების დრო გამოეპაროს, მაგრამ დელეგაციის სხვა წევრები რას აკეთებდნენ, იმათაც "ეძინათ"? მამაცხონებულებო, დასაძინებლად იაპონიაში რომ არ წასულიყავით, აქ ცოტაა საამისო ადგილი?

ასეა, უკვე კარგა ხანია ყურზე გვძინავს და დროული ჩარევაა საჭირო, სანამ ქართული ძიუდო საღათას ძილს არ მისცემია. გამოსაფხიზლებლად კი "ყარაულის თოფი" კი არა, ცვლილებებია საჭირო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს - ნაკრებშიც და ძიუდოს ფედერაციაშიც.

P.S. ჩვენ შევეცადეთ, ცირეკიძეს იაპონიაში დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ.