ფოტოებზე აღბეჭდილი სპორტი
ფოტოებზე აღბეჭდილი სპორტი
2018 წელს "წლის პალიტრაში" ქართულ სპორტში მომხდარი ამბები გავიხსენეთ. ამჯერად მსოფლიო სპორტის დროა - წლის ბრძოლა კონორსა და ჰაბიბს შორის, მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი, კრიშტიანუ რონალდუს ტრიუმფი და "იუვენტუსში" გადაბარგება, რუსეთში გამართული მუნდიალი და ა.შ. - გასულ წელს მსოფლიო სპორტშიც არაერთი საინტერესო მოვლენა მოხდა. გაზეთის ერთ გვერდში ყველა მათგანის დატევა შეუძლებელია, მაგრამ 2018 წელს გადაღებულ რამდენიმე ჩინებულ ფოტოს მაინც შემოგთავაზებთ:

1. მსოფლიო თასის მატჩი - ინგლისი-კოლუმბია. ბრიტანელთა მთავარი ფორვარდი ჰარი კეინი
ცდილობს ბურთი დაიმორჩილოს. საბოლოოდ, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ კეინი გახდა - 6 გოლით.

2. სეზონის მეორე ნახევარში "მონაკო" ისე საშინლად თამაშობდა, რომ ფრანგული კლუბის ნახევარმცველი ჰან-ნოა მასენგო იძულებულია, ბურთი ასე გააჩეროს! ფოტო გადაღებულია 28 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩისას ("მონაკო"-"ატლეტიკო").

3. კონორ
მაკგრეგორსა და ჰაბიბ ნურმაგომედოვს შორის "წლის ბრძოლად"აღიარებული დაპირისპირება არ გამოვიდა ისეთი სანახაობრივი, როგორსაც ელოდნენ. დაღესტნელმა მებრძოლმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, მეოთხე რაუნდში კი ირლანდიელი "მახრჩობელა" ილეთზე დაიჭირა და დანებება აიძულა... ამგვარად, ჰაბიბი განაგრძობს წაუგებელ სერიას და UFC-ს მსუბუქი წონის დაუმარცხებელ ჩემპიონად რჩება.

4. 2018 წლის 10 ივნისი, პარიზი. საფრანგეთის ღია პირველობის ფინალის წინ,""გრუნტის მეფე" - რაფა ნადალი ასე ემზადება ავსტრიელ დომინიკ ტიმთან შესახვედრად. 32 წლის ესპანელი დიდებულ ფორმაშია და გასული სეზონი მსოფლიო რეიტინგის მეორე საფეხურზე დაასრულა.

5. 26 მაისი, კიევის ოლიმპიური სტადიონი. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, კრიშტიანუ რონალდუ - ჩემპიონთა თასის ზედიზედ მესამედ მოგებას. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ფინალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ, ფანებთან ერთად გვარიანად იმხიარულა.

6. საფრანგეთის ნაკრების ახალი (და ახალგაზრდა) ლიდერი კილიან მბაპე პლანეტის ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია და ეს ამ ფოტოზეც იგრძნობა. ამ თვისებასთან ერთად, მბაპე საოცრად ტექნიკურიც არის და რა გასაკვირია, რომ მეტოქეებმა ვერც შარშანდელი მუნდიალის ნახევარფინალში (ბელგიასთან) შეაჩერეს!

7. ეს არის ფოტო, რომელსაც ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება: ფიფას, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები რუსულ თავსხმაში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ზოგი ქოლგით, ზოგიც...

8. ისევ შარშანდელი მუნდიალი და ისევ საფრანგეთი. "ლურჯები" თავიდანვე ითვლებოდნენ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად და სტატუსი ბოლომდე გაამართლეს. გადამწყვეტ შეხვედრაში,= საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიას აჯობა (4:2) და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.

9."საუკუნის" თუ არა, შარშან "წლის ტრანსფერი" ნამდვილად ვნახეთ: მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა! 33 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ, იტალიურ კლუბს სარეკორდო თანხა ნამდვილად არ გადაუხდია. მეტიც, ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერების შემდეგ, 105 მილიონი ევრო მეტისმეტად მოკრძალებულიც კი არის. რაც შეეხება კრიშტიანუს ანაზღაურებას, ის წლიურად დაახლოებით 30 მილიონ ევროს აიღებს.

10. ტრადიციულად, წარმატებული სეზონი ჰქონდა ტაიგერ ვუდსსაც. გოლფის მთავარმა ვარსკვლავმა მორიგი თასებით გაიმდიდრა პერსონალური კოლექცია და არც მაყურებლების სიმცირეს უჩიოდა.

11. განსაკუთრებული კომენტარი არც ამ ფოტოს სჭირდება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოჭიდავეების ეს პერფორმანსი გადაღებულია 2018 წლის 24 თებერვალს, პარიზის მახლობლად მდებარე დარბაზში.

12. ეს კი Red Bull-ის ავსტრალიელი პილოტი დანიელ რიკარდოა: მონაკოში "ფორმულა-1"-ის რბოლის მოგების შემდეგ დანიელმა სპეცკოსტიუმის გაუხდელად ისკუპა აუზში და მაყურებლის ოვაციაც დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?