ეშაფოტი - კვირის პალიტრა

ეშაფოტი

ეს შოკზე მეტი იყო...

გასულ შაბათს ქართულ სპორტს დიდი ვნებათაღელვა ახლდა თან. ყველაფერი კარგად დაიწყო, ჯერ მოჭადრაკეებმა გაგვახარეს, მერე წყალბურთელებმა. ოდნავ მოგვიანებით კალათბურთელებმა საკუთარ კედლებში ბურთი თავზე გადაატენეს ბელორუსებს და ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს... საღამო ფეხბურთს უნდა დაეგვირგვინებინა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონს - იტალიას მასპინძლობდა. დიდი ილუზია არავის ჰქონია, მაგრამ მცირე იმედი მაინც კიაფობდა გულშემატკივართა გულებში, ბურთი მრგვალია და რა იცი, იქნებ... სამწუხაროდ, "ბორის პაიჭაძეზე" ისეთი დრამა გათამაშდა, რომელმაც ყველა გააოგნა. დავმარცხდით, მაგრამ ორმაგი დარტყმა მივიღეთ, - 0:2 და ორივე გოლის ავტორი... ქართველთა კაპიტანი კახა კალაძე გახლავთ...

ეს შოკზე მეტი იყო. თავად იტალიელებიც მხრებს იჩეჩდნენ გაოცებისგან. კი, უხაროდათ გამარჯვება და ზეიმობდნენ კიდეც, მაგრამ მათ სიხარულს აკლდა ნაღდ ბრძოლაში მიღებული სიამოვნების განცდა. ისინიც ფეხბურთელები არიან და კარგად იციან, რას ნიშნავს საკუთარ კარში გოლის გატანა. ალბათ, უამისოდაც მოგვიგებდნენ, თუმცა, მანამდეც დიდად არაფრით გამოუჩენიათ თავი მსოფლიო ჩემპიონებს და არც ფრე იქნებოდა ამ შეხვედრის ალოგიკური შედეგი. პირველ გოლამდე თითქმის ტოლ-სწორად ვეომებოდით იტალიელებს, მაგრამ 57-ე წუთზე კალაძემ ბურთი საკუთარ კარში თავურით ჩაჭრა. ეს უიღბლობაც არ იყო. არანაირი ლოგიკით ასეთი გოლი არ უნდა გასულიყო. კალაძეს რომ თავი დავანებოთ, დამწყებმა ფეხბურთელმაც კი იცის, რომ ასეთ სიტუაციაში ბურთი კარისკენ არ უნდა მოიგერიოს. თავის ოდნავ მარცხნივ გაქნევა და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. არადა, ბურთი პირდაპირ კარის ცენტრში მოხვდა(?!). ან რა ლოგიკით დაწვა ჩვენი გოლკიპერი საწინააღმდეგო კუთხეში, ბოლომდე ამოუხსნელ ამოცანად დარჩა ჩვენთვის. კარის ხაზზე რომ დარჩენილიყო ლომაია, კალაძის თავური პირდაპირ ხელებში მისდიოდა. გაიხსენეთ, როგორ გადაარჩინა ბუფონმა კარი საკუთარი მცველის მიერ გასროლილი ბურთისგან. სასაცილოა ბუფონისა და ლომაიას შედარება, მაგრამ გოლკიპერს მსგავს შემთხვევებში მეტი ალღო და დაკვირვება მართებს...

ამ გოლმა ისედაც მერყევი ფსიქოლოგიის საქართველოს ნაკრები გვარიანად მოშალა. ერთი-ორი კი გავიფაფხურეთ, მაგრამ კარში არავინ ურტყამს, ბურთი კი თავისით არ ეხვევა მეტოქის ბადეში. საინტერესოა, თუ ითვლიან ნაკრების მესვეურები, ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა საერთოდ რამდენჯერ დაარტყა კარში? ვეჭვობ, რომ ხელის თითებზე ვერც ჩამოითვლება. მაშინ გაგვაგებინეთ, რა ფეხბურთს ვთამაშობთ ან რა გვესაქმება მწვანე მინდორზე?.. ამათ რომ ჰკითხო, სწორი გზით მივდივართ, მაშინ როცა გზა საერთოდ ჩახერგილია და ერთ ადგილზეც აღარ ვიტკეპნებით, დიდი ხანია უკან ვეშვებით...

67-ე წუთზე მეორე კაზუსი მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ გააოგნა ყველა, მასპინძლებიც და სტუმრებიც: საქართველოს ნაკრების კარში სრულიად ჩვეულებრივი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მორიგი გოლი გავიდა, რომელიც ისევ კალაძემ (ახლა უკვე ფეხით) ჩაჭრა დაბალ კუთხეში...

აქ ფეხბურთზე ლაპარაკი უკვე უადგილოა. უბრალოდ, უნდა შეგეცოდოს ადამიანურად კაცი, ერთი წამით მის ტყავში ჩაჯდე და შეიგრძნო ის საშინელება, რაც მის თავს დატრიალდა. რით გინდა დაამშვიდო და ანუგეშო? კახას ცრემლებამდე აღარაფერი აკლდა, განადგურებული იყო და, ალბათ, მასთან ერთად მთელი გუნდი, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ წუთში მის ადგილას წარმოიდგინა თავი თითოეულმა. ეს ფეხბურთია, კალაძეზე დიდ ვარსკვლავებსაც დაულაშქრავთ საკუთარი კარი. ხდება ხოლმე... მაგრამ ორი გოლი ერთ თამაშში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ვინმეს საკუთარ კარში გაეტანოს, ჯერ არ ყოფილა. ამის შემდეგ თამაში პირადად ჩემთვის მორჩა. ვუსმენდი გარშემომყოფთა რეაქციას და ბოღმიან გამონათქვამებს კალაძეზე და გული მწყდებოდა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ერთ წამში გადაუშვეს მწვერვალიდან უფსკრულში. ასეთია ცხოვრება, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით მძიმეა ჩამოვარდნა, თუ კეთილად არ მოუარა თავს ადამიანმა. ზუსტად მაშინ გაიხსენეს კალაძის მილიონებიც, ბანკები და სასტუმროები, ბიზნესი და სარეკლამო კლიპები... ყველაფერი ფეხბურთის გარდა...

რომ შესძლებოდა, კახა კალაძე, ალბათ, მთელ ქონებას დახარჯავდა იმ უსიამოვნო ფურცლის ამოსახევად თავისი კარიერიდან, რაც იტალიასთან შეემთხვა. ფულით ხომ ვერ იყიდი ოსტატობას, ვერც ხალხის სიყვარულს, მაგრამ ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრი ადამიანის მიმართ, რომელსაც ფატალურმა უიღბლობამ ლამის მთელი სახელოვანი კარიერა წყალში ჩაუყარა. ვერ გეტყვით, რამდენად სწორად ვამბობ ან რამდენად ზუსტად გამოვხატავ სათქმელს, არც ის მინდა, კახა კალაძის ადვოკატობა დამაბრალოს ვინმემ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ასე ხელაღებით სალანძღავად ვერ ვიმეტებ კაცს, რომელსაც ახლო წარსულში ათასობით გულშემატკივართან ერთად მეც ვუკრავდი ტაშს კარგი თამაშის გამო და გულწრფელად მიხაროდა მისი წარმატება და აღიარება.  ავტოგოლების შემდეგ კი, კალაძის მიერ ბურთის ყველა მიღებას მაყურებლის გამაყრუებელი სტვენა ახლდა თან... მახსენდება ამ რამდენიმე წლის წინ საქართველო-საბერძნეთის მატჩი თბილისში, როცა ვუგებდით ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, შოთა არველაძეს საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი აეჭრა ფეხზე, რასაც ჩვენს კარში გოლი მოჰყვა. მახსოვს, რა სიტყვებით "ამკობდნენ" შოთას და როგორი სტვენით აიკლეს გასახდელში მიმავალი... ახლა კალაძეა იმავე სიტუაციაში... ვიცი, ეს ძნელი გადასატანია გულშემატკივრისთვის, რომელსაც ამ ნაკრების შემხედვარეს გამარჯვების გემოც კი დაავიწყდა, მაგრამ ადამიანურად მაინც შეიძლება მისი გაგება.

მაინც მგონია, რომ ეს იყო რეკვიემი, დასამარებული ქართული ფეხბურთის პანაშვიდზე გაჟღერებული. ამ ქვეყანაზე უბრალოდ არაფერი ხდება და არც ის, რომ სწორედაც საქართველოს ნაკრების კაპიტნის თავზე დატრიალდა ეს ყოველივე(!). ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ ქართულ ფეხბურთში თუ რამე არ შეიცვალა, კიდევ ბევრჯერ ვიქნებით ასე გამწარებული და შერცხვენილი.  ასეთ ქაოსში ყველაფერია მოსალოდნელი და კალაძის გაოცებითა და სასოწარკვეთით გაშლილი ხელებიც ამ უბედურების დასტურია. ჩვენი ფეხბურთი იქცა ეშაფოტად, რომელზეც ერთიმეორის მიყოლებით ისჯებიან სახელოვანი თუ ახალბედა ფეხბურთელები, ლეგენდარული მწვრთნელები თუ გამოჩენილი სპეციალისტები. და არც არის საშველი, რადგან ვინც უნდა უსაშველონ ქართულ ფეხბურთს, მათ არაფერი ანაღვლებთ, გარდა ერთისა, - აქედან მიღებული დივიდენდები. მოგებული მხოლოდ ისინი არიან, დანარჩენები კი: ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები წაგებული და განადგურებული...

მეტი რა უნდა ვთქვა, მეც არ ვიცი. ფეხბურთზე როგორ ვწერო, როცა ფეხბურთი აღარ არის საქართველოში. სანამ არ მოისპო ყველაფერი, ყური არავინ შეიბერტყა, ახლა უკვე პიროვნული ტრაგედიების დრო დადგა. გუშინ კალაძე იყო, ხვალ სხვა იქნება, ზოგი იტალიასთან, ზოგიც ფარერებთან დარჩება გულმოკლული, მაგრამ ერთხელაც იქნება, ეს სირცხვილი იმათაც მიაკითხავთ, ვინც ამ დღეში ჩააგდო ქართული ფეხბურთი...

პ.ს. გამწარდა ხალხი, ბევრმა წამოიძახა გუშინ, - კალაძე მოიკვეთოს ნაკრებიდანო... გააგდონო... ეგ რა ფეხბურთელიაო... მარტო არმანის სახეობა არ კმარაო და ა.შ., მაგრამ კალაძის გასაგონად და გასამხნევებლად ვიტყვი: შეურაცხყოფა და დამცირება თავმოყვარეობის საკითხია ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, მგონი, უფრო მეტად მოვალეობა გვაწევს სამშობლოს წინაშე. მამულის ვალი ყველა ქართველმა უნდა მოიხადოს, რა პროფესიისაც უნდა იყოს იგი...