"წლები გადის, ყველაფერი ტექნიკაზე გადადის, მაგრამ ადამიანის სიყვარულს ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის!" - ქართველი გაგამარუს იაპონური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"წლები გადის, ყველაფერი ტექნიკაზე გადადის, მაგრამ ადამიანის სიყვარულს ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის!" - ქართველი გაგამარუს იაპონური ცხოვრება

შარშანდელი წარმატებებიდან გამომდინარე, 2018-ში უფრო მეტს ტოჩინოშინზე ვლაპარაკობდით. ლევან გორგაძე იანვრის ბაშოსაც (წლის პირველი სუპერტურნირი 13 იანვარს იწყება. - რ.შ.) იმედიანად ხვდება. ისევე როგორც მეორე ქართველი სუმოისტი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). გაგას მენისკი აწუხებს და ორი თვე რანგით მესამე - მაკუშიტას დივიზიონში გაატარა, თუმცა იანვარში ისევ ძურიოში იჭიდავებს. სანამ ფეხი დოჰიოზე გასვლის საშუალებას მომცემს, გულშემატკივარს არ ვუღალატებო, გვპირდება. სუმოზე ორივე ქართველთან ბევრჯერ გვილაპარაკია, ამიტომაც აღარ გაგიკვირდებათ, შობა-ახალი წლის დღეებში გაგამარუს იაპონელების საახალწლო ტრადიციების თაობაზეც რომ ვკითხეთ:

- შარშანდელი სეზონი კარგად დაიწყო: იანვარში ლევანმა გაგვახარა "იმპერატორის თასის" მოგებით, მაისშიც წარმატებით იჭიდავა... თუმცა მე ჩავარდნა დამეწყო მენისკის პრობლემის გამო, ყველაზე დიდი ტრავმა კი დედის გარდაცვალებით მივიღე... ლამის ხელიც ჩავიქნიე და კარიერის დასრულებაც დავაპირე, მაგრამ გულშემატკივრებმა, მათმა თხოვნამ, იქნებ სცადო და გააგრძელოო, დოჰიოზე დაბრუნების ძალა მომცა...

- მუხლები ისევ გაწუხებს? - ვინც მენისკს შეუწუხებია, იცის, რა რთული მოსარჩენიც არის, მით უმეტეს, ჩემხელა წონის პატრონისთვის. გავიჭირვებ და დავიკლებ, მაგრამ ჩვენს სახეობაში წონა აუცილებელია. ასე რომ, ჯერჯერობით ისევ მომიწევს ტრავმებით ჭიდაობა. არც ქირურგიული ჩარევაა გამოსავალი, შესაძლოა რამდენიმე კვირაში ისევ შეგაწუხოს იმავე პრობლემამ. შევეგუე, რომ შესაძლოა მენისკმა ორი-სამი კვირის განმავლობაში არ შემაწუხოს, მერე კი მოულოდნელად გამისივდეს ორივე მუხლი და სითხის ამოღება გახდეს საჭირო.

- ზაფხულში მითხარი, სადამდეც გავქაჩავ, ვიჭიდავებო...

- სანამ შევძლებ, ბოლომდე დავიხარჯები და ტრავმებსაც გავუძლებ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული... ისე, ძალიან მინდა 2020 წლამდე მაინც ვიჭიდაო და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს დავესწრო.

- ალბათ, იაპონელები საოცარი ტემპით ემზადებიან ოლიმპიადისთვის.

- სასწაულებრივ რაღაცებს აშენებენ. თუმცა არ უყვართ ზედმეტად "გადაპრანჭული" შენობები, ისეთ სპორტულ კომპლექსებს აშენებენ, მომავალშიც რომ გამოადგეთ. სხვათა შორის, უკვე დაიწყო იმ საცხოვრებელი კომპლექსების გაყიდვა, სადაც ოლიმპიადის დროს სპორტსმენები დაბინავდებიან. "ტოკიო-2020"-ის დასრულების შემდეგ იქ ბინების მფლობელები იცხოვრებენ.

- სუმოს დავუბრუნდეთ: თითქმის მთელი კარიერა ელიტურ დივიზიონებში გაატარე, მაკუშიტაში არ გაგიჭირდა? - ელიტურ დივიზიონში გყავს დამხმარე, გაქვს განსხვავებული ფერის ქამარი და ვარცხნილობა, ასრულებ დოჰიო ირის და ა.შ. დაბალ დივიზიონში ყველაზე მეტად შავი ქამრის გაკეთება მიჭირდა (მესამე და მეოთხე დივიზიონებში უკეთიათ შავი ქამარი, რაც ნიშნავს, რომ ელიტაში აღარ ხარ, არც ხელფასი გაქვს და არც პრივილეგიები. - რ.შ.), მაგრამ სიამაყის და პირადი პრობლემების გამო ვერ ვუღალატებდი გულშემატკივარს... სირთულეებთან ერთად, "მაკუშიტაში გატარებულმა პერიოდმა ბევრი კარგიც მაჩვენა. თუნდაც ის, როგორ წვალობენ იქ ბიჭები, როგორ უნდა დააფასო ის მდგომარეობა, რომელშიც ხარ. საერთოდ, როცა კარგად ხარ, ქვევით აღარ იყურები. ამიტომ ხანდახან დაქვეითებაც აუცილებელია. სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ვერ ვაცნობიერებდი, რა მდგომარეობაში იყო ტოჩინოშინი, როცა ფეხის ტრავმის შემდეგ ყოფილი"სეკივაკე" და კომუსუბი მესამე დივიზიონამდე დაქვეითდა.

- რამდენიმე სიტყვა იაპონელების საახალწლო ტრადიციებზეც გვითხარი. - 25 დეკემბერს უფრო ხმაურიანად აღნიშნავენ, თუმცა ახალ წელსაც ზეიმობენ. უმეტესობა ბუდისტია, მაგრამ სხვა რელიგიების დღესასწაულებსაც აღიარებენ. პირდაპირ ამბობენ, ქრისტიანები არა ვართ, მაგრამ ისე გვიყვარს კარგი დღესასწაულები, აღმსარებლობას ყურადღებას არ ვაქცევთო. იაპონელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ "თოშქოში სობას"- სპაგეტის მსგავს კერძს. მისი გრძელი ფორმა "გრძელ ბედნიერებას" აღნიშნავს. ხშირია "ოსეჯიც, საახალწლო კერძების ერთგვარი ნაკრები.

- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ აქვთ? - მიღებულია ბავშვებისთვის მცირეოდენი თანხის ჩუქება, რომ მათთვის ახალი წლის დადგომა განსაკუთრებული იყოს. ისინიც მთელი წლის განმავლობაში ელიან ამ დღეს.

- იაპონელები ახალ წელს შინ ხვდებიან?

- ქართველების უმეტესობა ხომ ახალ წელს თბილისში მიდის, იაპონელები პირიქით არიან - ტოკიოდან თითქმის ყველა მშობლიურ პროვინციას მიაშურებს ხოლმე. იანვრის პირველ დღეს ქალაქში გავედი და ქუჩები ისეთი უკაცრიელი იყო, რამე რომ გაგჭირვებოდა, დამხმარეს ვერ იპოვიდი, მრავალმილიონიან ტოკიოში ავტომანქანა არ დადიოდა! გავიფიქრე, რა ტყუილად იხარჯება შუქნიშნებში ამდენი ელექტროენერგია-მეთქი. აქაურები სულ შრომაში არიან, ახალი წლის 4-5-დღიან დასვენებას კი მაქსიმალურად იყენებენ- ახალ წელს მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან, შვილებთან ერთად ხვდება...

- გამოდის, ახალი წლის დღეებში ტოკიოში მხოლოდ არაიაპონელი სუმოისტები რჩებით. - 31 დეკემბრის დილამდე ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობთ, 3 იანვარს კი უკვე კლუბში უნდა გამოვცხადდეთ, რადგან იანვრის ბაშო თვის შუა რიცხვებში იწყება. ასე რომ, არც იაპონელ სუმოისტებს უშვებენ და არც უცხოელებს.

სუმოს სამყარო ჯერ კიდევ ძველი ტრადიციებით ცხოვრობს. თუმცა ბოლო წლებში შეღავათებიც დაუშვეს. მაგალითად, სუმოისტს ტელეფონი და ტელევიზორი არ უნდა ჰქონოდა, ახლა კი ეს დაშვებულია. თუმცა ისევ აუცილებელია კიმონოთი და კიკინით სიარული, აკრძალულია ავტომანქანის მართვა და ა.შ.

იაპონელები ძალიან აფასებენ ახალგაზრდებს, რომლებიც მამა-პაპის ტრადიციებს იცავენ, მათი წესებით ცხოვრობენ... ამიტომაც არის მთელი ქვეყანა გადარეული სუმოზე, თორემ მხოლოდ დიდი, მსუქანი კაცების ორთაბრძოლა კი არ უყვართ.

- სუმო ახალგაზრდებსაც ისევე უყვართ, როგორც უფროს თაობას? საინტერესოა, რა ინტერესები აქვთ თანამედროვე იაპონელებს? - რაც ყველაზე მეტად მომწონს, ტოკიოში სასწავლებლად ჩამოსულები, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ბრუნდებიან თავიანთ პროვინციაში! ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით არასდროს უარყოფენ თავიანთ რაიონს... იაპონელები უფრო მეტად აფასებენ ადამიანს, ვისაც თავისი კუთხე უყვარს. არც ის მიაჩნიათ სავალდებულოდ, ყველამ აუცილებლად მიიღოს უმაღლესი განათლება. როგორც ვიცი, იაპონელი ახალგაზრდების მხოლოდ 15-20% მიდის უნივერსიტეტში, დანარჩენები სხვადასხვა პროფესიასა თუ ხელობას ეუფლებიან.

- იაპონელებისგან ბევრი გვქონია სასწავლი... - ოტია იოსელიანის სიტყვებს გავიხსენებ: "უნდა ვისწავლოთ შრომის და დროის ფასი!" ისე კი, იაპონელებსაც ბევრი აქვთ ჩვენგან სასწავლი. ხშირად ვეუბნები, მეტი სიყვარული და გრძნობა გამოხატეთ-მეთქი. წლები გადის, ყველაფერი ტექნიკაზე გადადის, მაგრამ ადამიანის სიყვარულს ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის! ამათ ადამიანის კლონიც კი აქვთ შექმნილი, მაგრამ ერთადერთი, რაც ვერ ჩაუნერგეს, გრძნობა და სიყვარულია!

- იაპონელებს სჯერათ, რომ როგორ სიზმარსაც ნახავ ახალი წლის ან მომდევნო ღამეს, ისე გაატარებ მთელ წელიწადს... ეთანხმები? - ვცდილობ, ნეგატიურ სიზმრებს ყურადღება არ მივაქციო. ცრურწმენები არა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, მეც შევიძინე გარკვეული ჩვევები: წარმატებული ასაპარეზობის მომდევნო დღეს ვცდილობ იგივე მარშრუტი და სამოსი ავირჩიო, იმავე დროს დავიბანო და ა.შ. იაპონელები ამას გენკაცკის (კარგ ფეხზე ადგომას) უწოდებენ და სუმოისტები დიდ ყურადღებას აქცევენ.

არც არის გასაკვირი: ბაშო ორ თვეში ერთხელ იმართება, ჩვენთვის ოლიმპიადასავით არის და იქ წარმატებით ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ახალი წლის დადგომა იაპონიაში ქართველებმა წელსაც ერთად აღნიშნეთ. საკე მიირთვით თუ ჩვენებური ღვინო? - რა თქმა უნდა, ქართული ღვინო! იყო პერიოდი, როცა მას ინტერნეტში დავეძებდით, ახლა, საბედნიეროდ, ძალიან მოიმატა ქართული ღვინის იმპორტმა. გარდა ამისა, ტოჩის უკვე იმდენ ღვინოს უგზავნიან, თავს ნამდვილად ვერ მოვაკვლევინებთ, ვერ გავიმეტებთ იმისთვის, ამდენი მარტომ დალიოს (იცინის).

- სანამ ბაშო დაიწყება, თქვენს ქომაგებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს იაპონიიდან მიულოცეთ შობა-ახალი წელი - ყველა ქართველს ვულოცავ ახალი წლის დადგომას და მშვიდობას, გაძლიერებას, ჩვენი სამშობლოს გამთლიანებას ვუსურვებ. დიდი წარმატების იმედი მაქვს სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლებისგან. რაც შეეხება სუმოს ქომაგებს, წარმატებულ წელს ვუსურვებ ჩვენს თავსაც და მათაც! უფლის წყალობით, იანვრის ბაშოს ორივე კარგ ფორმაში ვხვდებით და იმედია, წარმატებით ვიჭიდავებთ. ლევანს რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, მეგობარო, იანვრის ბოლოს წელიწადი სრულდება, რაც ჩემპიონი გახდი და თუ გაიმეორებ, ქართველებს ორმაგად გაახარებ-მეთქი. ჩაეღიმა და არაფერი მიპასუხა... იმედია, კიდევ გავახარებთ სპორტის მოყვარულებს და ვისაც არ უყვარს, შევაყვარებთ!

შარშანდელ იანვართან შედარებით, დღეს საქართველოში სუმო მინიმუმ 50%-ით მეტმა იცის და ეს პატარა საქმე არ არის. უკვე ხარაგაულშიც კი ატარებენ ორთაბრძოლებს, რას წარმოვიდგენდი, ამას თუ მოვესწრებოდი...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გპირდებით, რომ ბაშოს პირველივე დღიდან სულით და გულით ჩავერთვები ასპარეზობაში, ყველანაირად ვეცდები, გაგახაროთ!

"შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს სამშობლოს"

ტოჩინოშინი: "შარშან კარიერაში საუკეთესო წელი მქონდა და იმედია, ნაკლები არც ეს სეზონი იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე ძალისხმევას არ დავიშურებ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

... შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს სამშობლოს, ყველა ქართველს, ჩემს ყველა გულშემატკივარს... მადლობა მხარდაჭერისთვის! 2019 წელს მხოლოდ წინსვლა, სიხარული და წარმატება მოეტანოს ჩვენთვის!"

იხილეთ ასევე:"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება"