ელიტისკენ- "ქართული თვითმფრინავით" - კვირის პალიტრა

ელიტისკენ- "ქართული თვითმფრინავით"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბ დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ოთხი მატჩი თბილისში ითამაშა. სპორტის სასახლეში ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგეთ, თუმცა ფლეი-ოფი სხვა განზომილებაა და ზედიზედ ნათამაშები საშინაო მატჩებიდან მეტოქის მოედანზე გადანაცვლებისას ფსიქოლოგიური სიმტკიცეა აუცილებელი. როგორც ჩანს, ამ მხრივ საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა, - ჩვენმა გუნდმა მოგილიოვში 89:75 მოუგო ბელორუსიის ნაკრებს და ელიტური დივიზიონისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა...

რაც უნდა საკვირველი იყოს, იგორ კოკოშკოვის გუნდმა ყველაზე იოლად იმ მატჩებში გაიმარჯვა, სხვებზე მეტად რომ ვუფრთხოდით. სლოვაკები შვედებს ბოლო წამამდე ტოლ-სწორად ეომნენ და გვეგონა, მათთან ჩვენც ფიცხელი ბრძოლა გველოდა. სინამდვილეში კი სლოვაკებს 41 ქულის სხვაობით ვძლიეთ. შვედებზე ძლიერი თუ არა, არანაკლები ძალის გუნდად მიგვაჩნდა ბელორუსები, თუმცა მასპინძლებს მათსავე "ოლიმპიეცში" ვასროლინეთ კუდით ქვა და ელიტაში აღზევებაზე ოცნება მოგილიოვშივე დავუსამარეთ. რუსების ჯავრი ქართველმა კალათბურთელებმა მათ "ბიძაშვილებზე" იყარეს და "თეთრ რუსებს" ბოლო წამებზე რომ არ ეყოჩაღათ, სხვაობა გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.

გაქართველებული ზანგი ჩვეულად ნაყოფიერად კი ირჯებოდა, მაგრამ რად გინდა, ხუთი მატჩის განმავლობაში გაწეული ჯაფა წყალში ჩაყარა. შავკანიანი მოთამაშე მეტოქის პროვოკაციას აჰყვა და იმისთანა ამბავი ატეხა, მსაჯს მოედნიდან გაძევება გამოსტყუა. რა თქმა უნდა, ძნელი მოსათმენია, როცა სახეში იდაყვს გითავაზებენ, მაგრამ იმ დროს, როდესაც უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გუნდი 21 ქულის სხვაობით იგებს, ელისისთანა გამოცდილების მქონე კალათბურთელმა მთელი მოედანი არ უნდა გაირბინოს მოწინააღმდეგესთან "საქმის გასარჩევად".

ყველაზე მეტად ეს ისეთი გაწონასწორებული და მშვიდი მოთამაშისგან გაგვიკვირდა, როგორიც ტაირონ ელისი გახლავთ. თუმცა მსაჯს შეეძლო, მხოლოდ ტექნიკური ჯარიმით შემოფარგლულიყო და შავტუხა "ქართველი" მოედანზე დაეტოვებინა. ასეა თუ ისე, ამ ინციდენტით მასპინძლებმა იხეირეს და 21-ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

ითამაშებს თუ არა ელისი განმეორებით შეხვედრაში, მალე გახდება ცნობილი. თუმცა, იგორ კოკოშკოვს მისი შემცვლელის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს, - საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშე ძალიან კარგ ფორმაშია. თამაშამდე ბელორუსთა მწვრთნელმა ალექსანდრ პაპკოვმა აღნიშნა, ქართველთა ნაკრებში მატჩების სიმძიმე, ძირითადად, ხუთ კალათბურთელზე გადადისო. როგორც ჩანს, კარგად არ იცოდა, რომ მისი სერბი კოლეგა სათადარიგოებსაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებივით ენდობა. შაბათის მატჩშიც მწვრთნელს შეცვლაზე შესულმა ყველა შეგირდმა გაუმართლა - ორიდან ორი სამქულიანი ჩააგდეს კოტე ტუღუშმა და ნიკა ცქიტიშვილმა, მშვიდად ანაწილებდა ბურთს ლაშა გამყრელიძე...

რაც შეეხება ძირითად ხუთეულს: ჩვეულად შედეგიანი იყო კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომლის წონასწორობიდან გამოყვანა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთმა ბელორუსმა ვერ შეძლო. კიდევ ერთი შოუ დადგა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლის გარდა (19 ქულა, 11 მოხსნა), სამჯერ ეფექტურად, ჰაერში პასის მიღებისთანავე ჩატენა ბურთი კალათში...

ყველაზე გამორჩეული მაინც ვლადიმერ ბოისა გახლდათ - ხუთი სროლიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო, თანაც, ყველა უაღრესად საჭირო დროს და საბოლოოდ, შედეგიანობით მხოლოდ ქულით ჩამორჩა ფაჩულიასა და სანიკიძეს.

ქართველებს მცირე დაბნეულობა მხოლოდ მატჩის საწყისი ხუთიოდე წუთის განმავლობაში ეტყობოდათ, თორემ მერე წინ გავიდნენ და მთელი შეხვედრის მსვლელობისას საშუალოდ 10-12 ქულით იყვნენ წინ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ჩვენი გუნდი დაძაბულობის გარეშე, თავისუფლად თამაშობდა და ისე გამოვიდა, რომ ფლეი-ოფის პირველ მატჩში ჯგუფურ შეხვედრებზე ნაკლებად გვანერვიულა.

"გასვლით მატჩებში ქართველების ემოციურობა ნაკლებად ჩანს. სამაგიეროდ, შინ ტყავიდან ძვრებიან. ტემპერამენტიანი პუბლიკა მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დარბაზში საშუალოდ 7-8 ათასი გულშემატკივარი იკრიბება. თამაშისას იმაზე დიდი ხმაურია, ვიდრე თვითმფრინავის აფრენისას", - ალექსანდრ პაპკოვმა ინტერვიუში ესეც თქვა. ამიტომ იყო, ბელორუსები რომ იქადებოდნენ, მოგილიოვში რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა მოგიგოთო, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებმა აგერ მერამდენედ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი B დივიზიონში აღარაა, მაგრამ ბელორუსიაში მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ უკვე A დივიზიონში ვართ. მერე რა, რომ სტუმრად 14 ქულის სხვაობით მოვიგეთ. მეტოქის შეუფასებლობამ და ზედმეტმა თავდაჯერებამ არაერთხელ დაგვღუპა და ახლაც ბოლო წამამდე მობილიზებაა საჭირო. მით უმეტეს, "თეთრი რუსები" გასვლით შეხვედრებს უფრო კარგად ატარებენ, ვიდრე 2500-კაციან "ოლიმპიეცში". "შესაძლოა, ერთგვარ წნეხს შინაური კედლები ქმნის... უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე აზარტულად არ გვქომაგობენ, როგორც საქართველოს", - არ მალავს პაპკოვი. ძნელია არ დაეთანხმო: "ოლიმპიეცის" ტრიბუნებიდან, მასპინძელთა ქომაგების ხმას რამდენიმე ასეული "ჯვაროსნის" ყიჟინა ფარავდა...

მაშ, მოდი, ბელორუსებს 9 სექტემბერს ვაჩვენოთ, როგორ უნდა ნამდვილი ქომაგობა, მოვასმენინოთ, როგორი ხმა აქვს "ქართულ თვითმფრინავს"...