"თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი" - რატომ ითხოვს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას?
"თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი" - რატომ ითხოვს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას?
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მოჭიდავე მოუწოდებს ყველას, დადგნენ ერთად და მოითხოვონ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა.

"ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი.
მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება.


ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის
ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, უფრო მეტიც ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია, ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს", - აცხადებს მოჭიდავე.

მისივე თქმით, მას და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა.

"მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება.

აღნიშნული ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე.

სიღრმეებში ჩასვლისა და საჯაროდ ყველა დეტალის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა მინდა ზემდგომ ორგანოებს – სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად, რადგან ბევრი მოჭიდავისა თუ დამსახურებული მწვრთნელისთვის აუტანელია ის გარემოებები, რაც ხდება.

მიმაჩნია, რომ ამდენი დუმილი მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე და მივიღებთ იმაზე უფრო წარმოუდგენელ სიტუაციებს, რაც მოხდა 11 იანვარს, ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში. როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს. მინდა ყველას, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, გულშემატკივარს, ფედერაციის ზემდგომ ორგანოებს მოვუწოდო დავდგეთ ერთად და ჭიდაობის სამყაროში დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც სუფევს.

ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას", -წერს სპორტსმენი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა