ამერიკელი გიგანტები ქართველ ლეგენდას ფეხზე წამოუდგნენ - დაუჯერებელი გმირობის ამბავი - კვირის პალიტრა

ამერიკელი გიგანტები ქართველ ლეგენდას ფეხზე წამოუდგნენ - დაუჯერებელი გმირობის ამბავი

ერთ საღამოს საკალათბურთო ფოტოარქივის განახლება ვცადე, ინტერნეტში ძველისძველი სურათები გადავქექე, მაგრამ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას თამაშის ამსახველი მომენტები ვერსაც მოვიძიე. არადა, ეს იყო პირველი ოლიმპიური თამაშები, რომლებშიც ქართველები მონაწილეობდნენ.

ძიება ფინურ ვებსაიტებზე განვაგრძე, სიტყვა კალათბურთი სუომურად ვთარგმნე და შედეგმაც არ დააყოვნა - აღმოჩნდა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალში სადავო გდების ეპიზოდი. ამას მოჰყვა მატჩის დასრულების შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელშიც ხელშეხვეული ოთარ ქორქია ამერიკელ კლაიდ ლოველეტთან ერთადაა გადაღებული.

ამ ორ სურათს შორის იყო მთელი ომი - ოლიმპიური ფინალი, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა. რომ არა 30-ე წუთზე მომხდარი ამბავი, შეიძლებოდა პირველი ქართველი ოლიმპიელები ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია ყოფილიყვნენ.

რა მოხდა 30-ე წუთზე? ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად გაგცემთ, მანამდე გავარკვიოთ, რა გზა გაიარეს ქართველებმა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალამდე.

სწრაფად, მჭიდროდ შემიხვიეთ!

ჰელსინკში ოლიმპიადისთვის მსოფლიოს ყველა კუთხიდან 16 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. ისინი ოთხ ჯგუფად გაიყვნენ და პირველი ეტაპის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა. სსრ კავშირმა საწყის სამ შეხვედრაში, ერთმანეთზე მიაწვინა ბულგარეთი, მექსიკა და ფინეთი.

მეორე ეტაპზე ასევე ოთხგუნდიან ჯგუფში, ოღონდ უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოხვდა. ბრაზილია 5 ქულის სხვაობით დაამარცხა, ჩილე - 18-ით, ამერიკასთან კი გაუჭირდა - 58:86. აშშ-სთან შეხვედრაში ოთარ ქორქიამ მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო:

„ოთარმა ხელი ლოველეტთან ბრძოლაში დაიზიანა. ამერიკელმა მასზე განგებ იუხეშა. ოთარი სკამზე არ დამჯდარა, ექიმს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ შეეკრა სახვევი. გადანასკვა და ქორქიას მოედანზე შეჭრა ერთი იყო.

ტკივილთან ერთად ამერიკელების წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა, ფაქტობრივად ცალხელა თამაშობდა, ოღონდ არა ნახევარი ძალით - ენერგიის დაზოგვა მის ხასიათში არ ჯდებოდა. მხოლოდ მატჩის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, სადაც ხელზე რამდენიმე ნაკერი დაადეს,“ - წერს ჟურნალისტი არსენ ერემიანი.

თუ წინა ორ შეხვედრაში მან 25-25 ქულა ჩააგდო, აშშ-თან 8-ს დასჯერდა. საოცარია, მაგრამ ცალი ხელით მან მეორე ეტაპის ბოლო მატჩში ჩილეს 38 ქულა „უძღვნა“. ნახევარფინალში, ურუგვაისთან 61:57 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარული ქართველის ანგარიშზე 21 ქულა იყო. გაგრძელება