"მას "თავადსაც" ეძახდნენ, მაგრამ არა დაცინვით, არამედ..." - რატომ დაუკუწეს კალათბურთის ქართველ "ჯადოქარს" ურუგვაელებმა მაისური - კვირის პალიტრა

"მას "თავადსაც" ეძახდნენ, მაგრამ არა დაცინვით, არამედ..." - რატომ დაუკუწეს კალათბურთის ქართველ "ჯადოქარს" ურუგვაელებმა მაისური

თორთლაძის ქურაში ნაწრთობი

ყველაფერს ქუთაისში ჩაეყარა საფუძველი: ჯანსაღი და ძლიერი ბავშვი იყო ზურაბ საკანდელიძე, რომელიც ჭიდაობასა და ცურვაში ჯაბნიდა თანატოლებს, რბენასა და ლახტშიც პირველობდა. ვინ იცის, საით წარიმართებოდა მისი ტალანტი, რომ არა უფროსი ძმა ანზორ საკანდელიძე, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული კალათბურთით და სახელოვან მწვრთნელ სულიკო თორთლაძესთან იმაღლებდა ოსტატობას. სწორედ ბატონმა ანზორმა მიიყვანა ზურაბი სულიკოსთან.

ერთ-ერთ ვარჯიშზე იგი ჩვენს ტიტულოვან კალათბურთელსა და მწვრთნელ ოთარ ქორქიას უნახავს და აღფრთოვანებულს უთქვამს - ამ ბიჭისგან დიდი მოთამაშე დადგებაო. არც შემცდარა. 15 წლის ზურაბ საკანდელიძე თბილისში რომ გადმოიყვანეს, ოთარ ქორქიამ იგი თბილისის "დინამოში" მიიწვია. ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდში ქართული კალათბურთის კორიფეები დახვდნენ. ყმაწვილს ყველაზე მეტ ყურადღებას "დინამოს" კაპიტანი გურამ მინაშვილი აქცევდა.

ერთხელ ბატონ გურამზე საუბრისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა მითხრა:

"პატარა ვიყავი, გურამ მინაშვილის თამაში რომ ვნახე. იმდენად მომეწონა, რომ, მისი გავლენით, მეც მცველი გავხდი. 1963 წელს, როცა "დინამოში" ჩავირიცხე, საკავშირო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ჩემმა უფროსმა ძმამ, ანზორმა, ჩემი თავი გურამს ჩააბარა. მაშინ გავიცანი იგი ახლოს და მას შემდეგ მისი ყურადღება არ მომკლებია. მეც გულისყურით ვაკვირდებოდი გურამის თამაშს, საოცრად მოქნილი იყო, საკუთარი რეაქციის მართვა შეეძლო, მოედანზე იწვოდა, მეტოქის შიში არ ჰქონდა. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. კაპიტანმა შესანიშნავად იცოდა თანაგუნდელების ძლიერი და სუსტი მხარეები."

ამიტომაც იყო, რომ 1963 წელს კრაკოვში სოციალისტური ქვეყნების დინამიადისას კაპიტანმა მთავარ მწვრთნელს ექსპერიმენტული ხუთეული შესთავაზა, რომელშიც პირველად მოხვდა ზურაბ საკანდელიძე. იმავე წელს სერგეი ბაშკინმა ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია.

პირველი მატჩებიდანვე ზურაბ საკანდელიძე და ლიტველი მოდესტას პაულაუსკასი გუნდის ლიდერები გახდნენ. სწორედ ამ ორი კალათბურთელის ბწყინვალე თამაშით საბჭოთა ნაკრებმა 1964 წელს ნეაპოლში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, მანამდე კი რუმინეთში საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა, სადაც ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო ბომბარდირის პრიზით დაჯილდოვდა.

ახალგაზრდულ ნაკრებში ქართველი კალათბურთელის თამაშებს თვალ ადევნებდა საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი. გამოცდილმა სპეციალისტმა საკანდელიძე თავის გუნდში მიიწვია, რომელსაც ჯერ ამერიკულ ტურნეში უნდა მიეღო მონაწილეობა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატში ეასპარეზა.

გომელსკის საკანდელიძისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. აი, რას წერს მისი ვაჟი ვლადიმირი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი:

"საკანდელიძე სამამულო კალათბურთის განსახიერებაა. 1965-1972 წლების საბჭოთა კალათბურთი საკანდელიძის გარეშე წარმოუდგენელია. პირველად რომ ნახა ზურაბი და ავარჯიშებდა მას, მამა მიხვდა, რომ საკოში ზღვა შესაძლებლობები იმალებოდა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, რომ 20 წლის დებიუტანტმა საბჭოთა ნაკრების სასტარტო ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი. იგი გუნდის ემოციური ჩირაღდანი გახლდათ.

"ალი" - მამა ასე ეძახდა მას." თავად უფროსმა გომელსკიმ კი შეგირდს თავისი წიგნი ასეთი წარწერით უსახსოვრა: "უახლოეს და სასურველ საკოს - ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელს. ბედნიერი ვარ, რომ სსრკ ნაკრებში შენთან ერთად ვიღვწოდი, სადაც შენ ჩემი მოსწავლე იყავი და ძვირფას მეგობრად იქეცი. დაე, ცხოვრებაში მუდამ გზას გინათებდეს მზე, რადგან შენ თავად ალმასი ხარ." ალექსანდრ გომელსკი.

1965 წელს წელს ამერიკული ტურნეს დროს საბჭოთა კალათბურთელებმა სიეტლში მასპინძლებს 70:62 აჯობეს. ამ მატჩში საკანდელძის ვირტუოზულმა თამაშმა მოხიბლა ამერიკელები, რომლებმაც მაცდური წინადადებითაც მიმართეს ჩვენებურს - დარჩი ამერიკაში და ცალკე ხელფასს გადაგიხდით, ცალკე - ჰონორარსო, მაგრამ საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეს მსგავს წინადადებაზე დათანხმება კი არა, ოცნებაც არ შეეძლო - ციმბირი უკან დარჩებოდა.

ამერიკიდან დაბრუნებულმა საბჭოთა ნაკრებმა მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა. ფინალურ მატჩში ზურაბმა და მისმა თანაგუნდელებმა იუგოსლავიას მოუგეს - 58:49. (იხილეთ სრულად)