ქართველებმა ისევ იქართველეს - კვირის პალიტრა

ქართველებმა ისევ იქართველეს

კუს ტბამ ზედიზედ მეორედ უმასპინძლა პირველი ქართველი ლიბეროსა და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრის, დავით

ქართველიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს საპლაჟო ფრენბურთში სახელწოდებით "ქართველა 2010".

შარშანდლის მსგავსად, ტურნირი წელსაც საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის თაოსნობით ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და სომხეთის წარმომადგენელი 12 წყვილი მონაწილეობდა. თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ყვარლისა და ცაგერის გუნდების გარდა, წელსაც გვესტუმრა სომხეთის გუნდი და მესამე საპრიზო ადგილსაც გამოჰკრა ხელი.

ტურნირში მონაწილეობა თურქებსა და აზერბაიჯანელებსაც უნდა მიეღოთ, მაგრამ ამ ქვეყნების ჩემპიონატები სექტემბერში იმართება და მათმა გუნდებმა ჩამოსვლა ამიტომაც ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, შეჯიბრება საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. რაც მთავარია, შარშანდელთან შედარებით გუნდების რაოდენობაც გაიზარდა და საქართველოს ქალაქების წარმომადგენელთა რიცხვიც, რაც ჩვენი ფრენბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ქართველა 2010"-ის გამარჯვებული დავით ლიპარტელიანისა და თემურ ჭაბუკიანის წყვილი გახდა, მეორე ადგილზე კი თენგიზ ჯანხოთელი და არმენ ზაალიანი გავიდნენ. ფულად ჯილდოებთან ერთად, პრიზიორებს სიგელები და მედლებიც გადასცეს, ჩემპიონმა გუნდმა კი სპეციალური თასი "ქართველა 2010"-ც მიიღო.