ასათიანი ოთხ მატჩს გამოტოვებს - კვირის პალიტრა

ასათიანი ოთხ მატჩს გამოტოვებს

ვინც საქართველო-ისრაელის მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, მასპინძელთაგან საუკეთესო მალხაზ ასათიანი გახლდათ. მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი დაცვაშიც

უშეცდომოდ გაისარჯა და შესანიშნავი გადაცემებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს. თუმცა, ძნელი სავარაუდოა, "ასკა" ეროვნული გუნდის მომდევნო მატჩებსაც (8 ოქტომბერს - მალტასთან და 12-ში - ლატვიასთან) ასეთივე კარგ ფორმაში შეხვდეს, რადგან საკუთარ კლუბს უახლოესი ოთხი შეხვედრის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

საქმე ის არის, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ასათიანს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მოსკოვის ცსკა-სთან შეხვედრის 70-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი ჩილელმა მარკ გონსალესმა ძალიან უხეშად წააქცია, მალხაზმა სახეში ბურთის სროლით უპასუხა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

მოჩხუბარი ფეხბურთელები თანაგუნდელებმა გააშველეს, შეხვედრის არბიტრმა კი, ასათიანთან ერთად, წითელი ბარათი გონსალესსაც უჩვენა, - მასაც ოთხი მატჩის განმავლობაში მოუწევს უქმობა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის გარდა, მალხაზ ასათიანს საკუთარი კლუბიც დასჯის.

"ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა აღნიშნა, რომ ასათიანს კლუბიც აუცილებლად დააჯარიმებს იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელისთვის ოთხი მატჩის გამოტოვება ისედაც დიდი სასჯელია. სიომინისავე განცხადებით, ცსკა-სთან მატჩში მალხაზი მშვენივრად თამაშობდა. "შესაძლოა, ეს მისი საუკეთესო მატჩიც კი იყო. რა დაემართა იმ ეპიზოდში, თავადაც ვერ გაურკვევია", - განაცხადა სიომინმა. ახალგაზრდობაში ასათიანისგან სიფიცხე არ გვიკვირდა, ახლა კი... და ეს სიფიცხე, შესაძლოა, ფორმისა და შესაბამისად, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდეს.