ვინ ვინ "გააფუჭა" ქართულ ძიუდოში? - კვირის პალიტრა

ვინ ვინ "გააფუჭა" ქართულ ძიუდოში?

ძიუდოს თავკაცები მსოფლიო ჩემპიონატამდე მოხსნეს?!

გასულ შაბათს ჩატარებულ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომას 15 დელეგატისგან მხოლოდ ორი არ დასწრებია - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ხუბულური და ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი.

ხუბულურის არყოფნის მიზეზი საპატიოა, ის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იყო, ბულგარეთში, მაგრამ საინტერესოა, სად იყო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ისეთი რა "საქმე" ჰქონდა დილარ ხაბულიანს, აღმასკომის საგანგებო სხდომა რომ გამოტოვა? თუმცა, რა გვიკვირს? - ქართულ ძიუდოში უკვე კარგა ხანია, ყველაფერი (ყველა) ისე (იქ) არ არის, როგორც (სადაც) საჭიროა.

ტოკიოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე  მედლის მთავარი კანდიდატ ირაკლი ცირეკიძის გვერდით საჭირო მომენტში არავინ "აღმოჩნდა", რომ ტატამამდე მიეყვანა, დიდი ამბავი, ფედერაციის პრეზიდენტი თუ არ დაესწრებოდა აღმასკომის სხდომას.

მით უმეტეს, ყველასათვის (მათ შორის - თავად ხაბულიანისთვისაც) ცხადია, რომ ფედერაციის ხელმძღვანელის ბედი უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, თუ "გადადგომის" შესახებ სურდა ლაპარაკი, ტოტიკაშვილის მსგავსად განცხადება მასაც აღმასკომის სხდომის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, რადგან სხდომის დამთავრების შემდეგ ასეთ განცხადებას ფასი აღარ ექნებოდა. როგორც ჩანს, ხაბულიანს არ სურდა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას "გადამდგარის" სტატუსით დასწრებოდა და თავის კაბინეტში (აღმასკომი სწორედ ძიუდოს ფედერაციის თავკაცის კაბინეტში შეიკრიბა) ამიტომაც არ გამოჩნდა.

დილარ ხაბულიანი უკვე მრავალი წელია ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია (ის ამ თანამდებობაზე იყო 1996 წლის ოლიმპიადის დროსაც, როცა ატლანტაში წლევანდელის მსგავსი სამარცხვინო ფაქტი მოხდა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა აწონაზე დააგვიანა) და საერთო ენის გამონახვა არც ერთ ხელისუფლებასთან გასჭირვებია. ალბათ, სწორედ მის კავშირებს უნდა "ვუმადლოდეთ", რომ მოხსნის ნაცვლად, სავარაუდოდ, "გადადგომის" საშუალებას მისცემენ.

აკი თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღმასკომის სხდომის შემდეგ, ხაბულიანს ორშაბათს შევხვდები და შემდეგ ის თავად გაგაცნობთ თავის გადაწყვეტილებასო. თანამდებობასთან განშორება რომ უნდოდეს, დილარ ხაბულიანი აქამდეც გააკეთებდა განცხადებას, განსაკუთრებით ბოლო წლებში არსებული ვითარების გამო. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ "თავის გადაწყვეტილებას" ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან მალე გამოაცხადებს.

ზემოთ ამირან ტოტიკაშვილის გადადგომა  ვახსენეთ. ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ამის შესახებ აღმასკომის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა და სკანდალური განცხადებაც გააკეთა.

ტოტიკაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მასთან ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მიაგზავნა ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც აუწყა, რომ ტოკიოში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, თანამდებობასთან განშორება მაინც მოუწევდა.

"გარდა ამისა, გამივრცელეს ხმა, თითქოს ცირეკიძის შეხვედრა გაყიდული იყო და მე ვეუბნებოდი ირაკლის, რა აზრი აქვს ტატამზე გასვლას, მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია-მეთქი. ამიტომ, ვაცხადებ, რომ ამ სპექტაკლის ავტორი გია ნაცვლიშვილია!" - აღნიშნა ტოტიკაშვილმა.

KvirisPalitra.Geროგორც უკვე ვთქვით, ეს აღმასკომის სხდომის დაწყებამდე მოხდა, სხდომიდან გამოსვლის შემდეგ კი ნაკრების ყოფილ თავკაცს ნაცვლიშვილი აღარ უხსენებია და მხოლოდ ის თქვა, არავისზე ნაწყენი არა ვარ, ყველანი იქ უნდა ვიყოთ, სადაც ქართულ ძიუდოს სჭირდებაო. რაც შეეხება ბრალდების ადრესატს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტოტიკაშვილის გადადგომა ვაჟკაცურ ნაბიჯად შეაფასა, მერე კი, როცა ნაკრების ყოფილი თავკაცის განცხადების შინაარსი შეიტყო, გაიკვირვა, საინტერესოა, საიდან მოიტანა ეს, თუ მწვრთნელის გათავისუფლება მსურდა, სხვა რომ არაფერი, "შუამავლად" ნაკრების ექიმი რაში დამჭირდებოდაო.

ასეა თუ ისე, კულუარებში ამბობენ, რომ "ცირეკიძის კაზუსი" შემთხვევითი არ ყოფილა და ის ტოტიკაშვილისა და ხაბულიანის "გასაფუჭებლად" დაიგეგმა. საკვირველი ის არის, მეტი რაღა "გაფუჭება" სჭირდებოდა ან ერთს, ან მეორეს? მე შენ გეტყვი, ისეთი წარმატებები ჰქონდათ... ტოტიკაშვილის გუნდს  შედეგიანობით არც წინა ტურნირებზე გამოუჩნია თავი, მაგრამ მწვრთნელს უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ რომ ეტყვი, მოხსნილი ხარო, მერე აღარაფერი უნდა გაგიკვირდეს...

ამგვარად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის გარდა ნაკრებში აღარ იმუშავებენ მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც: გურამ მოდებაძე, სოლომონ ფეიქრიშვილი, რამაზ ჩოჩიშვილი, ივერი ჯიქურაული და სოსო ლიპარტელიანი. სხვათა შორის, ტოტიკაშვილის სავარაუდო მემკვიდრედ ასახელებენ სწორედ სოსო ლიპარტელიანს, რომლის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იჭიდავა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ასპარეზობის პირველი ორი დღის განმავლობაში ოქროს მედლები ოთარ კაიდარაშვილმა (55კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების თავკაცად უცხოელი სპეციალისტის მოწვევაზე ლაპარაკი არ არის. შესაძლოა, კონსულტანტად მოვიწვიოთ ვინმე, მაგრამ მთავარი მწვრთნელი აუცილებლად ქართველი იქნებაო, აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ასე რომ, ქართულ ძიუდოში მორიგი "წმენდის" ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის დასაწყისშივე დასრულდება. ისე კი, ბოლო პერიოდი მთლიანად წმენდისა იყო: ერთიანობის, დისციპლინისა და რაც მთავარია, მედლებისგან წმენდის და ამ ყველაფრისგან ისე "გავიწმინდეთ", რომ სახელოვანი ფალავნებისა და ისტორიის პატრონთ კინკილა მედალი გაგვხდომია სანატრელი.

ტოტიკაშვილი წავიდა, ალბათ, ხაბულიანიც... მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი არ დარჩეს "ცვალებად ცვლილებად" და ქართულ ძიუდოში მართლაც შეიცვალოს ვითარება, თორემ, როცა ძიუდოისტი ერთი ხელით თანაგუნდელს ებრძვის, მეორით - ნაკრების მწვრთნელს, მწვრთნელი სპორტის თავკაცებს უპირისპირდება, ფედერაციის ხელმძღვანელი კი კაცმა არ იცის სად დადის, რა შედეგზეა ლაპარაკი?