ქართული ჭიდაობის "კლასიკური" პრობლემა?! - კვირის პალიტრა

ქართული ჭიდაობის "კლასიკური" პრობლემა?!

"რკინის ხელკეტით რომ დავინახე, გეგეშიძისთვის არაფერი მითქვამს იმის გარდა - რით მოდიხარ-მეთქი?! თუ მართლაც ვითარების განსამუხტავად მოდიოდა, ლითონის ხელკეტი რაში სჭირდებოდა?! ამას მხოლოდ მე კი არ ვამტკიცებ, უამრავმა ადამიანმა დაინახა, რაც მოხდა. დაკავებამდე ხელის დარტყმასაც უარყოფდა, მაგრამ კადრებში ხომ ყველაფერი კარგად ჩანს?"

ბერძნულ-რომაული ("კლასიკური") სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ორი კვირის წინ დასრულდა, ჩემპიონატისას დაწყებული სკანდალი კი - ჯერ არა, და სამწუხაროდ, დასრულებისა ჯერაც არაფერი ეტყობა (გაზეთის ამ ნომრის სტამბაში გაშვებისას ასეთი ვითარება იყო. - რ.შ.).

არც გვიკვირს - ჭიდაობა საქართველოში არასდროს ყოფილა სპორტის ჩვეულებრივი სახეობა და ყოველთვის წარმატებასა და მედლებთან ასოცირდებოდა, ამიტომაც ორმაგად გვტკივა გული, ბოლო დროს ჭიდაობის სახეობებში ცემა-ტყეპა, სკანდალი და პროტესტი ჩვეულ ამბად რომ იქცა... ძიუდოს შარშანდელ სკანდალს არც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩამორჩნენ და თავი ახალი წლის პირველივე ტურნირზე "გამოიჩინეს", მთავარ "როლებში" კი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე და ბერძენ-რომაელთა კაპიტანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ვიხილეთ.

სამარცხვინო ინციდენტი მოჰყვა 87 კგ წონითი კატეგორიის ფინალს, სადაც ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ჭიდაობდნენ. დათუნაშვილმა და მისმა ძმამ, რომელიც, ამავდროულად, ზურას სეკუნდანტიც არის, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება გააპროტესტეს (კობლიაშვილი 2:1-ს იგებდა, როცა ფინალის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ორმა არბიტრმა ქულა დათუნაშვილს მისცა, თუმცა მაგიდის მსაჯმა მათი გადაწყვეტილება გააუქმა). არბიტრებთან საქმის გარჩევაში ჯერ ტრიბუნებზე მყოფი ფედერაციის წარმომადგენლები და მოჭიდავეები ჩაერთვნენ, მოგვიანებით - გულშემატკივრებიც და ტატამს მიღმა ბრძოლა გაჩაღდა...

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ როდესაც ნაკრების კაპიტანი დარბაზიდან გაჰყავდათ, ფედერაციის პრეზიდენტიც მის გვერდით აღმოჩნდა. გეგეშიძე და დათუნაშვილი წამით შეჩერდნენ და თითო სიტყვაც გაცვალეს, რის შემდეგაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მოჭიდავეს სახეში ჯერ - დღემდე დაუდგენელი საგანი, მერე კი მუშტი დაარტყა...

ცემა-ტყეპის მეტი რა გვინახავს - ქუჩაშიც, სპორტშიც, სტუდიაშიც, საკანონმდებლო ორგანოშიც კი. ფედერაციის ხელმძღვანელისთვის კარის აჭედვასაც მოვსწრებივართ და კვერცხების სროლასაც, მაგრამ ათასობით მაყურებლის თვალწინ "ოჯახის უფროსი" მოჭიდავეს ურტყამდეს, ჩვენისთანა მრავლისმნახველი ქვეყნისთვისაც კი ახალი და... მეტისმეტია!

დარტყმაზე რომ ლაპარაკობთ და მხოლოდ გეგეშიძეს აკრიტიკებთ, იქნებ დათუნაშვილმა ისეთი რაღაც უთხრა, რისი მოთმენაც შეუძლებელიაო?! - ამბობენ გეგეშიძის მომხრეები.

მოჭიდავემ გვითხრა, რომ პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს. გარდა ამისა, ფედერაციის თავკაცს რომ სხვებზე მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ესეც ყველამ კარგად იცის... ფედერაცია, უპირველესად, სწორედ სპორტსმენებისთვის არსებობს. პირობების შექმნა, მათი დახმარება ევალება და არა - ცემა-ტყეპა!

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის ხელმძღვანელებით უკმაყოფილო მანამდეც იყო. ევროპის ორგზის ჩემპიონი შარშან ზაფხულში ამტკიცებდა, რომ ნაკრებში ბევრი პრობლემაა: შეჯიბრებებზე მოჭიდავეების დაუმსახურებლად გაგზავნა, პრემიების განაწილების წესი, ამა თუ იმ მწვრთნელის "პირადი მოსწავლეების" ლობირება და ა.შ.

საქართველოს ჩემპიონატზე სკანდალური ცემა-ტყეპიდან რამდენიმე დღეში (მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტებისა და აყალმაყალის შედეგად დათუნაშვილი ტურნირიდან მოხსნეს და ვერცხლის მედალი გაუთამაშებელი დარჩა, ჩემპიონად კი კობლიაშვილი გამოცხადდა), ზურაბ დათუნაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ჭიდაობის მთელ ოჯახს მოუწოდა, გვერდით დაუდგნენ და ერთად მოითხოვონ, გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც "უსამართლოდ მართავს ფედერაციას და უკვე ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პირებს".

..."ფედერაცია სპორტსმენებს იძულებულს ხდის, შეცვალონ პირადი მწვრთნელი ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე სპეციალისტი, რითაც პრემიალური თანხების "წილში უსხდებიან" მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. გარდა ამისა, აღმზრდელები საკუთარ მოსწავლეებს თვითონვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც ჭიდაობისთვის დამღუპველია! ჩემმა გულშემატკივარმა იცის, რომ საქართველოს ჩემპიონატი არასდროს გამომიტოვებია, არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა, ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ თანაბარი შანსი უნდა გვქონოდა და ჯანსაღი კონკურენციით გამოგვევლინა საუკეთესო. სამწუხაროდ, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას, ეს ყველაფერი ხალიჩაზე, სამართლიან დაპირისპირებაში გავარკვიოთ. გასულ ზაფხულსაც სამწვრთნელო შტაბთან ჩემი დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი უსამართლო გადაწყვეტილება - ცდილობდნენ, დაეჩაგრათ ის, ვინც მოქმედი წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე."

დათუნაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალისას მომხდარზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მსაჯებთან მის ლაპარაკში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელები, ხოლო ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მის ძმას.

"მოგვიანებით საქმეში ჩაერია ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც, რომელმაც თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი," - ნათქვამი იყო მოჭიდავის განცხადებაში.

გეგეშიძე კი ამტკიცებდა, არავისთვის არაფერი ჩამირტყამსო, მაგრამ 22 იანვარს ის მაინც დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს. ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას მისი მხარდამჭერი აქციები მოჰყვა. ისინი გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს დანაშაAული არ ჩაუდენია, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს საჭიდაო ოჯახი თვითონ მოაგვარებსო...

ნაცნობი სიტყვებია - დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ აგორებული პროტესტისა თუ ოსაკის ინციდენტის შემდეგ ძიუდოისტებიც ასე ამბობდნენ, მაგრამ... რა "გაირკვა" და "მოგვარდა", ყველამ ვნახეთ...

ძნელი სათქმელია, რას გულისხმობს საჭიდაო სამყარო "პრობლემის მოგვარებაში". დღეს დათუნაშვილის საკითხი უკვე "მოგვარებულია" - სპორტის სასახლეში მომხდარისა და სპეციალური განცხადების შემდეგ ევროპის ორგზის ჩემპიონი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა. ყველაზე მეტად სწორედ ეს უკვირს - რა "ოჯახზეა" ლაპარაკი, როცა საჭიდაო სამყაროდან არავინ გამომქომაგებიაო...

რაც შეეხება გეგეშიძეს, მოსამართლემ ის ხუთიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და არც ფედერაციის პრეზიდენტობა შეუჩერებია. ამ ყველაფრის შემდეგ ნეტავ, თვითონ თუ ისურვებს პოსტზე დარჩენას? დაკავებამდე ამბობდა, არსად წასვლას არ ვაპირებო, სასამართლოზე კი განაცხადა - ფედერაციიდან ჩემი წასვლა ჭიდაობისთვის დამღუპველი იქნებაო!

"გამოდით და გვერდში დამიდექით. ჩემთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, თითქოს ვინმეს ვაშინებ. თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. შარშანწინ, ჩემი პრეზიდენტობის დროს, 150 მედლით მეტი გვქონდა, ვიდრე მთEელი ოთხი წლის განმავლობაში, ახლა კი შედეგები გაუმჯობესდა. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას," - განაცხადა გეგა გეგეშიძემ სასამართლო პროცესზე.

გეგეშიძე თავისუფალია, თუმცა, დარჩება თუ არა თანამდებობაზე, ანუ "დაგვექცევა" თუ არა თავზე ჭიდაობის ფედერაცია და სახელმწიფო, ახლა მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული...

სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულ გეგა გეგეშიძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება ზურაბ დათუნაშვილს, ის ამ ფედერაციასთან თანამშრომლობას არ აპირებს - სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობ და თუ ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩება, მხოლოდ ორი გზა მრჩება: კარიერის დასრულება ან სხვა ქვეყანაში გადაბარგებაო...

- ზურაბ, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ, თქვენი ძმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ფედერაციის წარმომადგენლებს და ვეტერანებს, გეგა გეგეშიძე კი ქვევით მხოლოდ მოჩხუბრების გასაშველებლად ჩავიდაო... - სიცრუეა! ჩემი ძმისგან უკმაყოფილება მხოლოდ არბიტრების მისამართით ისმოდა. მეც მხოლოდ მსაჯის გაუქმებული ქულა გავაპროტესტე, მაგრამ როგორც ჩანს, რაც კი ჩემ მიმართ გულში ჰქონდათ დაგროვილი, ყველაფერი ერთბაშად გამოავლინეს... არ მოსწონთ, როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ იშორებენ მათთვის არასასურველ ხალხს და მათ ნაცვლად სალიცენზიო ტურნირებზე სხვებს უშვებენ...

- სალიცენზიო ტურნირზე თქვენი წასვლა რატომ არ უნდა უნდოდეთ?

- იმიტომ, რომ საწინააღმდეგო აზრი მაქვს. მიმაჩნია, რომ ნაკრების მწვრთნელებს პირადი მოსწავლეები არ უნდა ჰყავდეთ!

- ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ როცა ჩხუბის შემდეგ დარბაზიდან გადიოდით, გეგეშიძემ გვერდით გაგიარათ და რაღაც უთხარით, თუ ხელით გააჩერეთ... - გეგეშიძე თვითონ დამეჯახა. ჩემკენ და ჩემი ძმისკენ მოდიოდა გაშლილი ხელკეტით. ვუთხარი, რით მოდიხარ-მეთქი და...

- თუმცა თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მას მხოლოდ სკვნილი ეჭირა! - სასაცილოა... მერე გადაცემაშიც აჩვენებდნენ - აი, ეს სკვნილი ეჭირა ხელშიო. რკინის ხელკეტით რომ დავინახე, გეგეშიძისთვის არაფერი მითქვამს იმის გარდა - რით მოდიხარ-მეთქი?! თუ მართლაც ვითარების განსამუხტავად მოდიოდა, ლითონის ხელკეტი რაში სჭირდებოდა?! ამას მხოლოდ მე კი არ ვამტკიცებ, უამრავმა ადამიანმა დაინახა, რაც მოხდა. დაკავებამდე ხელის დარტყმასაც უარყოფდა, მაგრამ კადრებში ხომ ყველაფერი კარგად ჩანს?

- გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და არც თანამდებობა დაუტოვებია. თქვენ რას აპირებთ? - სამართლებრივი გზით მივყვები ამ საქმეს... მაინც მჯერა, რომ თანამდებობას დატოვებს ან დაატოვებინებენ... წესდებას არ ითვალისწინებენ. ჭიდაობის ფედერაციის წესდებაშიც წერია, რომ ნასამართლევი პირი არ შეიძლება იყოს ფედერაციის პრეზიდენტი; უნდა გათავისუფლდეს არასათანადოდ მოქცევის შემთხვევაშიც.

- ბოლო დღეებში ყველა "ჭიდაობის ოჯახზე" ლაპარაკობს. თქვენ არ ხართ ამ ოჯახის წევრი?! - სამწუხაროდ, ახლა ვერ ვგრძნობ, რომ ეს მართლაც ოჯახია... შესაძლოა, გულწრფელად სურთ პრობლემის მოგვარება, მაგრამ დღეს მაქვს განცდა, რომ ჭიდაობის ოჯახში სიმართლე არ ჩანს...

- ამიტომ იყავით გულნატკენი, თუ ოჯახი ვართ, რატომ არავინ დამიდგა გვერდშიო?! - ასე არ არის?! გეგეშიძის დაპატიმრება არასდროს მომითხოვია - ციხისთვის არ გვემეტება, მაგრამ არც იმის აღიარება შეეძლოთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი არასწორად მოიქცა? ამის თქმა ხომ უფრო სამართლიანი იქნებოდა? ამიტომაც ვინც ამას არ აღიარებს, მიკერძოებულები მგონია.

- თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, კარიერის დასრულება ან სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობა მომიწევსო... - დიახ, ასეთ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დამრჩება - ჭიდაობას უნდა შევეშვა, ან სხვაგან წავიდე... თუმცა ამ ეტაპზე ბრძოლას გავაგრძელებ და ვიცი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ!

P.S. ჭიდაობა და მით უფრო - ქვეყანა არც გეგეშიძის წასვლით დაიქცევა და არც დათუნაშვილის. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიმართლე ერთია, ჭიდაობა კი არც ფედერაციის არის და არც რომელიმე მოჭიდავის. რაც მთავარია, ჭიდაობა ძალადობა არ არის. ჭიდაობა სპორტის ვაჟკაცური, სამართლიანი სახეობაა, სადაც მეტოქის პატივისცემაც იციან (ტატამზეც და მის მიღმაც) და უფროს-უმცროსობაც! ჭიდაობა ქართველი კაცის სახელიც არის, ისტორიაც და მომავალიც, ამიტომაც მოუფრთხილდით და ნუ დაგავიწყდებათ - ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება!