"ქართული ჭიდაობა იღუპება და ხმაც აღარ ამოვიღო?!" - კვირის პალიტრა

"ქართული ჭიდაობა იღუპება და ხმაც აღარ ამოვიღო?!"

ქართული ძიუდო და ჭიდაობის სხვა სახეობები აქამდე მედლების მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი სკანდალებსა და აყალმაყალში პაექრობენ. აურზაურის გარეშე არც ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომის სხდომას ჩაუვლია, რომელზეც ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს. ჯერ იყო და, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რომან რურუამ გააკეთა მწვავე განცხადება და სხდომა (თანამდებობაც) დატოვა, მერე კი ერთმანეთზე დავით გობეჯიშვილმა და ლუკა კურტანიძემ გაიწიეს.

რომან რურუას აღშფოთების მიზეზი ის იყო, რომ მას მოსკოვში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვევის შესახებ არ შეატყობინა ფედერაციის ხელმძღვანელობამ და შესაბამისად, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.

რომან რურუა, ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში:

- მოწვევა მათი საკუთრება არ იყო, რომ დამიმალეს. ეს იყო მიწვევა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილ დაჯილდოების უპრეცედენტო ცერემონიალზე.  ჩემთვის უნდა გადმოეცათ ჯილდო, რომლის ტოლფასიც აქამდე არც ერთ ფედერაციას არ დაუწესებია. როგორც ფეხბურთში იყო და არის პელე საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული, ასევე გამოარჩია საერთაშორისო ფედერაციამ ჭიდაობის რამდენიმე "პელე". მათ შორის - კარელინი, მედვედი, რურუა და კიდევ რამდენიმე კაცი. ეს მხოლოდ ჩემი დაფასება ხომ არ არის? - საზოგადოდ, ქართული ჭიდაობის აღიარებაა, მაგრამ...

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგიმალეს მოსაწვევი?

- თავადაც აღიარებენ, რურუას ჩვენთან კონფლიქტი ჰქონდაო. დიახ, ნამდვილად გვქონდა და რის გამო, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგმაც აჩვენა.

- იქნებ, დააკონკრეტოთ...

- ჭიდაობაში ისე არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორც საჭიროა. სათანადო კვალიფიკაცია არ აქვთ და არც არავინ არჩევს საკუთარ და მეტოქეების ჭიდაობას. მოჭიდავეს მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ ჰყოფნის, მაღალი ინტელექტის პატრონიც უნდა იყოს. პირადად მე მრცხვენია, როცა საპირისპირო მაგალითს ვხედავ. ჭიდაობის ფედერაცია საერთოდ აცდენილია ამ მიმართულებას და არც სხვისი მოსმენა სურს. ფედერაციის თანამშრომლებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ  ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს რამდენჯერმე მოვთხოვე, - გავინაწილოთ ფუნქციები, ვიცოდეთ, ვის რა ევალება და ყველამ თავისი საქმე აკეთოს-მეთქი.

- რა გიპასუხეს?

- მსოფლიო ჩემპიონატის გაანალიზება მოვითხოვე და ვერ დაწერეს, წონითი კატეგორიების მიხედვით მოჭიდავეების დახასიათება მოვითხოვე და ვერც ეს  გააკეთეს. მაშინ დავრწმუნდი, რომ წერა-კითხვა არ შეუძლიათ.

რომ ჰკითხო, ყველაფერი იციან, სინამდვილეში კი... რცხვენიათ აღიარება, არ ვიცითო.

რეგიონებში ჭიდაობის განვითარების პირობები არ არის, მაგრამ მაინც იძლევიან ნაყოფს. გზავნიან ახალგაზრდას თბილისში, ვიღაც უვიცი მწვრთნელი ორი კვირა ავარჯიშებს და მერე, ჩემი გაზრდილიაო, იჩემებს. ერთადერთი, რაც ჩემი ნათქვამიდან გაითვალისწინეს, ის არის, რომ რაიონიდან ჩამოსულ მოზარდს ანკეტა მოჰყვება, რათა მისი პირველი მწვრთნელის სახელი არ დაიკარგოს. რაიონს, სოფელს არ უნდა დაუკარგო ღვაწლი, ჭიდაობის ინტერესი რომ შენარჩუნდეს.

- ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდით და მოსკოვში მიწვევის ამბავი ამიტომაც ვერ შეგატყობინეს...

- ხშირად მომსვლია და ახლაც მომდის წერილები, რომლებსაც მიმღების მისამართის ნაცვლად აწერია: "თბილისი, ოლიმპიურ ჩემპიონ რურუას". თურმე ფედერაციაში "არ სცოდნიათ" ჩემი მისამართი. რაც შეეხება გენერალური მდივნის ნათქვამს, ის ტყუის და არც უფიქრდება, ტყუილს მოკლე ფეხები რომ აქვს.

აგერ არის ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი, გავაკეთოთ ამონაწერი, რომელი ნომრებიდან არის დარეკილი და მაშინ რაღას იტყვიან? არც იმაზე დაფიქრებულან, რომ მაინც გავიგებდი მიწვევის ამბავს? მაგრამ არ ეგონათ, ამხელა ჯილდო თუ უნდა გადმოეცათ ჩემთვის.

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში რურუა ფედერაციაში არ დადიოდა და არც თავის მოვალეობას ასრულებდაო..

- აბა, ჰკითხეთ ერთი, რომელია რურუას კაბინეტი ან სკამი მაინც მაჩვენეთ, რომელზეც იჯდა-თქო.

- რისი თქმა გინდათ, არათუ ოთახი, სკამიც არ იყო თქვენთვის ფედერაციაში?

- კაბინეტს ვინ მომცემს? სკამი მაინც მაჩვენონ, სადაც იყო ჩემი ადგილი. ვუთხარი, მანდ ყოველდღე სასიარულოდ არ მცალია, მომამაგრეთ ერთი კაცი, რომელთანაც მუდმივი კონტაქტი მექნება და დავაკვალიანებ, რა და როგორ უნდა აკეთოს-მეთქი. გეწაძემ, სახსრები არა მაქვსო. ოთხი ქალი რომ უზის იქ, მათთვის აქვს? თუ ქალები ჭიდაობენ? ნახონ ოქმები, რამდენი აღმასკომის სხდომა ჩატარდა და რამდენი გავაცდინე. არ უარვყოფ - ვუთხარი, რადგან მუშაობა არ გინდათ, კარგად იყავით, მე თავი დამანებეთ, არ დამირეკოთ-მეთქი. ფედერაციის საქმეზე შეიძლება არ დაერეკათ, მაგრამ უცხოეთიდან მოწვევა რომ მოდის ფედერაციაში ჩემს სახელზე, რა უფლება გაქვს, არ გამაგებინო?

ფედერაციის მუშაობით ვიყავი უკმაყოფილო და იმიტომ მომივიდა მათთან კონფლიქტი. თავიანთი "მუშაობის" შედეგი თავადაც კარგად ნახეს რამდენიმე დღის წინ. ოლიმპიადაზე რა შედეგი გვექნება, მაგასაც მალე ვნახავთ. უბედურება ის არის, რომ ვითომ პასუხისმგებლობას იღებს ყველა და ბოლოს არავინ ისჯება.

სიტყვა "გვერდით დგომა" შემაჯავრეს. გვერდზე დაგვიდექიო, მარტო ამას გაიძახოდნენ. ვდგავარ, ბატონო, ვდგავარ, საქმე მითხარით, საქმე, რა გავაკეთოთ?!

- რა უშველის ქართულ ჭიდაობას?

- ამათ ხელში რა უნდა ეშველოს? მეცოდება ხელისუფლება, ასეთი ხალხის იმედზე რომ არის.

გატყუებენ, ბატონო პრეზიდენტო! არ დაიჯეროთ, რომ საქართველოში ჭიდაობა ვითარდება, პირიქით, უკან მიდის და შედეგს ყველანი ვხედავთ.

ოქტომბრის დასაწყისში მცხეთაში ჩემი სახელობის ტურნირია დაგეგმილი, აღმასკომზე მომხდარის შემდეგ კი შეშფოთებულები მოცვივდნენ მცხეთელები, ტურნირი ჩაშლის პირას არის, გუშინ მთავრობისთვის გიგინებიაო. წარმოგიდგენიათ ასეთი ცილისწამება? მთავრობა საერთოდ არ მიხსენებია,  ჭიდაობის გაჭირვებას ვჩივი. მე ჩემი წილი ვიჭიდავე უკვე, მაგრამ რომ იღუპება ჩვენთან ეს სახეობა, ხმაც აღარ ამოვიღო?!

ბუნებრივია, ასეთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ კომენტარისთვის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც მივმართეთ.

კახა გეწაძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

- ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე რომან რურუა ჩემი ინიციატივით ავირჩიეთ. სწორედ მე შევთავაზე მას ეს თანამდებობა და ყრილობაზე აირჩიეს კიდეც კენჭისყრის შედეგად. მინდოდა, პროფესიონალები მომეყვანა ფედერაციაში და რადგან რომან რურუა გამოცდილი ადამიანია და ქართული ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული, სწორედ ამიტომ შევაჩერე მასზე არჩევანი. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე იყო, იცის ეს საქმე და ამიტომ ჩავაბარე ეს სახეობა. როგორც მე მაქვს ნაკრები გუნდის გაკონტროლების უფლება, ისევე აქვს ვიცე-პრეზიდენტსაც. თუ იცოდა, რომ პირად ურთიერთობას ვერ ააწყობდა მწვრთნელებსა და მოჭიდავეებთან, თავიდანვე არ უნდა დამთანხმებოდა.

ნაცვლად იმისა, მოსულიყო და თავისი შეხედულებები და ინიციატივა გაეზიარებინა, მე მეუბნებოდა, დამავალეთ, რა გავაკეთოო. ეგ რომ ვიცოდე, მაშინ რომან რურუას არ მოვიყვანდი. რაც მევალება და რაც ვიცი, იმას პირნათლად ვასრულებ. რაც მაკლდა და რაშიც მას უფრო მეტი ცოდნა აქვს, ის საქმე ჩავაბარე. ასე რომ, ინიციატივა თავად უნდა გამოეჩინა, ჩვენ კი ნამდვილად ვერ გვისაყვედურებს, რომ არ მოვინდომეთ ან უყურადღებობა გამოვიჩინეთ.

- მოსკოვში მიწვევის "დამალვაზე" რას იტყვით?

- ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობაა, ფედერაციასთან ითანამშრომლოს. მას აქვს კაბინეტი ფედერაციაში, საიდანაც უნდა მართოს საქმე. მოსაწვევი ერთი თვით, თვე-ნახევრით ადრე მოდის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სცადა, დაჰკავშირებოდა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, თვე-ნახევრის განმავლობაში კი ვიცე-პრეზიდენტი ერთხელ მაინც უნდა მოვიდეს ფედერაციაში.

- ბატონი რომანის თქმით, მას არათუ ოთახი, სკამიც კი არა აქვს ფედერაციაში.

- როცა არ გინდა, არც გექნება. ერთხელაც თუ არ მისულხარ, საიდან გექნება? ოთახები საკმაოდ არის ჭიდაობის ფედერაციაში და მას ამოსარჩევად ჰქონდა. ძალით კი ვერავის მოვიყვანთ.

- და თუ გენერალური მდივანი დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა, არ შეიძლებოდა, რურუასთან სახლში გაეგზავნა ვინმე? ბატონი რომანი ამტკიცებს, რომ მასთან არავის დაურეკავს და შეუძლია ეს  სატელეფონო ამონაწერიტაც დაადასტუროს...

- ფედერაციის პრეზიდენტი ვალდებული არ არის, რომან რურუას სახლში მიაკითხოს იმის გამო, რომ მიწვევა მოვიდა და არ ვიცი, რამდენად ვალდებულია გენერალური მდივანიც. რაც შეეხება ამონაწერს, შეუძლია ამოაბეჭდვინოს და თუ სურს, გამოძიებაც ჩაატაროს.