"ფლაგშტოკზე რუსეთის დროშაა, თუ არ შეცვლით კვარცხლბეკზე არ ავალო!" - კვირის პალიტრა

"ფლაგშტოკზე რუსეთის დროშაა, თუ არ შეცვლით კვარცხლბეკზე არ ავალო!"

ის იყო, ბოლო ორთაბრძოლაც დასრულდა და მედალოსნებს დასაჯილდოებლად უხმეს. კვარცხლბეკზე ამსვლელები კი აგვიანებდნენ. შეშფოთდნენ ორგანიზატორები. ყველაფერი წამებშია გათვლილი, ფალავნები კი პოდიუმზე არ ჩანან.

- რა ხდება? - იკითხა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

- მე საქართველოდან ვარ, ფლაგშტოკზე კი რუსული დროშა ჰკიდია. თუ არ შეცვლით, დასაჯილდოებლად არ გავალ, - ისე მტკიცედ თქვა ბრგე ვაჟკაცმა, რომ აშკარა იყო, პირობას თუ არ შეუსრულებდნენ, იგი სიტყვას არ გადათქვამდა.

რამდენიმე წუთში ყველაზე მაღლა საქართველოს სამფეროვანი დროშა მიფრიალებდა. ის ფალავანი კი ლერი ხაბელოვი გახლდათ.

ვანო ნიკოლაძისა და ლადო მესტვირიშვილის აღზრდილმა თბილისელმა ჭაბუკმა, რომელიც ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ-ოთხგზის მსოფლიოს (1985, 1987, 1990, 1991) და ევროპის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონის, სეულის ოლიმპიადისა ვერცხლისა და მსოფლიოს თასის მფლობელის (1991), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადასა (1986) და საკავშირო ჩემპიონატების სამგზის (1985, 1987, 1988) გამარჯვებულის ტიტულით ჩავიდა, ზედიზედ დაამარცხა თურქი ალი ქაიალი (2:0), სამხრეთაფრიკელი იოჰანეს პერმანუს როუსკი (8:1), ბულგარელი მიროსლავ მაკავეევი, უნგრელი განდორ კიში (6:0), პოლონელი ანჯეი რადომსკი (5:0), გერმანელი ჰეიკო ბალცი (2:1) და ოლიმპიური ოქროს მედალი დაიმსახურა.

ყველაფერი კი 1974 წელს დაიწყო. 12 წლის ავჭალელი ყმაწვილი, რომელიც მშობლების სურვილით მუსიკაზე დადიოდა და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავდა, ბიჭებმა ერთ დღეს საჭიდაო დარბაზში წაიყვანეს. მოეწონა თანატოლების მიერ ხალიჩაზე დანთებული ცეცხლი, ელვისებური ფანდები. თავადაც მოუნდა, მოჭიდავე გამხდარიყო. მეორე დღეს დამალული ფორმით დარბაზს ეწვია.

- წელიწადიც არ მქონდა ნავარჯიშები, თბილისის მოსწავლეთა პირველობაზე მეორე ადგილი რომ დავიკავე. ის ერთი შეხვედრა შემთხვევით წავაგე. მაშინ ვთქვი, ასეთ ბავშვურ შეცდომას აღარ დავუშვებ-მეთქი, მაგრამ პირობა სამჯერ დავარღვიე.

- პირველად 1985 წელს...

- დიახ, ერევანში, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ამხანაგური შეხვედრისას. მაშინ უკვე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, გამოცდილებაც მქონდა. ოკეანისგაღმელ სევერინს შევხვდი, რომელსაც ჭიდაობაში არც მანამდე და არც იმ შეჯიბრების შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ წესების გარეშე ორთაბრძოლაში გახდა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი. ჰოდა, ამ სევერინს ზედიზედ შვიდი ქულა ავართვი და საქმე მომთავრებულად მივიჩნიე. სწორედ მაშინ დამიცდა ფეხი - მეტოქე გააქტიურდა და 8:7 მომიგო. დაუდევრობისთვის ნაკრების მწვრთნელები გამიბრაზდნენ - ეს უნდა იყოს საბჭოთა გუნდის წევრობის კანდიდატიო?! თბილისში დაბრუნებული ისეთი გულგატეხილი ვიყავი, ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა. მამასთან თავი ვიმართლე - შემთხვევით წავაგე-მეთქი. თუ ასეა, თბილისის ტურნირზე დაამტკიცეო შენი ძალა, - შემაგულიანა. დრო ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ მწვრთნელებთან - ვანო ნიკოლაძესა და ლადო მესტვირიშვილთან დღე და ღამეს ვასწორებდი.

- და თბილისის საერთაშორისო ტურნირიც ტრიუმფით ჩაამთავრეთ.

- დიახ, პირველ წრეში სახელოვან ფალავან ასლან ხადარცევს ვძლიე, მერე კიდევ ოთხ ძლიერ მოჭიდავეს ვაჯობე, ფინალში კი პიოტრ ნანიევი დავამარცხე. ტურნირზე გამარჯვებამ საკავშირო ნაკრებისკენ გამიხსნა გზა...

გერმანელთა ხრიკები

იოლი არ ყოფილა ლერი ხაბელოვისთვის პირველი ნაბიჯები საერთაშორისო სარბიელისკენ, რადგან მაშინ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ეცილებოდნენ საბჭოთა საჭიდაო სკოლის კორიფეები - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ილია მატე, ტიტულოვანი ფალავნები - პიოტრ ნანიევი, ასლანბეკ ბისულთანოვი, ასლან ხადარცევი და სხვები, რომლებიც თბილისელ ჭაბუკზე უფროსებიც იყვნენ და გამოცდილებიც. ხაბელოვს სწორედ მათთან ჭიდილში უნდა დაემტკიცებინა საკუთარი ამბიციების საფუძვლიანობა და გზა გაეკვლია ნაკრებისკენ იქ ადგილის დასაბევებლად.

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატების შემდეგ საკავშირო ნაკრების მწვრთნელებმა ლერი ხაბელოვი უყოყმანოდ წაიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ლაიპციგმა უმასპინძლა.

- თბილისის ტურნირში ისეთ მეტოქეებს ვძლიე, რომ გერმანიაში ჩემპიონობის ამბიციებით ჩავედი, - ამბობს ბატონი ლერი. - 100 კილოში ორთაბრძოლები 8 მაისს, ხოლო მძიმეში პაექრობები მეორე დღეს უნდა გამართულიყო. რადგანაც დათო გობეჯიშვილი უცილობელი ფავორიტი იყო, ასპარეზობის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მძიმეწონოსანთა შეხვედრები 8 მაისს გაემართათ, 9-ში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს კი თავად უნდოდათ წარმატება ეზეიმათ - დარწმუნებული იყვნენ, რომ მათს კერპ უვე ნოიპერტს ვერავინ აჯობებდა. რვაში გობეჯიშვილი მართლაც შეუდარებელი გახლდათ და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, მეორე დღეს კი ჩემი ჯერი დადგა...

ცხადია, საბჭოთა ნაკრების მესვეურებმაც კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა მასპინძელთა ხრიკები, ამიტომ ლერი ხაბელოვს აგრძნობინეს - მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობა თუ გინდა, ევროპის ჩემპიონატი უნდა მოიგოო. იქ, "ზემოთ", საერთაშორისო სარბიელის ვერცხლი არ აკმაყოფილებდათ (ასეთი იყო მაშინდელი პოლიტიკა: საბჭოთაა, ე.ი. საუკეთესო უნდა იყოს). დებიუტანტმა იმედები გაუმართლა მწვრთნელებს.

აი, რას წერს 1985 წლის გაზეთი "სოვეტსკი სპორტი": იმ დღეს ლაიპციგში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო ოქროს მედლის ბედი წყდებოდა. ხალიჩაზე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ახალგაზრდა ლერი ხაბელოვი და ტიტულოვანი გერმანელი უვე ნოიპერტი. საბჭოთა სპორტსმენი თავიდანვე დაჯერებულად აგროვებდა ქულებს. მერე სიტუაცია შეიცვალა - მასპინძელი გააქტიურდა, მშვილდივით მოღუნა მეტოქე, მარწუხებში მოიქცია და სადაცაა, ბეჭებზე უნდა დაეცა. საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან იარიგინი, რომელსაც სახეზე იშვიათად შეატყობ აღელვებას, შეშფოთდა და ემოციებს ვერ იოკებდა. უცებ სასწაული მოხდა: ხაბელოვმა არაადამიანური ძალა მოიკრიბა, თოვლჩამობერტყილ ნაძვის შტოსავით წელში გაიმართა და ნოიპერტი ხალიჩაზე დაანარცხა. ელვისებური ფანდის მხილველმა დარბაზმა იხუვლა. ჩემპიონმა სარბიელი მშვიდად დატოვა. ხალიჩიდან რომ გადმოვიდა, იარიგინს ჩაულაპარაკა - მგონი, ნეკნი გამიტყდაო. მართლაც, მეტოქეს შებოჭვისას ხაბელოვისთვის ორი ნეკნი ჩაემტვრია.

- 1985 წელს თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგეთ. რეაბილიტაცია როგორ მოასწარით?

- ორი თვე არ მივარჯიშია. ტრავმა მოვიშუშე თუ არა, წვრთნა განვაგრძე. მსოფლიომდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა მომეგო. ეს შეჯიბრება იაკუტიაში გაიმართა. თავისუფალი ჭიდაობა იქ ძალიან უყვართ, ამიტომ ორთაბრძოლები ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა. 35ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. დილით თბილოდა, დღის მეორე ნახევარში, ორთაბრძოლების განახლებამდე, ხვავრიელად მოთოვა, ტემპერატურა მინუს ერთ გრადუსამდე დაეცა. პაექრობების დაწყებამდე პატარა ოთახებში ვიყავით გამომწყვდეული. ყველა მეტოქეს ვძლიე, მათ შორის ფინალში ასლან ხადარცევს მოვუგე. მერე ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა არ გამჭირვებია.

გაგრძელება

ვაჟა დანელია