რუსეთი ოკუპანტია !
"ფლაგშტოკზე რუსეთის დროშაა, თუ არ შეცვლით კვარცხლბეკზე არ ავალო!"
"ფლაგშტოკზე რუსეთის დროშაა, თუ არ შეცვლით კვარცხლბეკზე არ ავალო!"
ფოტო:ლერი ხაბელოვი
ის იყო, ბოლო ორთაბრძოლაც დასრულდა და მედალოსნებს დასაჯილდოებლად უხმეს. კვარცხლბეკზე ამსვლელები კი აგვიანებდნენ. შეშფოთდნენ ორგანიზატორები. ყველაფერი წამებშია გათვლილი, ფალავნები კი პოდიუმზე არ ჩანან.

- რა ხდება? - იკითხა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

- მე საქართველოდან ვარ, ფლაგშტოკზე კი რუსული დროშა ჰკიდია. თუ არ შეცვლით, დასაჯილდოებლად არ გავალ, - ისე მტკიცედ თქვა ბრგე ვაჟკაცმა, რომ აშკარა იყო, პირობას თუ არ შეუსრულებდნენ, იგი სიტყვას არ გადათქვამდა.

რამდენიმე წუთში ყველაზე მაღლა საქართველოს სამფეროვანი დროშა მიფრიალებდა.
ის ფალავანი კი ლერი ხაბელოვი გახლდათ.


ვანო ნიკოლაძისა და ლადო მესტვირიშვილის აღზრდილმა თბილისელმა ჭაბუკმა, რომელიც ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ-ოთხგზის მსოფლიოს (1985, 1987, 1990, 1991) და ევროპის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონის, სეულის ოლიმპიადისა ვერცხლისა და მსოფლიოს თასის მფლობელის (1991), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადასა (1986) და
საკავშირო ჩემპიონატების სამგზის (1985, 1987, 1988) გამარჯვებულის ტიტულით ჩავიდა, ზედიზედ დაამარცხა თურქი ალი ქაიალი (2:0), სამხრეთაფრიკელი იოჰანეს პერმანუს როუსკი (8:1), ბულგარელი მიროსლავ მაკავეევი, უნგრელი განდორ კიში (6:0), პოლონელი ანჯეი რადომსკი (5:0), გერმანელი ჰეიკო ბალცი (2:1) და ოლიმპიური ოქროს მედალი დაიმსახურა.

ყველაფერი კი 1974 წელს დაიწყო. 12 წლის ავჭალელი ყმაწვილი, რომელიც მშობლების სურვილით მუსიკაზე დადიოდა და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავდა, ბიჭებმა ერთ დღეს საჭიდაო დარბაზში წაიყვანეს. მოეწონა თანატოლების მიერ ხალიჩაზე დანთებული ცეცხლი, ელვისებური ფანდები. თავადაც მოუნდა, მოჭიდავე გამხდარიყო. მეორე დღეს დამალული ფორმით დარბაზს ეწვია.

- წელიწადიც არ მქონდა ნავარჯიშები, თბილისის მოსწავლეთა პირველობაზე მეორე ადგილი რომ დავიკავე. ის ერთი შეხვედრა შემთხვევით წავაგე. მაშინ ვთქვი, ასეთ ბავშვურ შეცდომას აღარ დავუშვებ-მეთქი, მაგრამ პირობა სამჯერ დავარღვიე.

- პირველად 1985 წელს...

- დიახ, ერევანში, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ამხანაგური შეხვედრისას. მაშინ უკვე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, გამოცდილებაც მქონდა. ოკეანისგაღმელ სევერინს შევხვდი, რომელსაც ჭიდაობაში არც მანამდე და არც იმ შეჯიბრების შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ წესების გარეშე ორთაბრძოლაში გახდა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი.
ჰოდა, ამ სევერინს ზედიზედ შვიდი ქულა ავართვი და საქმე მომთავრებულად მივიჩნიე. სწორედ მაშინ დამიცდა ფეხი - მეტოქე გააქტიურდა და 8:7 მომიგო. დაუდევრობისთვის ნაკრების მწვრთნელები გამიბრაზდნენ - ეს უნდა იყოს საბჭოთა გუნდის წევრობის კანდიდატიო?! თბილისში დაბრუნებული ისეთი გულგატეხილი ვიყავი, ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა. მამასთან თავი ვიმართლე - შემთხვევით წავაგე-მეთქი. თუ ასეა, თბილისის ტურნირზე დაამტკიცეო შენი ძალა, - შემაგულიანა. დრო ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ მწვრთნელებთან - ვანო ნიკოლაძესა და ლადო მესტვირიშვილთან დღე და ღამეს ვასწორებდი.

- და თბილისის საერთაშორისო ტურნირიც ტრიუმფით ჩაამთავრეთ.

- დიახ, პირველ წრეში სახელოვან ფალავან ასლან ხადარცევს ვძლიე, მერე კიდევ ოთხ ძლიერ მოჭიდავეს ვაჯობე, ფინალში კი პიოტრ ნანიევი დავამარცხე. ტურნირზე გამარჯვებამ საკავშირო ნაკრებისკენ გამიხსნა გზა...
გერმანელთა ხრიკები

იოლი არ ყოფილა ლერი ხაბელოვისთვის პირველი ნაბიჯები საერთაშორისო სარბიელისკენ, რადგან მაშინ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ეცილებოდნენ საბჭოთა საჭიდაო სკოლის კორიფეები - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ილია მატე, ტიტულოვანი ფალავნები - პიოტრ ნანიევი, ასლანბეკ ბისულთანოვი, ასლან ხადარცევი და სხვები, რომლებიც თბილისელ ჭაბუკზე უფროსებიც იყვნენ და გამოცდილებიც. ხაბელოვს სწორედ მათთან ჭიდილში უნდა დაემტკიცებინა საკუთარი ამბიციების საფუძვლიანობა და გზა გაეკვლია ნაკრებისკენ იქ ადგილის დასაბევებლად. გაგრძელება


ვაჟა დანელია
მკითხველის კომენტარი (3)
ნუნუკა
24 თებერვალი 2019 11:20
გენაცვალე,შენ! შენისთანებმა მოიტანეს დღემდე საქართველო..
ნუნუკა
24 თებერვალი 2019 11:18
გენაცვალე,შენ!
joni
23 თებერვალი 2019 01:09
ანტიკური ბერძნულ-რომაული გარეგნობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?