ჩემპიონთა ლიგა არველაძისთვის - კვირის პალიტრა

ჩემპიონთა ლიგა არველაძისთვის

"გულის სიღრმეში გინდა, ჯერ ისევ ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი გერქვას, მაგრამ აღარ ხარ და უკვე მეტიც მოგეთხოვება!"

22 თებერვალს 46 წლის გახდა, თუმცა საჩუქარი სამი დღით ადრე უძღვნა საკუთარ თავსაც და ტაშკენტის "ფახთაქორის" ქომაგებსაც: შოთა არველაძის გაწვრთნილი კლუბი 2016 წლის შემდეგ პირველად გავიდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მისი მეტოქეები ირანის "პერსეპოლისი", კატარის "ალ სადი"და არაბული "ალ აჰლი" იქნებიან. ტყუპი არველაძეები დაბადების დღეს სტამბოლში არიან ხოლმე, მაგრამ ამჯერად, დუბაის "ალ ნასრთან" გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ, შოთა არაბთა გაერთიანებულ საამიროში დარჩა და დღეობაც დუბაიში აღნიშნა. რას ელის აზიური ჩემპიონთა ლიგის მატჩებისგან, რატომ თქვა უარი უზბეკეთის ნაკრების გაწვრთნაზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ ბელორუსებთან მატჩში, შოთა არველაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხავთ:

- აზიის ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით იმართება: ერთ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე გიწევს თამაში, მეორე ეტაპზე - სტუმრად და ა.შ. შარშანაც მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარეთ ვესლი სნეიდერის "ალ-გარაფას" წინააღმდეგ. სხვათა შორის, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ - 1:2. რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, ტაშკენტში 2:1 მოვუგეთ "ალ ჯავიას", შემდეგ კი სტუმრად იმავე ანგარიშით დავამარცხეთ "ალ ნასრი". ამ არაბულ კლუბს კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. მათ შორის - "სევილიას", "ვალენსიას", "მანჩესტერ სიტისა" და "ბეშიქთაშის" ყოფილი ფორვარდი ალვარო ნეგრედო.

- ერთადერთი გოლიც სწორედ მან გაგიტანათ... - სტუმრად თამაში ყოველთვის ძნელია. ყველას ეგონა, რომ მხოლოდ დაცვაზე ვიფიქრებდით, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი - შეუტიეთ, სხვანაირად ვერაფერს მოვიგებთ-მეთქი და მართლაც ძალიან ბევრი საგოლე ეპიზოდი შექმნეს. ცოტათი გაგვიმართლა კიდეც, თუმცა მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს ტურნირი ჩემთვისაც საინტერესო გამოცდილებაა. ერთი შეხედვით, აზიაში არც ისე ბევრია ე.წ. საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ბოლო ხანს ძალიან მოუმატეს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე თამაშს. ცხადია, ეს ის" ჩემპიონთა ლიგა არ არის, რომელიც ყველას უნდა, მაგრამ ამხელა კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაში სასიხარულო ამბავია.

- ბოლო წლებში აზიური კლუბები ისეთი დონის "ვარსკვლავებს ეთამაშებიან", როგორიც არიან ჰალკი, პაულინიო, გრაციანო პელე, ინიესტა, ჩავი და სხვ. სხვათა შორის, ჩავის წინააღმდეგ თქვენც მოგიწევთ თამაში: ჯგუფურ ეტაპზე "ფახთაქორის" ერთ-ერთი მეტოქე კატარის "ალ სადიც" იქნება, სადაც ვეტერანი ესპანელიც ირიცხება... - ჩავი გასვლით თამაშებში იშვიათად მონაწილეობს და არ ვიცი, ჩამოვა თუ არა ტაშკენტში, მაგრამ სად წავა, ჩვენ ხომ ჩავალთ დოჰაში (იცინის)?!

- "ალ სადის" გარდა, ჯგუფურ ეტაპზე "ფახთაქორის" მეტოქეები იქნებიან ირანის "პერსეპოლისი" და არაბული "ალ აჰლი". როგორია თქვენი შანსი? - რთული მატჩები გველის. განსაკუთრებით - ირანში, სადაც მატჩებს 80-90 ათასი მაყურებელი ესწრება! ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვმონაწილეობ და ეს მატჩები ჩემთვისაც კარგი გამოცდილებაა.

- ლეგიონერები ვახსენეთ და "ფახთაქორს" რატომ ჰყავს მხოლოდ ორი უცხოელი მოთამაშე? - მართალი ხართ, სერბი დრაგან ჩერანისა და ჩერნოგორიელი მარკო შიმიჩის გარდა, ლეგიონერი არ გვყავს. რომ არ მოგწონს, ისეთი უცხოელის ჩამოყვანას რა აზრი აქვს?!"მოსაწონების ჩამოყვანა და, რაც მთავარია, შენარჩუნება კი ძალიან ძნელია. გასულ სეზონში გვყავდა ბრაზილიელი ტიაგო ბეზერა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, მაგრამ კატარულმა კლუბმა ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და წავიდა. ისმაელ გონსალვეშმა შარშან 16 ბურთი გაიტანა, მეტს შეჰპირდნენ და ირანში გადაბარგდა... როცა ორ-სამჯერ მეტ ანაზღაურებას სთავაზობენ, როგორ შეაჩერებ?!

- რამდენიმე თვის წინ დაიწერა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად თქვენს შესაძლო დანიშვნაზე. ამას მართლა გთავაზობდნენ? - შესაძლოა, სადღაც ამაზე მართლაც იყო ლაპარაკი, რადგან აზერბაიჯანული ფეხბურთის მესვეურებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, თუმცა თავიანთი ნაკრების გაწვრთნა ნამდვილად არ შემოუთავაზებიათ.

- არც უზბეკეთის ნაკრების? - უზბეკეთის ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს. უნდოდათ, ერთდროულად მემუშავა "ფახთაქორსა" და ნაკრებში, მაგრამ მიმაჩნია, რომ "ორი კურდღლის დევნაში მონდომებისა და მუშაობის ხარისხიც დაეცემოდა. მომიწევდა იმ ყველაფრის მიტოვება, რაც ამ მოკლე ხანში შევძელი... გარდა ამისა, ერთი თავისუფალი დღეც აღარ დამრჩებოდა და ოჯახისთვის საერთოდ ვეღარ მოვიცლიდი.

- აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც და უზბეკეთის ჩემპიონატიც მარტში იწყება. მზად ხართ? - 5 მარტს ჯგუფური ეტაპი იწყება, 8-ში - ქვეყნის პირველობა. ლეგიონერებზე უკვე ვილაპარაკეთ, მათ ნაცვლად კი უზბეკეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელები დავიმატეთ–- ხამდანოვი, ხამრობეკოვი, სიდიკოვი...

- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ... როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა ერთა ლიგაზე წარმატებით თამაში? - ნაკრების წარმატება წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი თამაშის გაგრძელებაა. შესაძლოა, გულშემატკივარი სხვანაირად უყურებს, მაგრამ პროფესიონალი კარგად ნათამაშებ ერთ ტაიმშიც შეამჩნევდა მომავლის სცენარს, რაც მოგვიანებით ერთა ლიგის მატჩებში ვნახეთ. ჩანდა, რომ ყველაფერი მწვრთნელის ხელში იყო... კარგი იქნება, იგივე მოვახერხოთ ერთი თავით ძლიერ ნაკრებებთანაც, რომლებიც ჩვენს შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ. უნდა გავხდეთ მეორე დონის, ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. დაახლოებით ისეთი დონის ნაკრები, როგორიც არის, მაგალითად, დანია, ან თუნდაც ხორვატია. რატომაც არა?!

- როგორი თამაში გველის ბელორუსთან? - ერთადერთი, რისიც მეშინია, ნერვიულობაა, რადგან ისეთ რამესთან ვართ ახლოს, რასთანაც აქამდე არასდროს ვყოფილვართ... არ გვაქვს ასეთი თამაშების გამოცდილება. ერთი თამაშიც მოგვიგია, სამიც, გრანდიც დაგვიმარცხებია, მაგრამ იმ შეხვედრების სასწორზე არ ყოფილა შედეგი, რომელსაც აგერ, რამდენი წელია, ველით... ამიტომ მეშინია, რომ მომავალი მატჩების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, ძალიან დიდი შანსის დაკარგვის შიშმა თამაშის დღეს, გადამწყვეტი ორი საათის განმავლობაში, ცუდად არ იმოქმედოს. ამ ნერვიულობას თუ მოვერიეთ, ბელორუსს აუცილებლად დავამარცხებთ!

- რაც შეეხება "ჩვეულებრივ" შესარჩევ ეტაპს - რას ელით შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასთან, გიბრალტართან მატჩებისგან? - აი, მათთან კი მინდა ისეთი ფეხბურთის ნახვა, როგორიც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გვაჩვენა - შეტევა, ბურთის "დაჭერა, მოგება, ცალკეული გამონათებები კი არა, სტაბილურად თამაში! ჩვენც და ფეხბურთელებმაც უნდა ვიცოდეთ, რომ ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, გავალთ და ვითამაშებთ. ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ კიდეც, მაგრამ ვითამაშებთ!

- ახლახან გახდით 46 წლის... კარიერის და ცხოვრების რა ეტაპზეა შოთა არველაძე? - რა გითხრათ... იმ ეტაპზე ვარ, როცა არ გინდა, რომ 50-ის გახდე (იცინის)... და ამაში კარიერაც იგულისხმება. გულის სიღრმეში გინდა, ჯერ ისევ ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი გერქვას, მაგრამ აღარ ხარ და უკვე მეტიც მოგეთხოვება! დიახ, 10 წელიწადია, მწვრთნელი ვარ და კარგად ვიცი, რომ მართლაც მეტი მომეთხოვება.