"ჩხუბი რომც არ მომხდარიყო, ფედერაციის პრეზიდენტი მაინც დამნაშავეა" - კვირის პალიტრა

"ჩხუბი რომც არ მომხდარიყო, ფედერაციის პრეზიდენტი მაინც დამნაშავეა"

რამდენიმედღიანი აჟიოტაჟის შემდეგ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ცხოვრება ისე გაგრძელდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა - თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და ისევ ფედერაციის პრეზიდენტია, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი პასუხს ელის და რამდენიმე დღეში გაიგებს, მისცემენ თუ არა სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის უფლებას. წასვლის გარდა, სხვა გზა არ მრჩებაო, თუმცა... როგორც ამბობს, ჯერ თვითონაც არ იცის, სად წავა.

ზურაბ დათუნაშვილი: - 23 თებერვალს გამართული სხდომის დროს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი - თქვენ თუ მოგწონთ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი, მე კი გამიშვით და მომეცით საშუალება, კარიერა სხვაგან გავაგრძელო-მეთქი. შენი დონის სპორტსმენის გაშვების გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენ ვერ მივიღებთ, ეს უფრო მაღალი ინსტანციების გადასაწყვეტიაო და პასუხისთვის დაახლოებით ორი კვირა ითხოვეს. ასე რომ, ველი...

- იცი მაინც, სად მიდიხარ? - ჯერ არა. მაგრამ როცა გათავისუფლების ცნობას ავიღებ, მერე მოვიფიქრებ, სად წავიდე...

- ზურას თვალებში შევხედე და ბოდიში მოვუხადე, ახლა თვითონაც თქვას, რა დააშავაო - ამბობს გეგა გეგეშიძე. რა დააშავე? - არ მიმაჩნია თავი დამნაშავედ, იმ ინციდენტის დროს არაფერი დამიშავებია! როცა დამნაშავე ვარ, ბოდიშის თქმა ნამდვილად არ მიჭირს, მაგრამ ამჯერად, საბოდიშო არაფერი გამიკეთებია. რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს, მას გულწრფელად არც მოუხდია ბოდიში, მის სიტყვებში ირონია იგრძნობოდა!

- რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ იძულებული გახდა, ტრიბუნიდან მოედანზე ჩასულიყო, რადგან შენ და შენი ძმა შეურაცხყოფას აყენებდით უცხოელ მსაჯებს. ილაპარაკა იმაზეც, რომ რამდენჯერმე მოითხოვე წონითი კატეგორიის შეცვლა და გინდოდა, ყველა ტურნირზე თვითონ წასულიყავი... - სინამდვილეში, ჩემს ძმას დაუწყეს ჩხუბი ჩვენთვის უცნობმა პირებმა. რაც შეეხება წონის შეცვლას, როცა ვიცვლიდი, ვამტკიცებდი კიდეც, რომ იქაც ძლიერი ვიყავი. თუმცა მოთხოვნა - გინდა თუ არა, სხვა წონაში მაჭიდავეთ-მეთქი, ჩემგან არ ყოფილა.

- არც სხვის ნაცვლად გიჭიდავია? გეგეშიძე ამბობს, რომ მოჭიდავეს, რომელსაც ტურნირზე წასვლა ეკუთვნოდა, სთხოვეს - შენთვის დაეთმო ადგილი და მის ნაცვლად წახვედი... - არასწორი ინფორმაციაა: მსოფლიოზე წამსვლელები ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით უნდა აერჩიათ. იმ სეზონში სამმა მოჭიდავემ ვაჩვენეთ შედეგი - მე ევროპის ჩემპიონი გავხდი, დანარჩენმა ორმა - ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარი კონფლიქტის დროს ამიტომ, აღარ გვიჭიდავია გივი კარტოზიას სახელობის ტურნირზე, ისედაც გვეკუთვნოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა და წამიყვანეს კიდეც. ასე რომ, ტყუილია, თითქოს სხვას ეკუთვნოდა და მის ნაცვლად გამგზავნეს!

- სულ სხვა როგორ არის დამნაშავე, ყოველთვის ზურას როგორ ჩაგრავენ, სულ დათუნაშვილებს როგორ აქვთ პრობლემაო?! გაიხსენეს ორი წლის წინანდელი ინციდენტიც, რომლის დროსაც ცივი იარაღით მოგაყენეს ჭრილობა... - ფედერაციის პრეზიდენტი უკვე პირადი ცხოვრების განხილვაზე გადავიდა. ვის არ ჰქონია მცირე უსიამოვნება და კონფლიქტი? მაშინაც მოხდა... სხვა რა აქვს სათქმელი? რუსეთის ნაკრებთან მთელ გუნდს გვჩაგრავდნენ და პროტესტი გამოვთქვი - ეს იყო და ეს. სხვა ერთი შემთხვევა მაინც დაასახელონ, როცა გუნდში ვინმესთან მქონია კონფლიქტი!

- გეგეშიძის თქმით, უკვე ორი წელიწადია, ნაკრების კაპიტანი აღარ ხარ - როცა შედეგი არ გაქვს, კაპიტნობაზე პრეტენზია აღარც უნდა გქონდესო.

- არასწორი მიდგომაა. 2012 წლიდან საქართველოს ჩემპიონატი არ წამიგია და რას გულისხმობს გეგეშიძე, ვერ გეტყვით. თანაც, კაპიტანს მხოლოდ მოგება-წაგების მიხედვით ხომ არ ირჩევენ - სხვა ღირებულებები და თვისებები უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, ამას ექცევა ყურადღება. თუმცა, ეს ფედერაციის პრეზიდენტის გადასაწყვეტია?!

- მომხდარი რაც უნდა უსამართლო იყოს, რაც უნდა ირონიულად გეჩვენებოდეს გეგეშიძის ბოდიში, არ შეიძლება რაღაც გამოსავალი მოიძებნოს?! სამშობლოდან წასვლა, შენი თანამემამულეების წინააღმდეგ ჭიდაობა სანანებლად არ გაგიხდება?

- საქმე მხოლოდ ბოდიში ხომ არ არის საქმე? ამ ბოდიშს მიღმა უამრავი პრობლემაა... პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და ყველა პრობლემა მოგვარდა?! სამწუხაროდ, არაფერიც არ მოგვარებულა, პრობლემები კი პრობლემებად რჩება... ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა მყისვე პრეზიდენტის გადადგომით დამთავრდებოდა, ჩვენთან კი... სამშობლოდან წასვლა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა ჩენთვის. სად წავალ, როგორ მოვეწყობი და რამხელა წნეხის ქვეშ აღმოვჩნდები უცხო ქვეყანაში - ესეც საკითხავია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული სამშობლოს მიტოვება იქნება. უბრალოდ, მართლაც აღარ მრჩება სხვა გზა...

ვეტერან "კლასიკოსს", ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ რომან რურუას მიაჩნია, რომ რაკი სასამართლომ გეგა გეგეშიძე თანამდებობაზე დატოვა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი ვეღარაფერს შეცვლის. აი, რაც შეეხება მორალურ მხარეს...

რომან რურუა:

- სასამართლომ არ ჩამოაშორა საქმიანობას, მაგრამ თავად უნდა დარჩენილიყო თუ არა თანამდებობაზე გეგა გეგეშიძე, ეს მეორე საკითხია. მე რომ ვყოფილიყავი ფედერაციის პრეზიდენტი, არ და ვერ გავლახავდი მოჭიდავეს. თუმცა ის ახალგაზრდა რომ მიეშვათ, რურუასაც გალახავდა და გეგეშიძესაც. ვინც წამოიწყებდა, მიიღებდა კიდეც შესაბამის პასუხს... გეგეშიძემ აღიარა - არასწორად მოვიქეციო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, იმ მომენტში გაეცნობიერებინა, რომ არ ჰქონდა უფლება, ჩასულიყო და ვინმესთვის რამე ეკარნახა... ჩარევა ყველას ეკრძალება, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მსაჯებს შეუძლიათ. როცა მოედანზე ჩადიხარ, უკვე დამნაშავე ხარ. ჩხუბი რომც არ მომხდარიყო, ფედერაციის პრეზიდენტი მაინც დამნაშავეა.

- თუმცა ის ამბობს, რომ მოწვეულ მსაჯებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ვითარების განსამუხტად ჩავიდა. გარდა ამისა, მოჭიდავესთან ჩხუბი რომ მნდომებოდა, მანამდე ვიჩხუბებდი, მაგრამ როცა დათუნაშვილს გავცდი, გამაჩერა და შეურაცხყოფა მომაყენაო...

- ამიტომ ვამბობ, რომ არ მოვიქეცით მართებულად, ერთმანეთთან რომ არ მივუშვით. არ უნდა გაეშველებინათ, იქვე დამთავრდებოდა ყველაფერი და გაგრძელება აღარ მოჰყვებოდა. რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, სასამართლომ ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი თანამდებობაზე დატოვა. თუმცა სამართლიანი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ...

- გეგეშიძის დაკავების დღიდან გვესმის - საჭიდაო სამყაროს წარმომადგენლები თავად მოვაგვარებთ ამ პრობლემასო... რატომ ვერ მოგვარდა?

- სისხლის სამართალმა "წაართვა" ეს საქმე მოჭიდავეებს. როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცემა, საზოგადოებრივ ორგანიზაციას აღარ აქვს მოგვარების ბერკეტები. ამიტომაც, თავიდანვე ვუთხარი - მაინც ვერაფერს შეცვლით და პრეზიდიუმის მოწვევას რა აზრი აქვს, სასამართლომ უკვე გადაწყვიტა-მეთქი. პრეზიდიუმის სხდომაზეც ამ მიზეზით არ მივედი.

- დათუნაშვილს და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოება წელს არ დაწყებულა. გეგეშიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში, დათუნაშვილს შედეგი აღარ ჰქონდა, სამაგიეროდ ჰქონდა პრეტენზია და ამბიცია.

- შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ხომ დანაშაულზე ვლაპარაკობთ და არა - შედეგზე?! გეგა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. დუქანში ხომ არ ვართ?! სპორტულ ღონისძიებას ტელევიზია აშუქებს, ყველამ ნახა რაც იყო და ამას ვერც თქვენ უარყოფთ და ვერც მე... ვიმეორებ - გეგეშიძე კარგი ბიჭია, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. ვაპატიებთ თუ არა, ჭიდაობის სამყაროს გადასაწყვეტია, თუმცა რაკი სისხლის სამართლის საქმედ იქცა, ჩვენ ვეღარ ვერევით.

- ზურაბ დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ გეგეშიძის ბოდიში გულწრფელი არ იყო და ამ ფედერაციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

- კლასიკური სტილით მოჭიდავეების უმეტესობას გაუტეხელი, ჯიუტი და შეუდრეკელი ხასიათი აქვს. ამ თვისებების გარეშე კლასიკურ ჭიდაობაში წარმატებას ვერც მიაღწევ... ამის გათვალისწინებით, მივესალმებოდი დათუნაშვილის შეუპოვრობას, მაგრამ როგორც მოჭიდავემ, დღეს მან დაამთავრა მოღვაწეობა... იმედია, ვცდები, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ამ ახალგაზრდა კაცს აქვს შეუდრეკელი ხასიათიც, სამართლიანობის განცდაც და მოთხოვნაც.

- გეგეშიძე დარჩა, დათუნაშვილი მიდის... რა არის გამოსავალი?

- ჩემი აზრით, ორივე დამნაშავეა და ორივე იმსახურებს საქმიანობიდან ჩამოშორებას, თუმცა ამისთვის არცერთი მათგანი მემეტება...

გეგა გეგეშიძე სასამართლო სხდომაზეფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს, აპატიებს თუ არა, პირადად მე კი არ გავიმეტებდი, რადგან ახალგაზრდები არიან, სისხლი უდუღთ, წარმატების მიღწევა უნდათ... ოღონდ, სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ ვერ ჩავერევით.

- დათუნაშვილს კარიერის დასრულება არ სურს და თუ გაუშვებენ, სხვა ქვეყნის სახელით აპირებს ჭიდაობას. ჩვენივე თავსატეხი და სირცხვილი არ იქნება, თუ ორგზის ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭიდავეების მეტოქედ იქცა?!

- ქართული გვარის და ჯიშის კაცი ვისი სახელითაც უნდა გახდეს ჩემპიონი, ჩემიანის წარმატება მაინც უზომოდ გამიხარდება! იმაზე მეტადაც კი, თითქოს ქართველი გამხდარიყოს, რადგან იმ ქვეყანაში ყველა ხაზს გაუსვამს მის ქართველობას. ასე რომ, დათუნაშვილის ჩემპიონობას ყველგან მივესალმები!

- ქართველის ჩემპიონობა ჩვენც გვიხარია. ოღონდ, ყველაზე მეტად - საქართველოს სახელით! - გვარი ხომ არ გადაუკეთებია, ისევ შენი ჯიშის და გვარის არ არის?! პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ამურ ციმაკურიძეაო. ვენაცვალე, დიდებული კაცი იყო, მაგრამ ციმაკურიძეზე 45 წუთით ადრე, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა არსენ მეკოკიშვილი! ის ხომ მოსკოვის სახელით გახდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ვის წარმოადგენდა, ისიც ქართველია და მორჩა! სადაც უნდა იყოს, ქართველი მაინც ქართველია.

- მართალია, მაგრამ ხომ სჯობს, რომ ქართველი საქართველოს სახელით გახდეს ჩემპიონი და ჩვენი სპორტსმენების კონკურენტი არ იყოს?! - სჯობს, თუმცა მე გამიხარდება, მთელი მსოფლიო იყოს მოფენილი ქართული გვარის წარმატებული ხალხით. აქ ვერ გახდა ჩემპიონი, სხვა ქვეყნის სახელით კი ოქროს მედალი მოიგო. იცით, რატომ? თითოეულ წონაში 2-3 ძლიერი მოჭიდავე გვყავს და ჩემპიონობაში ერთმანეთს უშლიან ხელს. ჰოდა, თუ ნაკრების მეორე ნომერს წასვლა უნდა, გაუშვი - გვარს ხომ არ იცვლის? ვის აქვს უფლება, არ გაუშვას?!

რატი შელეგია