დიმიტრი მოროზოვი: "ქართველებმა არასწორად გამიგეთ" - კვირის პალიტრა

დიმიტრი მოროზოვი: "ქართველებმა არასწორად გამიგეთ"

დიმიტრი მოროზოვი: "სხვათა შორის, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ეს მშვენიერი ქვეყანა ძალიან მიყვარს. როგორც ვიცი, თქვენთან ფეხბურთს შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რაგბიზე უფრო არიან კონცენტრირებული"

17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარი მატჩია - რუსეთი-საქართველო. ამ შეხვედრის პრინციპულობაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, თუმცა კრასნოდარში გასამართ მატჩს წელს ინტრიგაც ახლავს: ბოლო დროს შესამჩნევად მოღონიერებული "დათვები" კატასტროფული სტატისტიკის (რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ერთადერთხელ - 1993 წელს მოგვიგო. - რ.შ.) გამოსწორებას შეეცდებიან, ბორჯღალოსნები - იმის დამტკიცებას, რომ დიმიტრი მოროზოვის ნათქვამის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის ჯერაც დიდი სხვაობაა!

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის რაგბის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტის კითხვაზე: "რა უნდა გააკეთოს რუსულმა რაგბიმ, რათა თავდაპირველად გაუტოლდეს, მაგალითად, საქართველოს?", - უპასუხა: "საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას. ჩვენთვის სასაცილოა საქართველოსთან შედარება. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა? შესაძლოა იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა ბევრად ადრე დაიწყეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მუშაობა. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ".

თუმცა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოროზოვმა თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს, რომ რაგბიში კონკურენტები არ არსებობენ, არიან მხოლოდ მეგობრები და... "არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს", - სწორედ ეს ვიგულისხმეო!

დიმიტრი მოროზოვი: - საქართველოსთან დაკავშირებული კითხვა ჟურნალისტის პროვოცირებული იყო. თქვენი კოლეგები სვამენ კითხვას, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ თუ რეალურად გვსურს რაგბის განვითარება, უნდა ვეცადოთ, თავი მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შევადაროთ. ამიტომაც ვთქვი: თქვენ შეიძლება ცდილობდეთ შევედაროთ საქართველოს, ანდა, პირობითად, ყაზახეთს ან ესპანეთს, მაგრამ ჩემი მიზანია, ვესწრაფოდე ისეთ გრანდებთან გათანაბრებას, როგორიც არიან ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა! თქვენც ხომ ცდილობთ იყოთ საუკეთესონი, თავადაც ხომ გინდათ ამ სახეობის ლიდერებთან გათანაბრება? ამიტომაც ლაპარაკია არა საქართველოზე, გერმანიაზე ან ესპანეთზე, არამედ იმაზე, რომ უძლიერეს ნაკრებებზე ავიღოთ სწორება. ამას ვგულისხმობდი, როცა საქართველოზე ვილაპარაკე.

- გასაგებია. თუმცა ლოგიკურია, ჯერ შენ წინ მყოფს გაუსწრო და შემდეგ იფიქრო საუკეთესოებთან გათანაბრებაზე...

- ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც რაგბის თამაშობს. ზოგმა ადრე დაიწყო, ზოგმა შედარებით გვიან. ეს სპორტია და უძლიერესი იმარჯვებს, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვისწრაფვით საუკეთესოებისკენ, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში არიან!

- ალბათ, რუსეთშიც ბევრი გააკვირვა თქვენმა სიტყვებმა, თითქოს სასაცილო იყოს შედარება ქვეყანასთან, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთხელ - 26 წლის წინ გაქვთ მოგებული!

- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მეტი უნდა ივარჯიშონ! წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი ძიუდოში და ყველამ ვიცოდით, რომ გორში მთელი საბჭოეთის მასშტაბით საუკეთესო საჭიდაო სკოლა იყო, რომ საქართველოდან ყოველთვის უძლიერესი ფალავნები ჩამოდიოდნენ. ვიცოდით და მერე რა? ის, რომ თუ გამარჯვება გინდა, მეტი ივარჯიშე! ასე რომ, ეს სტატისტიკა სტიმული უნდა იყოს ჩვენი მორაგბეებისთვის - მეგობრებო, მეტი ივარჯიშეთ და უკეთ მოემზადეთ, რათა ტოლ-სწორად ეთამაშოთ არა საქართველოს, არამედ პლანეტის უძლიერეს გუნდებს, ხოლო საქართველო მოიგებს თუ რუსეთი, ამას თამაში გამოაჩენს.

- ალბათ, იცით, რომ გორში ძიუდოს ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება.

- სად დაიკარგებოდა? გორიდან ყოველთვის უმაღლესი კლასის მოჭიდავეები იყვნენ, "გადავლება" კი მათი საფირმო ილეთი იყო. როგორც ვიცი, ეს ილეთი ქართული ჭიდაობიდან არის, თქვენებს სისხლში აქვთ და მას ვერაფერს მოუხერხებდი. რაგბიშიც იგივეა - წააგე? ე.ი. მეტი ვარჯიში გჭირდება.

- მაგრამ როცა ათწლეულების განმავლობაში აგებ, ეს მოტივაციას გმატებს თუ კომპლექსს?

- რთული სათქმელია... წარსულში რომ წარმატებული იყავი, არ არის გარანტია, რომ მომავალშიც სულ გაიმარჯვებ. იმ გზას, რაც საქართველომ გაიარა, ჩვენ ახლა გავდივართ. რუსეთში უკვე ბევრი უცხოელი მწვრთნელი მუშაობს კლუბებშიც და ნაკრებშიც. იცვლება რაგბის მიმართ მიდგომაც. პლანეტის სამხრეთ ნაწილში რაგბი ყოველთვის პირველ პლანზე იყო, ჩრდილოეთში - სპორტის სხვა სახეობები. მაგრამ მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა, რუსეთში ამ სახეობითაც ძალიან დაინტერესდნენ. აი, თქვენ კი ჩვენზე გაცილებით ადრე გააცნობიერეთ, რომ რაგბიში ყველას დიდი პერსპექტივა გვაქვს.

სხვათა შორის, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ეს მშვენიერი ქვეყანა ძალიან მიყვარს. როგორც ვიცი, თქვენთან ფეხბურთს შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რაგბიზე უფრო არიან კონცენტრირებული.

- რას ელით საქართველოსთან მატჩისგან და ვინ არის რუსეთის მთავარი კონკურენტი "რაგბი ევროპის" ჩემპიონატში? - ველი, რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან. რაც შეეხება კონკურენციას, მიმაჩნია, რომ რაგბიში არ არსებობენ კონკურენტები, არიან მეგობრები. მოგება-წაგება კი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ არის მზად კონკრეტული მატჩისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია საკლუბო სპორტის განვითარებაც, სწორედ ის იძლევა კადრებს ნაკრები გუნდებისთვის, თანაც შეგვიძლია ვითამაშოთ არაერთ ძლიერ საკლუბო ტურნირში, ამიტომ სანაკრებოსგან განსხვავებით, საკლუბო სპორტის "ჩაკეტვა" შეუძლებელია...

სანამ რუსეთი ზელანდიასთან გატოლებაზე ფიქრობს, ქართული და მსოფლიო რაგბი გაცილებით მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. გასულ კვირას ჯერ "ბობოლებისთვის" ცალკე ტურნირის შექმნა და საქართველოს დონის ქვეყნების უპერსპექტივოდ დატოვება დაანონსდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ახალი ფორმატის დანერგვა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც მოგვცემს შანსს, "ექვსი ერის" ქვეყნებთან ერთად ვითამაშოთ. პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგის" ევროპული კონფერენცია ორ დივიზიონად დაიყოფა: პირველში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან. თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. რაც მთავარია, ეს ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს! საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე იმედოვნებს, რომ ახალი ფორმატის საბოლოო დეტალები დროულად გახდება ცნობილი.

- ახალი სისტემის დეტალები ჯერ დასაზუსტებელია. თუმცა ამ ეტაპზე აღზევება-დაქვეითება ერთი თამაშის მოგებით წყდება, რაც არასამართლიანად მიმაჩნია. როცა გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში უძლიერეს მეტოქეებთან თამაშობს, ცხადია, დივიზიონიდან გავარდნის შიშით იმ ერთი, გადამწყვეტი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, უფრო სამართლიანი იქნება, თუ გუნდების დაქვეითება/დაწინაურება მთელი სეზონის შედეგების მიხედვით მოხდება. მოკლედ, დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გადამწყვეტ ფაზაშია, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის დასრულდება.

- როგორი შეიძლება იყოს ჩვენთვის ყველაზე მისაღები ფორმატი?

- კარგი იქნება, თუ დივიზიონიდან ორი მაჩანჩალა გუნდი დაქვეითდება, ორი გამარჯვებული კი დაწინაურდება. ასე დინამიკაც მეტი იქნება და მოტივაციაც. დივიზიონიდან გავარდნა ტრაგედია არ უნდა იყოს, ისევე როგორც აღზევება არ იქნება გარანტია, რომ აუცილებლად ელიტაში დარჩები. იმედია, ცვლილების საკითხი დროულად, მსოფლიო თასის დაწყებამდე გადაწყდება, რათა ახალი ტურნირისთვის მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც საფუძვლიანად მოვემზადოთ.

- მსოფლიო თასი ახსენეთ: რას ელით იაპონიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისგან?

- ბორჯღალოსნები ყველა მატჩში დიდი მოტივაციით იბრძოლებენ. თამაშის ხარისხი ამაღლებულია და ტურნირის დაწყებამდე უფრო გაუმჯობესდება. ახალგაზრდა მოთამაშეებმა ახალი სისხლიც შემატეს ნაკრებს და რაც მთავარია, ისე სწრაფად და ორგანულად შეეწყვნენ გუნდს, ლამის ლიდერებადაც იქცნენ! ეს ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასის შემდგომ კიდევ ვნახავთ ნიჭიერი მოთამაშეების დიდ ტალღას. მთავარია, განვითარება სწორად, კარგი ტემპით მიდის, ამიტომაც მომავლის არ გვეშინია! ცოტა იღბალიც თუ დაგვეხმარება და სათამაშოდ სათანადო ფსიქოლოგიური განწყობითაც გავალთ, ყველაფერი კარგად იქნება!

- 17 მარტს რუსეთთან მატჩია... - რუსებთან მატჩი ჩვენთვის სულ პრინციპულია, თუმცა ახლა ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან, ფაქტობრივად, წლევანდელი ტურნირის ფინალია. კარგია, რომ რუსეთის ნაკრები გაძლიერდა, მაგრამ ცხადია, ამჯერადაც მოსაგებად გავალთ მოედანზე და მასპინძლები ისევ უნდა დავამარცხოთ. კლასით ჯერ კიდევ მათზე წინ ვართ და იმედია, ეს ტრადიცია არც შეიცვლება.

- რუსეთის რაგბის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინტერვიუს შემდეგ ჩვენს მორაგბეებს მოტივაცია არ მოემატათ? დიმიტრი მოროზოვმა მითხრა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ რუსებს მაინც უნდა დავუმტკიცოთ, რომ არათუ ზელანდიამდე, ჯერ ჩვენამდეც ბევრი უკლიათ... - მოროზოვის სიტყვებში გასაკვირი არაფერია: რატომ უნდა გქონდეს სწორება თუნდაც შენზე ერთი თავით მაღლა მყოფ გუნდზე, როცა შეიძლება უფრო დიდი მიზნისკენ ისწრაფოდე? თუმცა როგორც უნდა განვითარდნენ, ჩვენ მაინც ერთი საფეხურით წინ უნდა ვიყოთ, ჩამორჩენის უფლება არა გვაქვს! დიმიტრი მოროზოვის ნათქვამი ჩვენთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, რუსეთის რაგბის ფედერაციის დირექტორმაც დამირეკა ბოდიშის მოსახდელად. ვუთხარი, რომ ჩვენი ღირსება არ შელახულა, კონკურენცია კარგია და რაც მეტი ძლიერი მეზობელი გყავს, კონკურენციისთვის უკეთესია, მივესალმები განვითარებისკენ თქვენს სწრაფვას და ამაში კიდეც დაგეხმარებით-მეთქი! კონკურენცია მართლაც აუცილებელია, რადგან თუ რუსეთი წამოგვეწია, ე.ი. ჩვენ დავაკელით რაღაც.

- ისიც ცნობილია, რომ რუს და ქართველ მორაგბეებს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. - 2008 წლის აგვისტოს მძიმე წუთებში პირველად სწორედ მორაგბეები გამოეხმაურნენ იმ საშინელებას. მათ არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ, მაგრამ მორალური მხარდაჭერა გამოხატეს და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება. რუს მორაგბეებთან ყოველთვის შევინარჩუნებთ მეგობრობას, მაგრამ მათი ქვეყანა ოკუპანტია და სანამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩიხში იქნება, რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას რიგითი არასდროს ერქმევა. ჩვენთვის ეს ბრძოლის ველია და მას არ დავთმობთ!

(სპეციალურად საიტისთვის)