ჟენევაში ელექტრონი მოვიდა
ჟენევაში ელექტრონი მოვიდა
ელექტრომობილები თანამედროვე ავტოწარმოების მთავარი ტენდენციაა და, ბუნებრივია, ელექტროძრავიანი ავტომანქანები 2019 წლის ჟენევის საერთაშორისო მოტორშოუზეც (7-17 მარტი) მთავარ როლში არიან. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში უკვე წარადგინეს თხუთმეტამდე სერიული და კონცეპტუალური ელექტრომანქანა. გაგაცნობთ ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ მოდელებს:

1. Hispano Suiza Carmen. სრულად ელექტრულ ჰიპერკარს 100 კმ/სთ-ს "ასაკრეფად" სამ წამზე ნაკლები ჰყოფნის (მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ია), ასეთ საოცარ სიმძლავრეს კი უზრუნველყოფს ორი ელექტროძრავა, რომელთა ჯამური გაწევა 1019 ცხ. ძალის ეკვივალენტია, სრულად დამუხტვის
შემთხვევაში კი დაახლოებით 400 კილომეტრის გავლა შეუძლია. ესპანური მწარმოებლების განცხადებით, ააწყობენ მხოლოდ 19 ასეთ სუპერკარს და თითოეულის ფასი 1,8 მილიონი ევრო იქნება.

2. Nissan IMQ. კომპანია "ნისანმა" ჟენევაში მთლი­ანად ელექტროძრავაზე დამოკიდებული კროსოვერი წარადგინა. ახალი მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, იმის გარდა, რომ ჯამში
483 ცხ.ძალის მქონე ორ ელექტროძრავას ერთი დამუხტვით დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.


3. Smart Forease +. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ელექტრული გახდება Smart-ის ორივე მოდელი - Fortwo da Forfour. ასე რომ, ჟენევისთვის მომზადებული კონცეპტი Forease + ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, როგორი იქნება გერმანული კომპანიის ახალი მოდელი რესტაილინგის შემდეგ. ახალი მოდელი შარშან პარიზში წარდგენილი Smart Forease-ის (პლუსის გარეშე) სახეცვლილებაა და წინამორბედისგან დასაკეცი სახურავით განსხვავდება.


4. Lagonda All-Terrain Concept. კომპანია Aston Martin-ის ახალმა ელექტრონულმა ბრენდმა Lagonda-მ შვეიცარიაში კონცეპტუალური კროსოვერი ჩაიტანა, რომელიც შარშან ამავე ავტოშოუზე ნაჩვენებ კუპეს (Lagonda Vision Concept) "მოტივებზეა"აწყობილი, ტექნიკურ მახასიათებლებზე კი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ Lagonda 100%-ით ელექტრომობილია.


5. Citroën Ami One Concept. ფრანგებმა გადაწყვიტეს, ჟენევის ავტოსალონის სტუმრები საკუთარ სტენდთან ელექტრონული მიკროავტომანქანა­ Citroën Ami One Concept-ით მიიზიდონ. ვიზუალური ეფექტი და ეკონომიურობა - ახალი "სიტროენი" ამ მაჩვენებლებით თუ მოგხიბლავთ, თორემ ელექტროძრავის დახმარებით Ami One-ს მხოლოდ 100 კილომეტრის გავლა და მაქსიმუმ 45 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

6. Honda e Prototype. ჟენევაში იაპონელების წარმოდგენილი ელექტრონული ჰეჩბეკი Urban EV, უფრო სწორად, მისი წინასასერიო ვარიანტი, e Prototype ვნახეთ. ჰეჩბეკის საბოლოო ვარიანტი მომავალი წლიდან გაიყიდება, მანამდე კი ფინალურ ვერსიას მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართ ფრანკფურტის ავტოსალონზე წარადგენენ. ცნობილია ისიც, რომ სერიულ მოდელს ერთი დამუხტვით ამჟამინდელ რესურსზე (200 კმ) გაცილებით მეტი მანძილის დაფარვა შეეძლება.

7. Peugeot e-208. პოპულარული ფრანგული მცირელიტრაჟიანი მოდელის განახლებული ვარიანტი "დახლებზე" მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება როგორც ბენზინისა და დიზელის, ასევე სრულად ელექტროძრავიანი ვერსიითაც (e-208). 136-ცხ.ძალიანი ელექტროძრავის მეშვეობით e-208-ს საკმაოდ ბევრი - 340 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც 40 კილომეტრით მეტია კონკურენტ Renault Zoe-სთან შედარებით.

8. SEAT Minimó. ახალი, პატარა და მოკრძალებული (მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ, რესურსი ერთი დამუხტვით 100 კმ) Minimó ქალაქისთვის ზედგამოჭრილი მოდელია. ის იმდენად წააგავს Renault Twizy-ს, რომ ჩნდება ეჭვი - Minimó ფრანგი და გერმანელი დიზაინერების ერთობლივი ნამუშევარია.

9. VW Dune Buggy. სრულად ელექტრონული კონცეპტის მთავარი ამოცანაა, აჩვენოს, რამდენად მოქნილია ახალი პლატფორმა, რომელზეც ვოლფსბურგული კომპანია დიდ იმედს ამყარებს. სხვა დეტალები არც არის ცნობილი და არც დაგჭირდებათ, რადგან, დიდი ალბათობით, Dune Buggy პროტოტიპადვე დარჩება.


10. Polestar 2. kompania Volvo-ს წელს ჟენევაში ახალი მოდელი არ უჩვენებია, თუმცა წარადგინა თავისი"შვილობილი ელექტრონული Polestar 2. ლაპარაკია 408-ცხ.ძალიან სრულად ელექტრონულ მოდელზე, რომელსაც ოთხივე წამყვანი თვალი აქვს და ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. ახალი "ვარსკვლავის" ფასი 39.900 ევროდან იწყება, სერიულ წარმოებაში 2020 წლიდან ჩაუშვებენ და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ამერიკულ Tesla Model 3-ს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები