დიდი(ს) დაბრუნება - კვირის პალიტრა

დიდი(ს) დაბრუნება

სამი პირობით: სუპერტრანსფერები, სრული თავისუფლება და მაღალი ანაზღაურება

სანამ ჩვენთან სამეფო წარმომავლობას ამტკიცებენ, მადრიდში მეფე დაბრუნდა: მადრიდის, ესპანეთ-საფრანგეთისა და... დრო იყო, მთელი მსოფლიოსიც!

მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანი დაბრუნდა; დაბრუნდა კლუბის და მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, რომელმაც სამ წელიწადში ზედიზედ სამჯერ(!) მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 2018 წლის მაისში"სამეფო კლუბი ყველასთვის მოულოდნელად დატოვა.

როგორც ჩანს, 9-თვიანი შვებულება" და ახალი პირობები (სუპერტრანსფერები, სრული თავისუფლება და მაღალი ანაზღაურება)"ზიზუსთვის საკმარისია, რათა ერთ მდინარეში მეორედ შევიდეს, მდინარეში, რომელსაც მასზე გაცილებით გამოცდილი მწვრთნელები "ჩაუხრჩვია"...

მწვრთნელი ზიდანის კოზირი გამოცდილება არც არასდროს ყოფილა. მეტიც, ამ საქმის ანაბანა პირდაპირ "რეალში" ისწავლა, მაგრამ საოცარი ქარიზმისა და ინტელექტის წყალობით ის შეძლო, რაც ვერც ერთმა სხვა მწვრთნელმა ვერ მოახერხა - ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა! და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ რონალდუს ფენომენსა თუ "სამეფო კლუბისთვის მსაჯების დახმარებაზე, ცხადია, დიდი მწვრთნელის გარეშე ასეთი წარმატება წარმოუდგენელია.

კრიზისში მყოფ "რეალს" (მადრიდულმა კლუბმა უკვე დაკარგა მიმდინარე სეზონში რომელიმე ტიტულის მოგების შანსი) სწორედ ასეთი ქარიზმატული მწვრთნელი თუ მოაბრუნებს"სააქაოს და ყველაზე კარგად ეს ფლორენტინო პერესმა იცის. "რეალის" პრეზიდენტმა ამიტომაც უხმო საშველად მადრიდის ყოფილ "მეფეს", "=აიაქსთან" დამარცხებისთანავე დაუძახა. ზიზუმაც"აღიარა, რომ სხვა გუნდებზე არც უფიქრია, რამდენიმე შემოთავაზება კი მქონდა, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობა არ მინდოდაო. ესპანური პრესის ინფორმაციით, მშობლიურ კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ლეგენდარულმა ფრანგმა სამი მოთხოვნა წამოაყენა.

პერესს არ უკამათია.

მოთხოვნები კი ასეთია: უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად ახალი ვარსკვლავების შეძენა. ლაპარაკია სამ სუპერტრანსფერზე და დამატებით, საშუალო დონის რამდენიმე მოთამაშეზე. ზიდანის პრიორიტეტებს შორის არიან მბაპე (თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ პსჟ-ში რჩება), აზარი, მანე და პოგბა."ზიზუმ არც "პორტუდან" ედერ მილიტაოს ტრანსფერს შეუშალა ხელი. ასე რომ, 21 წლის ბრაზილიელი მცველი ზაფხულიდან მადრიდში გადაბარგდება, პორტუგალიური კლუბი კი 50 მილიონ ევროს მიიღებს. ზიდანის სიაში არ არიან კეინი და ნეიმარი. ფრანგი მწვრთნელის აზრით, იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც ამ მოთამაშეებში ითხოვენ, გაცილებით სასარგებლო ფეხბურთელების შეძენა შეიძლება. ზიდანის კიდევ ერთი მოთხოვნა მარსელოს დატოვებაა (ბრაზილიელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება), რომლის "იუვენტუსში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

გარდა ამისა, ზიდანი მოითხოვს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩაერიოს მის გადაწყვეტილებებში. ძველი ისტორიები არ უნდა განმეორდეს: მაგალითად, უარი ბეილის გაყიდვაზე (უელსელის გასხვისებაზე მიღებული უარი ზიდანის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ), ასევე მოლაპარაკებები "ატლეტიკოს" მეკარე კეპას გადმოსაბირებლად, რომლის შესახებაც მწვრთნელმა ყველაზე ბოლოს შეიტყო და ა.შ.

უაღრესად მნიშვნელოვანია ანაზღაურებაც. ზიდანმა პირდაპირ უთხრა პერესს, რომ მისთვის ხელფასი იმაში დასარწმუნებელი საშუალებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ფრანგს სურს, წლიურად, სულ ცოტა, გვარდიოლას ან სიმეონეს მსგავსი ანაზღაურება - 20 მილიონზე მეტი. რადგან წინა კონტრაქტით, რომლის თანახმადაც წელიწადში"მხოლოდ" 8,5 მილიონს იღებდა, ზიდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეულშიც ვერ მოხვდა!

შარშანდელი გაზაფხულის ბოლო დღეს, როცა "რეალიდან" მიდიოდა, ზიდანი დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა. რა ხდებოდა "რეალიდან" წასვლასა და "მეორედ მოსვლას"შორის 9-თვიან პერიოდში? ფრანგმა დიდებულად დაისვენა: მოგზაურობდა, მონაწილეობდა საქველმოქმედო მატჩებში, დაჯილდოების ცერემონიალებში, სარეკლამო რგოლებში, ესწრებოდა საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებს, დიდ დროს ატარებდა მეუღლესა და ვაჟიშვილებთან.

"ზიზუს კარგად ახსოვს ის დღე, როცა პირველად უხსენეს სამეფო კლუბი: 2000 წელს მონაკოში გამართული გალა-დაჯილდოების (ზიდანს იქ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს) შემდეგ გამართულ საზეიმო ვახშამზე მიმტანმა ფრანგ ფეხბურთელს ხელსახოცი მიუტანა. ფრანგმა ნახევარმცველმა იფიქრა, რომ მორცხვი მიმტანი ამ გზით ავტოგრაფის მიღებას ცდილობდა, თუმცა, როცა ხელსახოცს დახედა, დამტვრეული ფრანგულით დაწერილი წარწერა შენიშნა: "გინდა მადრიდის "რეალში" თამაში?". "იუვენტუსის" ნახევარმცველმა თავი ასწია და მეზობელ მაგიდასთან ფლორენტინო პერესის მზერას წააწყდა. არადა, სულ ცოტა ხნით ადრე ფეხბურთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის კოლექციას ჩემპიონთა ლიგის თასი აკლდა. თასი, რომელიც "რეალმა" ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო. ასე რომ...

ზინედინმა მცირე პაუზა გააკეთა და რამდენიმე წამის შემდეგ ხელსახოცზე საპასუხო წარწერა გააკეთა: "YES"... პერესმა სწრაფად დახედა დაბრუნებულ ხელსახოცს, მომავალ პარტნიორს ღიმილით დაუქნია თავი და ძვირფასი ხელსახოცი ჯიბეში შეინახა. მოგვიანებით ზიდანი ამ დღეს ყველაზე ბედნიერს უწოდებს.

ერთი წლის შემდეგ ფლორენტინომ ზიდანში 75 მილიონი ევრო გადაიხადა და არც უნანია:"არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც "რეალში" სათამაშოდ არიან დაბადებული. ზიდანი ერთ-ერთი მათგანია! "მსოფლიოში საუკეთესო კლუბს საუკეთესო ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს", - თქვა პერესმა ფრანგი ახალწვეულის წარდგენისას.

ჩემპიონთა ლიგა ზიზუმ უკვე მომდევნო სეზონში მოიგო: ფინალში "ლევერკუზენთან" გამარჯვების მომტანი საოცარი დარტყმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად დარჩება...

ფლორენტინო პერესის თხოვნას ზიდანი კიდევ ორჯერ დათანხმდა: 2016 და 2019 წლებში. ერთ მდინარეში ორჯერ იშვიათად შედიან. მით უმეტეს, ისეთ ბობოქარ და ამბიციურ "მდინარეში, როგორიც მადრიდის "რეალია" და მით უმეტეს, იმავე პრეზიდენტთან და წასვლიდან ასე მალე...

თუმცა თავისი საქმისა ზიდანმა უკეთ იცის. იმას კი, გაამართლებს თუ არა დიდი(ს) დაბრუნება, დრო გვიჩვენებს. "ელემენტები გადავტვირთე და ახლა უკვე მზად ვარ "რეალის" მწვრთნელად დასაბრუნებლად", - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა. მან და პერესმა ერთმანეთს წლების წინ გაუგეს, რადგან ერთი და იგივე მისწრაფებები აქვთ, ერთ ენაზე ლაპარაკობენ.

P.S. "ბარსელონის" მუზეუმში დღემდე ინახება ხელსახოცი, რომელზეც მესიმ კლუბთან პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუ ფლორენტინო პერესს დღემდე აქვს შენახული ხელსახოცზე მიჯღაბნილი ფრაზა: "Voulez vous jouer avec Le Réal Madrid?", მას სასწრაფოდ უნდა მიუჩინონ ადგილი "ბლანკოსის" მუზეუმში, რადგან ზიდანმა "რეალისთვის" არანაკლები გააკეთა, ვიდრე მესიმ "ბარსასთვის".