"აიაქსისგან" ამას არ ვიმსახურებდი" - კვირის პალიტრა

"აიაქსისგან" ამას არ ვიმსახურებდი"

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უკვე შვიდი ტური მიილია, შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქაისერისპორი" კი კვლავაც ლიდერთა შორის არის. ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გუნდში მაღალი დონის ოსტატების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ თურქული ფეხბურთის გრანდი "ფენერბაჰჩე" მაინც "მოინელა" - 2:0, ბოლოსწინა ტურში კი შინ კიდევ ერთ ძლიერ კლუბს - "ტრაბზონსპორს" დაუზავდა - 0:0.

არველაძისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული გახლდათ, მისი პირველი უცხოური კლუბი ხომ სწორედ "ტრაბზონსპორი" იყო. თურქ ქომაგს ტყუპი არველაძეები ძველებურად რომ უყვარს, ამ შეხვედრამაც დაადასტურა - ტრაპიზონელმა ფანებმა შოთა არველაძის პატივსაცემად პლაკატები გამოფინეს და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი იყო, მის სახელს მთელი მატჩის განმავლობაში გაჰყვიროდნენ.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს ამ მატჩზეც ვკითხეთ და ამსტერდამის "აიაქსთან" დაკავშირებულ სკანდალზეც. შეგახსენებთ, სახელმწიფო ჰოლანდიურ კლუბს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, "აიაქსი" კი ფულის "ამოღებას" არველაძისგან ცდილობს.

- შოთა, "ტრაბზონსპორთან" მატჩის გახსენებით დავიწყოთ. როგორც ვიცი, ტრაპიზონელი ფანები მთელი მატჩის განმავლობაში თქვენს სახელს სკანდირებდნენ და პლაკატებიც გამოფინეს თქვენს პატივსაცემად.

- ძალიან თბილად შემხვდნენ და პლაკატებიც გამოფინეს წარწერებით "შოთა, გვიყვარხარ!" მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, თურქებს დღემდე ვახსოვართ მე და აჩი, "ტრაბზონის" ფანების ასეთმა დახვედრამ მაინც სასიამოვნოდ გამაოცა. რაც უნდა იყოს, ამ ქვეყანაში 15 წლის წინ ვთამაშობდი. ეს კი ცოტა ნამდვილად არ არის.

- მატჩზე რას იტყვით? შეხვედრის მეორე ნახევარში გოლიც გაიტანეთ წესების სრული დაცვით, მაგრამ არბიტრმა რატომღაც არ ჩათვალა.

- მთავარმა არბიტრმა ჩათვალა კიდეც გოლი, მაგრამ მოულოდნელად საქმეში გვერდითი მსაჯი ჩაერია და თამაშგარეს მომიზეზებით გოლი გააუქმებინა. არადა, ვიდეოკადრში კარგად ჩანს, რომ ბურთი წესების დაცვით გავიტანეთ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ტრაპიზონელებმა გვაჯობეს, მაგრამ გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს.

- თურქულ პრესაში დაიწერა, ჩაუთვლელი გოლის გამო შოთას პროტესტიც კი არ გამოუხატავს, ყოფილ კლუბს სცა პატივიო.

- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და გარდა ამისა, გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა?

- მთავარი, რაც თურქეთის ამჟამინდელ და 15 წლის წინანდელ ჩემპიონატებს განასხვავებს...

- გუნდების ფინანსური მდგომარეობა, მოედნები, მწვრთნელები... არც ამდენი ლეგიონერი იყო მაშინ. კი, შიგადაშიგ თურქეთში ვარსკვლავებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, თუნდაც გეორგე ჰაჯი, მაგრამ ახლა გუტისა და კვარეშმას დონის ფეხბურთელებს ყიდულობენ, რაც საერთო დონეზეც აისახება.

- წინათ თურქეთის ჩემპიონატს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა: "გალათასარაი", "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში". ბოლო წლებში კი გუნდების დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრდა...

- შარშანდელ ჩემპიონატზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თურქული კლუბები მართლაც გაძლიერდნენ. ჩამოთვლილი გუნდების გარდა, კარგი შემადგენლობა ჰყავს "ტრაბზონსპორს", "ბეშიქთაშსა" და სხვებსაც, რადგან ლეგიონერების გარდა, აქაური კლუბები ძლიერ ადგილობრივ მოთამაშეებსაც უყრიან თავს, ბრაზილიელ ფეხბურთელებს "ათურქებენ" და ა.შ.

- "ქაისერისპორი" ძლიერი მოთამაშეების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ლიდერთა შორის ყოფნას მაინც ახერხებს.

- სამწუხაროდ, ისეთი შემადგენლობა ნამდვილად არა მყავს, როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებთ კოლექტიური თამაშის ჩვენებას და იმედია, ასე გავაგრძელებთ.

- "აიაქსთან" დაკავშირებულ საქმეში ახალი ხომ არაფერია? ჰოლანდიური კლუბი ისევ გედავებათ 300 ათას ევროს?

- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ასეთ უნამუსობას ნამდვილად არ ვიმსახურებდი. "აიაქსის" მაისურით 50-ზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ბოლოს და ბოლოს 10 მილიონ ევროდ გამყიდეს და აქეთ მედავებიან. მალე ყველა დარწმუნდება, რომ ჰოლანდიური კლუბისა არაფერი მმართებს.

- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები თუ ნახეთ?

- ვნახე და ქეცბაიათიც კმაყოფილი ვარ. თემურმა კარგად იცის, რას და ვისგან ითხოვს, რა შეუძლიათ მის ფეხბურთელებს. მთავარია, სწორად უდგება საქმეს, თორემ თამადა ხომ არ არის, მომენტალურად მოაწესრიგოს "სუფრასთან" ყველაფერი? საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი.

- თავის დროზე თქვენც ხომ შემოგთავაზეს საქართველოს ნაკრებში მუშაობა?

- ეს ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობისას იყო, "ლევანტედან" რომ წამოვედი, მაშინ. სურვილი კი მქონდა, მაგრამ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ გამაჩნდა და უარი ვთქვი.