ოცნების კარში გაუტანელი გოლი - კვირის პალიტრა

ოცნების კარში გაუტანელი გოლი

ლაშა დვალიშვილი ყოველ პარასკევს სტუმრებთან ერთად სპორტის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს განიხილავს საავტორო გადაცემაში "საუბრები სპორტზე"

ხშირად აქვს შეგრძნება, რომ გაუმართლა - საუკეთესო თაობის, სკოლისა და კლასის წარმომადგენელია. ნამდვილად გაუმართლა და არა მხოლოდ ამიტომ...

ყველა თუ არა, ბევრი ბიჭის მსგავსად ლაშა დვალიშვილიც ოცნებობდა კარგ ფეხბურთელობაზე. პირველივე კლასიდან შევიდა ფეხბურთზე. კარგად თამაშობდა, მაგრამ ოცნების კარში გოლი ვერასდროს გაიტანა. ამ შემთხვევაში ნაკლებად გაუმართლა.

იმ დრომ ბევრი პრობლემა მოიტანა, ყველაზე მთავარი - ფინანსური. კუპონების სახით მიღებული სპორტსმენის ხელფასიც მინიმალური იყო. ამიტომ 17 წლის ლაშა იძულებული გახდა, არჩევანი გაეკეთებინა სამსახურსა და ფეხბურთს შორის. ასე რომ, ფეხბურთელის კარიერაზე უარი თქვა და სტარტი თავიდან აიღო - სპორტული ჟურნალისტიკა აირჩია.

ტელევიზიაში მისვლაში წვლილი ბებიას მიუძღვის. მან მოისმინა, რომ კონკურსი ცხადდებოდა და ლაშას ურჩია, ბედი ეცადა. დღემდე მადლობელია ბებიის, მისი რჩევის დამსახურებაა, რომ ახლა განვლილი სპორტულ-ჟურნალისტური გზით კმაყოფილია - ცხოვრების ნახევარზე ოდნავ მეტი, მთელი 18 წელი შეალია ამ სფეროს.

საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე დიქტორების კონკურსზე გამოცხადებულმა 17 წლის ლაშამ შესარჩევი "მეოთხედფინალი" და "ნახევარფინალი" სპორტსმენის ჟინით გადალახა. ის იყო, "ფინალში" გავიდა, რომ დიმა ობოლაძე შეხვდა და შესთავაზა, დიქტორობას სპორტული ჟურნალისტიკა სჯობს, იქნებ... უარი არ უთქვამს, ფინიშამდე მისულმა ლაშამ მიღწეული წარმატება მიატოვა და ობოლაძესთან წავიდა... დებიუტიც შედგა - კარგა ხანს იმუშავა ენთუზიაზმზე, თუმცა სპორტული შემართებითა და ოლიმპიური სიმშვიდით აკეთებდა საქმეს. ლაშა-დიმას სპორტულ-ჟურნალისტური ტანდემი "მეორე არხზე" იმით დასრულდა, რომ დღეს დიმა ლაშას შვილის ნათლიაა.

KvirisPalitra.Geმიუხედავად იმისა, რომ ლაშა დვალიშვილს ფინიში სწორედ ჟურნალისტიკაში ეგულებოდა, "საუნივერსიტეტო წვრთნები" სრულიად სხვაგან, იურიდიულ ფაკულტეტზე გაიარა. მედლის ნაცვლად დიპლომი მოიპოვა და მათ უძღვნა, ვისთვისაც ისწავლა - მშობლებს.

მერე იყო დავით ქლიბაძე და 19 წლის ლაშას გადაბარგება პირველ არხზე - კვლავ სპორტული პროგრამების განყოფილებაში, კვლავაც უშემოსავლო, მაგრამ უკვე გაცილებით პრესტიჟულ სამსახურში.

ჟურნალისტიკის აღმართმა ლაშა დვალიშვილი აღმავლობისკენ წაიყვანა. მალე "მოამბის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების სპორტული ბლოკის წამყვანი გახდა, პარალელურად კი საფეხბურთო გადაცემას უძღვებოდა.

მერე "მოამბემ" ფორმატი შეიცვალა, ლაშა კი ახალგამონათებულ ტელეკომპანია "მზეზე" გადავიდა. "მზიური" წლები მთელ ჟურნალისტურ საქმიანობაში საუკეთესოდ მიაჩნია. ეს იყო შეძლებული ტელევიზია, დაკომპლექტებული საუკეთესო, პროფესიონალი კადრებით. სწორედ "მზეზე" მზადდებოდა ლაშას საავტორო გადაცემა "ავტოგრაფი" - ცნობილი სპორტსმენების ცხოვრების გზა, ყველა სირთულითა და ბარიერით, აღმა-დაღმა სვლით.

იოლად არც ლაშას კარიერა წარმართულა. მიაჩნია, რომ სატელევიზიო სფერო ძალიან უმადური, ძნელად გასაგები და რთულია. შეიძლება მწვერვალს მიაღწიო და ერთ დღეს მოულოდნელად დაენარცხო მიწას. ახლახან სწორედ იგივე დაემართა. სცადა, გაეკეთებინა ქართულენოვანი სპორტული არხი, რომელმაც მაუწყებლობა "მზეზე" დაიწყო. იმდენად დიდი იყო სურვილი, გაეკეთებინათ კარგი არხი, მთელი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა.

არხი ქართული სპორტის ყველა სახეობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. რამდენიმე თვე იარსება და... სხვათა ინტერესის, მისი იდეის მითვისების მოსურნეთა წყალობით, ფინანსები შეეზღუდა. როგორ, რატომ არ მოდიოდა ფინანსები, რატომ არ დაუდგა გვერდით სახელმწიფო, ეს ნათლად ჩანს იმ სურათზე, რომელიც დღეს ამავე არხზე გვაქვს.

ამბობს, სახელმწიფოსა და სპორტის სხვადასხვა ფედერაციის ურთიერთობა მხოლოდ მხარდაჭერით უნდა შემოიფარგლებოდეს და არავითარ შემთხვევაში ჩარევითო. დღეს სახელმწიფო დაინტერესებულია და გვერდში უდგას სპორტის სხვადასხვა სახეობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა უკარნახოს, როგორი შემადგენლობით იქნება იგი წარმოდგენილი ან მის ნაცვლად მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ამჟამად ლაშა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ხელმძღვანელობს. თავისი ქვეყნის ნაკრებთან მუშაობს, მისი მეგობარი, თანაშემწე და გულშემატკივარია. საქართველოს ნაკრებს ამჟამად ახალი მწვრთნელი ჰყავს - თემურ ქეცბაია. ადამიანი სუფთა წარსულით, არაჩვეულებრივი კარიერითა და პროფესიონალიზმით.

მდგომარეობა ქართულ ფეხბურთში კი... არც მეტი, არც ნაკლები, უმჯობესდება! ლაშა დვალიშვილს ამაზე მისებური წარმოდგენა აქვს - მიდგომა შეიცვალა საქმისადმი.

ყველაფერი ხომ ერთმანეთთან ჯაჭვურ რეაქციაშია? მუხტი მოდის ფეხბურთის ფედერაციიდან, გადადის მწვრთნელზე, მწვრთნელიდან - ფეხბურთელზე, ფეხბურთელიდან კი გულშემატკივარზე. ყველაზე მთავარი, რაც ნაკრებში უნდა მომხდარიყო, მოხდა - ურთიერთობა და მუხტი ნაკრებსა და გულშემატკივარს შორის დღეს დადებითია. ეს კი თემურ ქეცბაიას მოსვლამ განაპირობა.

ეს იყო ყველაზე გამართლებული ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა გადაედგა ფეხბურთის ფედერაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მთელ სპორტულ სამყაროშია გათვითცნობიერებული, ფეხბურთი გამორჩეულად უყვარს. საფრანგეთის ნაკრებს კი ერთგულად გულშემატკივრობს. მისი თამაშის ხილვა ყველაზე დიდი სიამოვნებაა - ამის ბედნიერება ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატებს ესწრებოდა, აშუქებდა... ერთ-ერთი პირველი სწორედ ლაშა დვალიშვილი იყო, რომელიც არმაზ მეტრეველთან ერთად ჩემპიონატიდანვე აშუქებდა თამაშებს. დღეს მივლინება აღარც არის საჭირო, გაცილებით იაფად შეიძლება თამაშის შესყიდვა და ეთერში გაშვება. ასე რომ, იმ დროს ლაშას ნამდვილად გაუმართლა.

მიუხედავად იმისა, რომ "ტელეეპოქა" ლაშასთვის ხანგრძლივი და განსაკუთრებული იყო, ამჟამად შეელია. ახლა სხვა ეპოქა დაიწყო - ფეხბურთის ფედერაციის პარალელურად ლაშა დვალიშვილი რადიო "პალიტრაში" ქმნის სპორტულ ამინდს. ყოველ სამუშაო დღეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების სპორტულ ბლოკს სწორედ ლაშა უძღვება.

ყოველ პარასკევს კი მთელი საათის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად სპორტის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს განიხილავს საავტორო გადაცემაში "საუბრები სპორტზე".

მე და ლაშაც ვსაუბრობთ - ღია კაფეში, ფინჯანი ყავის თანხლებით. რატომღაც ჩვენი დიალოგიც უფრო მეტად "საუბრები სპორტზე" აღმოჩნდა, ვიდრე მის ცხოვრებაზე.

- და რომ არა გზიდან გადახვევა? - ვეკითხები მოულოდნელად.

- ალბათ, რიგითი ფეხბურთელი ვიქნებოდი... არავინ იცის. კიდევ კარგი, რომ მოხდა ის, რაც მოხდა, თორემ სწორედ ახლა, 35 წლისას მომიწევდა კარიერის დასრულება და სამსახურის ძებნა.

ლაშას ოჯახი ჰყავს. მეუღლე, თეონა ელიზბარაშვილი, ტანსაცმლის დიზაინერია. თეონა რომ გაიცნო, 17 წლის იყო. ეს სიონში მოხდა. იმდენად შეუყვარდათ ერთმანეთი და სიონიც, რომ დღემდე ყოველ წელს სწორედ იქ ისვენებენ. ორი შვილი ჰყავთ - ცამეტი წლის ზუკა და ხუთი წლის გიო.

უფროსი შვილი ფეხბურთს თამაშობს. გაიტანს თუ არა მამისგან განსხვავებით საოცნებო გოლს წარმატების კარში, ლაშამ ჯერ არ იცის... თუმცა, ისურვებს. ეს ოცნებად დარჩენილ სურვილს ნაწილობრივ მაინც აუხდენს.