გუნდურ ჩემპიონატზე დაგვიშვეს - კვირის პალიტრა

გუნდურ ჩემპიონატზე დაგვიშვეს

მართალია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ძიუდო გამარჯვებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე

დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება მაინც ძალიან გვეხამუშა. საქართველოს ნაკრები არ აღმოჩნდა იმ რვა გუნდს შორის, რომლებიც 30-31 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიიწვიეს.

როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციაში მხოლოდ ინდივიდუალური შედეგები გაითვალისწინეს და ტურნირს მიღმა იმიტომ გვტოვებდნენ. თუმცა, რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონები გავხდით გუნდურ ჩათვლაში და რაც მთავარია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებიც ვართ. საბედნიეროდ, სამართლიანობა აღდგა და ოქტომბრის მიწურულს თურქეთში ჩვენი ნაკრებიც იჭიდავებს.

მართალია, მხოლოდ სატელეფონო საუბრით, მაგრამ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა. მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრები რომელიმე ნაკრებს ჩაანაცვლებს თუ ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ. მთავარია, ქართულმა ძიუდომ ბოლო ხანს გვარიანად შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიიღო.