"იბერია" ელიტრაუნდშია - კვირის პალიტრა

"იბერია" ელიტრაუნდშია

ფუტზალში საქართველოს ჩემპიონი "იბერია სთარი" 12-20 ნოემბერს უეფას თასის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჩეხეთში ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველოს წარმომადგენელმა ორი მოგებითა და ერთი ფრით დაასრულა და ქვეჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

უკანასკნელ ტურში "იბერიამ" მასპინძელთა იმედი - ჩეხეთის "ერა-პარკი" ყველასთვის მოულოდნელად 5:0 გაანადგურა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ქართული კლუბის წარმატება, რა თქმა უნდა, გასახარია, მაგრამ საკითხავია, სახელის პირველი სიტყვის გარდა, აქვს კი რაიმე ქართული "იბერია სთარს"? პირადად მე ამ გუნდის ლოგოს დანახვისთანთავე "ვარდების რევოლუცია" მახსენდება (ლოგოზე წითელჯვრიანი დროშა და დაარსების წელი - 2003-ია აღნიშნული).

თუმცა, "იბერიას" უფრო "ბრაზილიური რევოლუცია" მოუხდებოდა ეპითეტად - კლუბში ხომ ექვსი ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობს და "ერა-პარკთან" მოგებული მატჩის დროსაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთაგან ხუთივე... ბრაზილიელი გახლდათ! კი ბატონო, "იბერიაში" ქართველი მოთამაშეებიც არიან, მაგრამ მათი ფუნქცია უმეტესად გადაღლილი ლეგიონერების შეცვლაა. თუმცა მთავარი ხომ შედეგია (მით უმეტეს - 2003 წლიდან) და ფეხბურთელების ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?